მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ერევა რუსეთი სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში?

რუსეთი / არჩევნები

პლანეტის ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ დაიხვეწა ის მეთოდები, რომელთაც სხვადასხვა მოქმედი პირები კონკრეტულ პროცესებზე გავლენის მოსახდენად იყენებენ. ამ მხრივ, გამოსარჩევია ტენდენცია, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით იკვეთება, როცა გავლენიანი და ნაკლებად გავლენიანი, მაგრამ ტექნოლოგიურად განვითარებული სახელმწიფოები სხვა ქვეყნის საარჩევნო პროცესში ერევიან. ბოლო წლებში, ამ მიმართულებით რუსეთის ფედერაცია გააქტიურდა, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კიბერდანაყოფი აქვს მსოფლიოში, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორში.

2024 წელს არჩევნები 50-მდე ქვეყანაში არის დაგეგმილი, რაც ნიშნავს, რომ საკუთარ კონსტიტუციურ უფლებას ორ მილიარდ ადამიანზე მეტი გამოიყენებს, ანუ პლანეტის მოსახლეობის მეოთხედი. ამრიგად, დღეს მოგიყვებით, თუ როგორ ერევა რუსეთი სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში.

სხვადასხვა ქვეყნის შიდა პროცესებში ჩასარევად, რუსეთის ფედერაცია მრავალმხრივ ხელსაწყოებს იყენებს, მათ შორის კიბერშეტევებს, დეზინფორმაციის კამპანიებს და დემოკრატიული პროცესების მანიპულაციას. არაერთი გამოძიებითა და კვლევით დასტურდება, რომ რუსულ სპეცსამსახურებს სხვადასხვა ქვეყნების საზოგადოებებში განხეთქილების შექმნის, პოლიტიკური პოლარიზაციის შემოტანის, სოციალური მედიის მანიპულაციის და დაფარული თუ ღია დეზინფორმაციული კამპანიების არაერთი მცდელობა ჰქონია, თან არამხოლოდ განვითარებად, ანუ შედარებით მოწყვლად ქვეყნებში, არამედ თვით ამერიკის შეერთებულ შტატებში.

აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

აი, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ითვლება რუსული სპეცსამსახურების ჩარევის ერთ-ერთ ყველაზე ნათელ მაგალითად. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამოყენებულ მეთოდებზე დაყრდნობით, ოთხი წლის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ სოციალურ ქსელებში რასობრივ უთანასწორობაზე, მიგრაციაზე, პანდემიაზე და სხვა ცხელ თემებზე არაერთი დეზინფორმაციული კონტენტი გაავრცელა, რომლის მიზანი ამომრჩეველთა შორის პოლარიზაციის გაზრდა, შტატების სამოქალაქო საზოგადოების შესუსტება და კონკრეტული, რუსეთისთვის სასურველი პოლიტიკური შედეგის მიღწევა იყო. როგორც მოგვიანებით, გამოძიების შედეგად გაირკვა, რუსეთის ეს ქმედებები ამერიკის შეერთებულ შტატებში დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობის შესუსტებას და დონალდ ტრამპის მხარდაჭერის გაზრდას ემსახურებოდა.

თუმცა დეზინფორმაციულ ომთან ერთად, რუსეთის ფედერაცია, ცხადია, კიბერშეტევების სტრატეგიასაც მიმართავს, რაც კრიტიკული ინფრასტრუქტურის ქსელების და კონკრეტული გავლენიანი პირების ანგარიშების დაჰაკვას მოიაზრებს. თუმცა თუ ამგვარი მეთოდები განვითარებად სახელმწიფოებში მუშაობს, ამერიკის შეერთებული შტატების 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კიბერმიმართულებამ სათანადოდ ვერ იმუშავა, რაც ქვეყნის კიბერუსაფრთხოების განვითარების მაღალ დონეს და განვითარებულ IT-სექტორს უკავშირდება.

უკრაინის 2014 და 2019 წლების საპრეზიდენტო არჩევნები

საარჩევნო პროცესში რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების ჩარევის მაგალითად უკრაინის 2014 და 2019 წლების საპრეზიდენტო არჩევნებიც გამოდგება. როგორც სხვადასხვა გამოძიებით ხდება ცნობილი, უკრაინაში 2014 წელს მიმდინარე პოლიტიკური არეულობის ფონზე, რუსმა ჰაკერებმა უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე კიბერთავდასხმა განახორციელეს და არჩევნების სტატისტიკაზე წვდომა მოიპოვეს. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინა რუსეთისთვის მეტად მნიშვნელოვანი სახელმწიფოა, რუსეთის ანტიუკრაინული კამპანია მომდევნო არჩვნებზეც გაგრძელდა. ამ დროს, უკრაინული კიბერუსაფრთხოების სისტემა გამოწვევას მომზადებული დახვდა, მაგრამ საპირწონედ ამისა, რუსეთმა დეზინფორმაციული კამპანია ამოქოქა, რომელიც ქვეყანაში და მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღემდე გრძელდება.

გაერთიანებული სამეფოს 2016 წლის “ბრექსიტის” რეფერენდუმი

საარჩევნო პროცესში რუსეთის სავარაუდო ჩარევის კვალი 2016 წლის “ბრექსიტის” რეფერენდუმის დროსაც იკვეთება, რომელმაც გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლა დააკანონა. როგორც მოგვიანებით გამოძიებით დადგინდა, წინასაარჩევნო პროცესში რუსულენოვან სოციალურ ქსელებში და ინგლისურენოვან პრორუსულ მედიასაშუალებებში და სხვადასხვა გვერდებზე თუ ჯგუფებში ღიად ანტიევროპული და პრობრექსიტული ნარატივი ცირკულირებდა. გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის დაზვერვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა დაადგინა, რომ რუსული სახელმწიფო მედიასაშუალებები, მათ შორის Russia Today-ი და Sputnik-ი ღიად პრობრექსიტულ კამპანიას აწარმოებდნენ.

ამერიკის შეერთებული შტატების, უკრაინისა და გაერთიანებული სამეფოს ეს მაგალითები ცხადყოფს, თუ როგორ იყენებს რუსეთი ციფრულ პლატფორმებსა და მედიასაშუალებებს დემოკრატიული პროცესების მანიპულაციისთვის. დროსთან ერთად, პროცესები უფრო და უფრო ციფრული ხდება, ხოლო ტექნოლოგიები — და მათ შორის ხელოვნური ინტელექტი — არნახული ტემპით ვითარდება, შესაბამისად გზები, რომელსაც რუსეთი და მსგავსი ქვეყნები სხვა სახელმწიფოების შიდა პროცესებში ჩასარევად გამოიყენებენ, კიდევ უფრო დაიხვეწება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები