მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დაკომპლექტდება სებ-ის საბჭო|"ოცნება" ეროვნული ბანკის კანონს დაჩქარებული წესით ცვლის

ეროვნული ბანკი ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა პარლამენტში დააინიცირეს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონსა და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.

განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებების მიზანია ეროვნული ბანკის მმართველობითი სტრუქტურის შემდგომი დახვეწა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების გათვალისწინება და მართვის სისტემის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოება.

კანონპროექტით ახლებურად განისაზღვრება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები. კერძოდ, საბჭოს წევრს მოეთხოვება შესაბამისი სპეციალობით (ეკონომიკა, ფინანსები, ინფორმაციული ტექნოლოგიები ან სხვა შესაბამისი დარგი) საქმიანობის არანაკლებ 10 წლის სამუშაო გამოცდილება.

ასევე საბჭოს „კოლექტიური კომპეტენციის“ უზრუნველსაყოფად, ეკონომიკურ ბირთვთან ერთად, საბჭოში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ექსპერტიზა ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებითაც. ამასთან, სხვა შესაბამისი დარგის პროფესიონალთა რაოდენობა (გარდა ეკონომიკისა და ფინანსებისა) საბჭოში ორს არ უნდა აღემატებოდეს.

საგამონაკლისო წესი: ცვლილებები არ გავრცელდება საბჭოს მოქმედ წევრებზე მათი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.

იცვლება პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის წესიც. კანონპროექტი აწესრიგებს მექანიზმს ხელმძღვანელობის „ვაკუუმის“ თავიდან ასაცილებლად. თუ პირველი ვიცე-პრეზიდენტი ვერ ასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას და საბჭო 1 თვის განმავლობაში ვერ დააკისრებს ამ მოვალეობას ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს, პრეზიდენტის მოვალეობას ავტომატურად შეასრულებს ის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც უფრო ადრე გახდა საბჭოს წევრი.

იზრდება კომიტეტის როლი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. გარდა ამისა, ეროვნული ბანკის საბჭოს ეძლევა უფლება, კომიტეტის წევრად მოიწვიოს დარგის ექსპერტი.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ვიზიტი საქართველოში 2026 წლის ნოემბერში იგეგმება. ინიციატორთა განმარტებით, კანონპროექტის მიღება ვიზიტამდე აუცილებელია, რათა განხორციელებული ცვლილებები ასახული იყოს ფონდის შეფასებაში.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან დეპუტატები: პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ხელაძე, ბეჟან წაქაძე, ლევან მაჭავარიანი, გიორგი ბარვენაშვილი, ზურაბ რურუა და ილია ინჯია. ინიციატორები საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვასა და მიღებას ითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი რეკომენდაცია ნამდვილად იყო სებ-ის საბჭოს არააღმასრულებელი წევრების რაოდენობის გაზრდა და პრეზიდენტის უფლებამონაცვლეობის საკითხის სათანადოდ განსაზღვრა.

ეროვნული ბანკის საბჭოში ამ მომენტისთვის 9 წევრია. აქედან 4 აღმასრულებელია. პრეზიდენტი და 3 ვიცე-პრეზიდენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები