მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გამდიდრდა „რედ ბული“?

643e4bd6f1c0d
BM.GE
18.04.23 12:03
1723
„რედ ბულს“ ენერგეტიკული სასმელების გაყიდვებში მსოფლიო ბაზრის 43%-მდე უჭირავს და ის ამ მაჩვენებლით მსოფლიოში პირველია. მეორე ადგილზე არის „მონსტერი“ – ბაზრის 30% წილით. 2022 წელს „რედ ბულმა“ 11.6 მილიარდი ქილა გაყიდა. 2022 წელს კომპანიის შემოსავალი 10 მილიარდ ევრომდე იყო, მოგება კი – 1 მილიარდ ევრომდე. „რედ ბულის“ ბრენდის საბაზრო ღირებულება 17 მილიარდი ევროა. კომპანიას დასაქმებული ჰყავს 16 ათასამდე ადამიანი.

1976 წელს ტაილანდში ჩინელი ემიგრანტის შვილმა ჩალეო იუვიდიამ ენერგეტიკული სასმელი „Krating Daeng“-ი შექმნა, რომელიც ინგლისურად ითარგმნება, როგორც „Red Bull“-ი, ანუ „წითელი ხარი“. ჩალეო იუვიდია ძალიან ღარიბი ოჯახიდან იყო, რომელიც თავს სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვით ირჩენდა. 1950-იან წლებში ჩალეო ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში გადავიდა სამუშაოდ, სადაც ანტიბიოტიკების გაყიდვით იყო დაკავებული. 1960 წელს მცირე ფარმაცევტული საწარმო გახსნა, მოგვიანებით კი, როგორც აღვნიშნეთ, სასმელი „რედ ბული“ შექმნა. ამ დროისთვის ტაილანდში ენერგეტიკული სასმელები უკვე არსებობდა, მაგრამ „რედ ბულმა“ ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია. „რედ ბულის“ რეცეპტი შეიცავდა წყალს, შაქარს, კოფეინს, B ვიტამინს, ტაურინს და ინოზიტოლს. სასმელი იაფი ღირდა და ძირითადად დაბალი შემოსავლის მქონე მუშებში გახდა პოპულარული.

1982 წელს ტაილანდში თავისი კომპანიის საქმეზე ჩავიდა ავსტრიელი ბიზნესმენი დიტრიხ მატეშიტცი, რომელმაც ბანგკოკის აეროპორტიდან ქალაქისკენ მიმავალ გზაზე „ჯეტ ლეგის“ მოსახსნელად „Krating Daeng“-ი იყიდა. სასმელი ძალიან ეფექტიანი აღმოჩნდა, მისმა ერთმა ქილამ ბიზნესმენი უცებ „გამოაცოცხლა“. დიტრიხ მატეშიტცმა მოძებნა „Krating Daeng“-ის მწარმოებელი ჩალეო იუვიდია და ისინი ერთობლივი კომპანიის შექმნაზე შეთანხმდნენ. სამ წელს, 1984-დან 1987 წლამდე, მეწარმეები სასმლის რეცეპტის შეცვლაზე მუშაობდნენ და საბოლოოდ მიიღეს ის, რასაც დღეს ყველა „რედ ბულის“ სახელით იცნობს.

1987 წელს ავსტრიაში, ზალცბურგში დაარსდა დღეს მოქმედი კომპანია „რედ ბული“, რომლის 51% ჩალეო იუვიდიასა და მის შვილს ერგო, ხოლო 49% – დიტრიხ მატეშიტცს. ამ დროს, ტაილანდისგან განსხვავებით, ენერგეტიკული სასმელები ევროპაში პოპულარული არ იყო, ამიტომ ახალმა კომპანიამ თავიდანვე საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა დაისახა მიზნად. კომპანიამ სასმელში გაზის დამატება და მისი ლითონის ქილებში ჩამოსხმა დაიწყო. ცნობილი ლოგო – წითელი ხარები მანამდეც არსებობდა.

გარდა იმისა, რომ ენერგეტიკული სასმელი სიახლე იყო და „რედ ბულის“ გემო და გაზირება იდეალურად შეუთანხმეს ერთმანეთს, კომპანია ასეთი წარმატებული მაინც ვერ გახდებოდა, რომ არა მისი გამორჩეული მარკეტინგული კამპანია. „რედ ბული“ სხვადასხვა სახეობის ექსტრემალური სპორტის სპონსორი გახდა. მის რეკლამებშიც ძირითადად ექსტრემალური მოქმედებები ჩანდა. ბევრმა ადამიანმა დაიმახსოვრა მარტივი სლოგანი – „რედ ბული აფრთიანებს“. „რედ ბული“ დიდი დოზით კოფეინს შეიცავს, რაც „ენერგეტიკულ ეფექტს“ იწვევს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია რეკლამის გავლენაც – მომხმარებელს სჯერა, რომ „რედ ბული“ გააძლიერებს და ეს ერთგვარი პლაცებოს როლს ასრულებს.

პირველი სპორტსმენი, ვისი სპონსორიც 1989 წელს „რედ ბული“ გახდა, ფორმულა 1-ის „ფერარის“ ავსტრიელი მრბოლელი გერჰარდ ბერგერი იყო.

„რედ ბულმა“ ავსტრიიდან ევროპის სხვა ქვეყნებში სასმლის ექსპორტი 1992 წელს დაიწყო და ამ ბაზარზე დიდი წარმატებით დაიმკვიდრა ადგილი. პირველი საექსპორტო ქვეყნები უნგრეთი და სლოვენია იყო. 1994 წელს კი კომპანია გერმანიასა და ინგლისში შევიდა.

აშშ-ში „რედ ბულის“ პროდუქცია 1997 წელს გამოჩნდა და რამდენიმე წელიწადში ბაზრის 70% დაიკავა. დღეს კი „რედ ბული“ მსოფლიოს 169 ქვეყანაში იყიდება.

2001 წელს „რედ ბულმა“ მემილიარდე ქილა სასმელი გაყიდა. ამავე წელს დაარსდა მისი ფორმულა 1-ის გუნდი „Red Bull Racing“-ი. „რედ ბულის“ გუნდის მრბოლელი მსოფლიო ჩემპიონი პირველად 2021 წელს გახდა. ეს გახლავთ მაქს ფერსტაპენი, რომელიც 2022 წელსაც გახდა ჩემპიონი და დღეს ყველაზე ძლიერ მრბოლელად მიიჩნევა.

„რედ ბული“ ხშირად აწყობს სხვადასხვა სახის ექსტრემალურ წარმოდგენებს, მაგრამ მათ შორის გამორჩეული იყო 2012 წელი, როდესაც ავსტრიელმა პარაშუტისტმა ფელიქს ბაუმგარტნერმა სიმაღლიდან თავისუფალ ვარდნაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ის 39 კილომეტრი სიმაღლიდან გადმოხტა. ამ ღონისძიების სპონსორი „რედ ბული“ იყო.

„რედ ბულის“ დამფუძნებელი ჩალეო იუვიდია 2012 წელს გარდაიცვალა და იმ დროისთვის მისი ქონება 5 მილიარდ დოლარს შეადგენდა. დიტრიხ მატეშიტცი კი 2022 წელს გარდაიცვალა და მისი ქონება 27 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

Forbes.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები