საერთაშორისო მედია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება. სხვადასხვა გავლენიანი გამოცემა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე წერს და კენჭისყრის შედეგების შესახებ წინასწარ ინფორმაციასაც აქვეყნებს.
"საქართველოს პრო-EU ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები "მოპარულია" - ამ სათაურით აქვეყნებს BBC სტატიას, რომელშიც მმართველ პარტიას "ავტორიტარულს" უწოდებს და იმ დარღვევებზეც წერს, რომლებიც საქართველოში, სხვადასხვა უბნებზე გამოვლინდა.
"საქართველოს მზარდად ავტორიტარულმა მმართველმა პარტიამ გამარჯვება ჩაითვალა მას შემდეგ, რაც წინასწარმა შედეგებმა, ქვეყნის ევროპულ გზაზე გადამწყვეტ არჩევნებში, აშკარა უპირატესობა მიანიჭა.
წინასწარი შედეგები დრამატულად განსხვავდება ეგზიტპოლებისგან, რომლებიც დასავლურმა ორგანიზაციებმა ჩაატარეს. ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ არჩევნები ქართველ ხალხს მოჰპარეს.
ეგზიტპოლების მიხედვით, "ქართულმა ოცნებამ" და ოთხივე პროევროპულმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებიც მმართველი პარტიის 12-წლიანი მმართველობის დასრულებას ცდილობენ, გამარჯვება წინასწარ იზეიმეს. რუსეთის მომიჯნავე კავკასიურ ქვეყანაში ამომრჩეველთა დიდი მობილიზება შეინიშნებოდა, სადაც საარჩევნო უბნებთან ძალადობისა და კენჭისყრის დარღვევის არაერთი ოქმი შედგა", - წერს BBC.
BBC-ის სტატიაში საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობაზეცაა საუბარი. ავტორები აღნიშნავენ, რომ ოპოზიციისთვის არჩევნებზე ფსონი მაღალია, არჩევანი კი ევროპასა და რუსეთს შორის კეთდება: "ბევრისთვის ამ არჩევნებს ისეთივე კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც 1991 წელს, როდესაც საქართველომ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი".
კიდევ ერთი ბრიტანული მედია, რომელიც ცესკოს წინასწარ შედეგებს ეხმიანება, Reuters-ია.
"წინასწარი ოფიციალური შედეგების თანახმად, საქართველოს ყველაზე ძლევამოსილმა კაცმა საპარლამენტო არჩევნები მოიგო. ეს არის გამარჯვება, რომელსაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არ აღიარებენ და გაყალბებაში სდებენ ბრალს" - ასე იწყება Reuters-ის სტატია, რომელშიც დასავლეთსა და რუსეთს შორის არჩევანის მნიშვნელობაზე მკაფიოდაა ხაზი გასმული.
"მმართველი პარტია "ქართული ოცნების" მილიარდერმა დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა, ოპოზიციამ და უცხოელმა დიპლომატებმა ეს არჩევნები წყალგამყოფ მომენტად აქციეს, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, საქართველო დაუახლოვდება დასავლეთს თუ კვლავ რუსეთისკენ გადაიხრება, რომელიც ამჟამად უკრაინასთან ომობს", - წერს Reuters.
სტატიაში აღნიშნულია, რომ მმართველი პარტია დედაქალაქის ზოგიერთ ნაწილში ოპოზიციასთან დამარცხდა, თუმცა ზოგიერთ რეგიონში ხმების 90% მოიპოვა.
"თუ ივანიშვილის პარტიის გამარჯვება დადასტურდება, ეს დარტყმა იქნება ევროკავშირისთვის, რომელიც საკუთარ ორბიტაზე უფრო მეტი პოსტსაბჭოთა ქვეყნის მოზიდვას იმედოვნებს", - წერს Reuters.
არჩევნების სავარაუდო გაყალბებასა და რუსეთსა და დასავლეთს შორის არჩევანზეა საუბარი ამერიკული გამოცემა Associated Press-ის სტატიაშიც: "საქართველოს ოპოზიცია უარყოფს კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნების შედეგებს, რომელსაც საქართველოს ევროპული როლის გადაწყვეტა შეუძლია".
"ბევრი ქართველისთვის ეს არჩევნები გადამწყვეტი რეფერენდუმი იყო, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობაზე. წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ ამომრჩეველთა აქტივობა, 2012 წელს მმართველი პარტიის არჩევის შემდეგ, ყველაზე მაღალი იყო.
თუ "ქართული ოცნების" გამარჯვება დადასტურდება, პარტიას საპარლამენტო უმრავლესობა ექნება, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ შიშის საბაბს ქმნის. ქვეყანა უფრო და უფრო ავტორიტარული ხდება, იღებს კანონებს, რომლებიც რუსეთში მოქმედ კანონმდებლობას ჰგავს და სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს. წლის დასაწყისში ერთ-ერთი ასეთი კანონის მიღების შემდეგ, ბრიუსელმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა", - წერს AP.
ცესკოს ვებგვერდის თანახმად, ამ დროისთვის დათვლილია 3085 უბნის შედეგები, რაც მთლიანი ხმების 99.16%-ია. აღნიშნული შედეგების თანახმად, საქართველოს მასშტაბით ქართულმა ოცნებამ 1,115,576 ხმა მიიღო, რაც შედეგების 54.27%-ია.
წინასწარი მონაცემებით, საზღვარგარეთ გახსნილი 52 უბნის შედეგების მიხედვით, მმართველმა პარტიამ ემიგრანტების ხმების 17.7% აიღო.
ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ პარტიები: "საქართველოსთვის", "ერთობა - ნაციონალური მოძრაობა", "კოალიცია ცვლილებებისთვის" და "ძლიერი საქართველო" - აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა.