მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დაეხმარა/ეხმარება ფინანსურად ევროკავშირი საქართველოს? - ევროკომისიის მონაცემები

დროშა

საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოლოდინშია - გადაწყვეტილებას დეკემბრის შუა რიცხვებში მიიღებს ევროპული საბჭო, რომელშიც ევროკავშირის წევრი ქვეყნები შედიან ანუ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი EU-ს წევრმა 27-ვე ქვეყანამ უნდა დაუჭიროს. ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა იმ დათქმით, რომ ქვეყანა გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს.

ევროკომისიამ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელიც მოიცავს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის საკვანძო მოვლენებს 2014 წლიდან დღემდე და ასევე ინფორმაციას იმ ფინანსურ დახმარებებზე, რომელიც ქვეყანამ მიიღო და იღებს ევროკავშირისგან.

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის საკვანძო მოვლენები

2014 წლის ივნისი: ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ხელმოწერა;

2016 წლის ივლისი: ასოცირების შეთანხმების და DCFTA-ის ძალაში შესვლა;

2022 წლის მარტი: ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენა;

2022 წლის ივნისი: კომისიის მოსაზრებით კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციის გაცემა და შესასრულებელი 12 პრიორიტეტის განსაზღვრა;

2022 წლის ივნისი: ევროპული საბჭოს მიერ 12 პრიორიტეტის დამოწმება;

2023 წლის ივნისი: კომისიის მიერ საბჭოსთვის გაკეთებული ზეპირი მოხსენება 12 პრიორიტეტის შესრულების პროგრესზე;

2023 წლის ნოემბერი: კომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გაცემა, იმ დათქმით, რომ ქვეყანა გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს

ევროკავშირის დაფინანსება

ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი ფინანსური მხარდამჭერია. ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და რეფორმებს, რისთვისაც ქვეყანას ფინანსურად და ტექნიკურად სამეზობლოს, განვითარების და საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტრუმენტის (NDICI) მეშვეობით ეხმარება.

ევროკომისიის ცნობით, 2021-2024 წლებისთვის საქართველოსთვის გამოყოფილმა დაფინანსებამ 340 მილიონ ევროს უნდა მიაღწიოს. პრიორიტეტული სფეროებია ეკონომიკა, ინსტიტუტები, კანონმდებლობა, უსაფრთხოება, გარემოს დაცვა და კლიმატის მდგრადობა, ციფრული გარდაქმნა, გენდერული თანასწორობა და ინკლუზიური საზოგადოება.

ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა

ევროკომისიის მონაცემებითვე, აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის 2021 წელს შემუშავებული ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით 2027 წლამდე 17 მილიარდამდე ევროს მობილიზებას ისახავს მიზნად. უშუალოდ საქართველოსთვის შემუშავებული გეგმის ფარგლებში, ევროკავშირმა უკვე მოაგროვა 1.7 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციები, რომელთაგან 194 მილიონი ევრო გრანტების სახით გაიცა.

რაში იხარჯება ეს თანხა? - ევროკომისია როგორც წერს, ინვესტიციები ხმარდება:

საქართველოს 80,000 მცირე და საშუალო საწარმოს მხარდაჭერას;

შავ ზღვაში წყალქვეშა ოპტიკურბოჭკოვანი კაბელისა და ელექტროკაბელის განთავსებას;

ევროკავშირისა და საქართველოს დასაკავშირებლად შავ ზღვაზე რეგულარული საბორნე მიმოსვლის უზრუნველყოფას;

საჯარო და საცხოვრებელი შენობების ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესებას;

სოფლებში სწრაფი ფართოზოლიანი ინფრასტრუქტურის განვითარებას ევროკავშირის დახმარებით, ქართლში ფონდის, „მწვანე ზრდისთვის“, მეშვეობით აშენდა ქარის ელექტროსადგური, რომელიც პირველია კავკასიის რეგიონში და მიზნად კლიმატის ცვლილების შერბილებასა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის წახალისებას ისახავს.

ადამიანური კაპიტალი და ინოვაცია

ევროკომისიის მონაცემებით, 2015-2022 წლებში ევროკავშირმა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად 22.5 მილიონი ევრო გამოყო. 2014-2020 წლებში კი, ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაცვლით პროექტებში განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში, 11,000 მონაწილე იყო ჩართული როგორც სტუდენტები, ისე პროფესორ-მასწავლებლები.

უსაფრთხოება და მედეგობა

ევროკავშირი გვეხმარება უსაფრთხოების მიმართულებითაც - ისევ ევროკომისიის გვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებს მოვიშველიებ, 2021-2023 წლებში ევროპის სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში 63 მილიონ ევრომდე მოგროვდა საქართველოს თავდაცვის ძალების სამედიცინო, საინჟინრო და ლოგისტიკური ერთეულების გასაძლიერებლად. ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებშიც აგრძელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები