მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ (და)გვაზიანებს "რუსული კანონი" - გიორგი ბაქრაძის მოსაზრება

გიორგი ბაქრაძე

„პროკრედიტ ბანკის“ დირექტორთა საბჭოს დირექტორთა საბჭოს მრჩევლის გიორგი ბაქრაძის აზრით, „რუსული კანონის“ მიღება, რომლის ოფიციალური სახელია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპოექტი, უარყოფითად აისახება ქვეყანაში ინვესტიციების და დახმარებების შემოდინებაზე. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა. ეკონომისტის თქმითვე, „რუსული კანონი“ საქართველოს ევროპასთან აშორებს. ამასთან, გიორგი ბაქრაძემ ისაუბრა იმ სარგებელზე, რომელსაც საქართველო ევროკავშირთან მეტი დაახლოებით და საბოლოო, ჯამში, გაწევრიანების შედეგად მიიღებს.

- როგორ შეიძლება დააზარალოს „რუსულმა კანონმა“ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ეკონომიკა და თითოეული მოქალაქე?

- საქართველოსთვის და საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიციების შემოდინება და ასე იქნება მომავალშიც, რადგან მოთხოვნა ინვესტიციებზე აღემატება იმას, რასაც ჩვენ ვზოგავთ. ისიც უნდა უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან ბევრი პროექტი, და აქ არაა საუბარი მხოლოდ NGO-ებზე, რომელიც საქართველოში განხორციელდა, უცხოური გრანტებისა და დაფინანსების ხარჯზე გახდა შესაძლებელი. EBRD, ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი, USAID - უამრავი პროექტია, რომელიც ამ დონორების დახმარებით განხორციელდა. შესაბამისად, ამ ტიპის კანონის მიღება სულ მცირე ინვესტორების ინტერესს შეანელებს და ეს ძალიან ცუდი იქნება. მაგალითად, „პროკრედიტ ბანკის“ შემთხვევაშიც გვაქვს შესაბამისი მაგალითები - საერთაშორისო დონორებთან ერთად ვახორციელებთ პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას მწვანე ეკონომიკას, გენდერულ თანასწორობას... მინდა, ცალკე გავუსვა ხაზი იმას, რომ SME სექტორის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსნაირი ქვეყნისთვის, სწორედ ეს სექტორი ქმნის საშუალო კლასს და მათი განვითარება დიდწილად მიბმულია დონორებთან თანამშრომლობაზე. „პროკრედიტ ბანკი“ სწორედ ამ სექტორის მხარდაჭერითაა ცნობილი და ეს მხარდაჭერა, მათ შორის, იმიტომაცაა შესაძლებელი, რომ დონორებთან ერთად ხორციელდება, საუკეთესო ევროპული პრაქტიკების საფუძველზე. ამდენად, ნებისმიერი კანონი, რომელიც ამას შეაფერხებს, საქართველოს ეკონომიკისთვის არის ძალიან ცუდი. საბოლოოდ, ეს კანონი, გარდა იმისა, რომ ევროპას გვაშორებს, ეკონომიკისთვის არის დამაზიანებელი და მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას მოახდენს ინვესტიციების და დახმარებების შემოდინებაზე; საქართველოს არ აქვს ამის ფუფუნება.

- მოქალაქეებს ისიც ვუთხრათ, რატომ არ უნდა დავკარგოთ ეს შანსი და რა შესაძლებლობები გაეხსნება საქართველოს ეკონომიკას 2025 წლიდან თუ გაწევრებაზე მოლაპარაკებები დაიწყება და შემდეგ უკვე 2030 წლისთვის, რომელიც ევროკავშირის გაფართოების წელია...

- პირველ რიგში, ცოტა უკან წავიდეთ და გავიხსენოთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება - DCFTA-ს ფარგლებში, საქართველოს ევროკავშირის ეკონომიკასთან დაახლოების და მასში ინტეგრირების დაწყების საშუალება მიეცა. ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდება კანდიდატის სტატუსის მიღებისა და მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ. როგორც წესი, EU კანდიდატ ქვეყნებს უფრო მეტად ეხმარება და ხელს უწყობს განვითარებაში პოტენციურ კანდიდატებს, არა მხოლოდ ინსტიტუციურ, არამედ ინფრასტრუქტურულ განვითარებაშიც, იქნება ეს გზები, ელექტრიფიკაცია თუ გაზიფიკაცია.

- კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი გახდება ისეთი დაბალი, როგორც ევროპის ქვეყნებშია? - ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა...

- რა თქმა უნდა, ევროკავშირში გაწევრიანება გარკვეულწილად შეამცირებს საპროცენტო განაკვეთებს, რადგან განაკვეთების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია რისკის პრემია და სტაბილურობა და სტაბილური გაერთიანების წევრობა, ბუნებრივია, რისკიანობას შეამცირებს. ამდენად, მთლიანობაში ქვეყანას ბევრი სარგებლის მიღება შეუძლია, რასაც ადასტურებს სხვა ქვეყნების მაგალითები, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებით ამ გაერთიანების მონოლითური ეკონომიკის ნაწილი გახდა.

- ამიტომაც მოგვიწოდებენ საერთაშორისო პარტნიორები, არ მიიღოთ კანონი, რომელიც დაგაშორებთ ევროკავშირსო...

- ევროპასთან ინტეგრაცია საბანკო სექტორისთვისაც მნიშვნელოვანია. ის მისცემს შესაძლებლობას, გავიდეს უფრო ფართო ასპარეზზე, ჩაერთოს SEPA-ში, რაც გააიაფებს ევროპის ფინანსურ ბაზრებთან ურთიერთობას. მოგეხსენებათ, SEPA-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ შარშან დაიწყო. ამასთან, არაა გამორიცხული ევროპული ბანკების უფრო აქტიური დაინტერესება ქართული ბაზრით, რაც, ერთ მხრივ, გაზრდის კონკურენციას, მეორე მხრივ კი, მისცემს საქართველოს საბანკო სისტემას დამატებითი განვითარების სტიმულს. ყველა შემთხვევაში, ეს დადებით შედეგს მოუტანს მომხმარებელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები