გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრის, ეკონომიკის პროფესორ არჩილ იაკობაშვილის აზრით, საქართველოს პარლამენტმა „რუსულ კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო არ უნდა დაძლიოს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა და იქვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს განვითარებისთვის სწორედ „რუსული კანონის“ გაწვევა სჭირდება.
ეკონომიკის პროფესორმა ამ კანონთან მიმართებით თავისი კრიტიკული პოზიციის დაფიქსირებისას რუსეთში მოქმედ ანალოგიურ კანონთან გაავლო პარალელი, რომელიც 2012 წელს იქნა მიღებული და მას შემდეგ, ფართოვდებოდა იმ პირთა წრე, ვისზეც ის ვრცელდება.
„ვინ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ამ კანონში {რუსული კანონის} მსგავსი ცვლილებები არ შევა?!“, - კითხვას სვამს არჩილ იაკობაშვილი, რომელიც სხვადასხვა იურისტის თუ საგადასახადო კონსულტანტის მსგავსად ირწმუნება, რომ „რუსული კანონის“ ნამდვილი მიზანი არასამთავრობო სექტორის და მედიასაშუალებების გამჭვირვალობა რომ იყოს, ეს პრობლემა რამდენიმე კანონში ცვლილების შეტანით გადაწყდებოდა.
„რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, როდესაც ეროვნული ნორმატიული აქტის განმსაზღვრელად გამოიყენება სიტყვა „რუსული“, თან იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი მტრულ სახელმწიფოსთან ასოცირდება; თუმცა მინდა გითხრათ, რომ იმ გაგებით, რატომაც ეს {უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ} კანონი ასოცირდება რუსულთან, 2012 წელს არც რუსეთში იყო მაინც და მაინც „რუსული“.
ამ კანონის რუსულობაში ვგულისხმობ, პირველ რიგში, კანონის მიზნობრიობას, იმ ადრესატებს, ვისკენაც ის შეიძლება იყოს მიმართული, მაინც და მაინც 2024 წელს არა, მაგრამ ცოტა მოგვიანებით.
გავიხსენოთ ისტორია - რუსეთმა უცხოური გავლენის აგენტების კანონი 2012 წლის ივლისში მას შემდეგ მიიღო, რაც იმავე წლის ივნისში ოპოზიციამ არასამთავრობოების მხარდაჭერით მოაწყო მილიონიანი მარში, მაგრამ მოსკოვის ქუჩებში მხოლოდ 100 000 ადამიანის გამოყვანა შეძლო. რის წინააღმდეგ გამოვიდნენ ისინი? - ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში დაბრუნების წინააღმდეგ. მოგეხსენებათ, 2012 წლის აპრილში პუტინი 6 წლის ვადით, მესამედ დაბრუნდა მთავრობაში; სწორედ ეს ფაქტი გააპროტესტა ოპოზიციამ ივნისში; ივლისში კი, რუსეთის დუმამ უცხოური გავლენის აგენტების კანონის პირველადი ვერსია მიიღო.
თავდაპირველად, კანონი ეხებოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს; 2016 წელს მასში ცვლილებები შევიდა და კანონი გავრცელდა პოლიტიკურ პარტიებზე; 2018 წელს - ფიზიკურ პირებზე, 2020 წელს კი - მედიაზე. ამ კანონის გარეშე კრემლი უკრაინაში ომს ვერ დაიწყებდა, რადგან ვერ მოიპოვებდა საზოგადოებაში იმ დონის მხარდაჭერას, რომ ომი გაებედა.
ამდენად, ვინ გვაძლევს ჩვენ იმის გარანტიას, რომ {უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ} კანონში მსგავსი ცვლილებები არ განხორციელდება?! განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ხშირად გვესმის საუბარი NGO-ებზე, რომლებიც უცხოეთიდან უცხო ძალის მიერ ფინანსდება და ა.შ. დიახ, ეს არის აგენტების კანონი, რომლის მიზანი თითქოს გამჭვირვალობაა, მაგრამ გვახსოვს, შარშან ამ კანონს „აგენტების შესახებ“ კანონი ერქვა. სინამდვილეში, არასამთავრობოების დაფინანსების მიზნობრიობის მეტი გამჭვირვალობის მისაღწევად საკმარისია სამ მოქმედ კანონში ცვლილებების შეტანა და არა მაინცდამაინც ახალი კანონის მიღება.
ამ კანონის რუსულობა და ანტიდასავლურობა განსაკუთრებით მაშინ გამოჩნდა, როდესაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მას ვეტო დაადო შაბათ დღეს, როცა ევროპა ისვენებდა; შესაბამისად, ევროპიდან რეაქცია ორშაბათამდე არ ყოფილა, მაშინ როდესაც სულ რაღაც ნახევარ საათში {რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე} გრიგორი კარასინი გამოეხმაურა პრეზიდენტის ვეტოს. ამის შემდეგ კიდევ ისმის შეკითხვები, რატომ არის ეს კანონი რუსეთისთვის სასარგებლო და ანტიდასავლური?!“, - აცხადებს არჩილ იაკობაშვილი.
„რუსულ კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას საქართველოს პარლამენტი ხვალ გეგმავს.