სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის ლევან ნატროშვილის შეფასებით, საპარლამენტო არჩევნების კონტექსტი როგორ იმოქმედებს მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებსა და ნაბიჯებზე ევროკავშირის ცხრა დათქმის შესრულების მიმართულებით, ჯერჯერობით, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა. ლევან ნატროშვილი იზიარებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ წელს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ანტიევროპული რიტორიკა შემცირებულია, მაგრამ იმასაც აღნიშნავს, რომ რეფორმების საფუძვლიანად გატარების სულისკვეთება არც ისე მკაფიოა. ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იმედოვნებს, რომ ხელისუფლება მინიმუმ „არაფერს გააფუჭებს“.
- წელს, ჯერჯერობით, არ ჩანს ის ძალიან ნეგატიური და შეიძლება დამღუპველი ნაბიჯები, რაც გასულ წელს გვქონდა - მაგალითად, მცდელობა, მიეღოთ ე.წ. რუსული კანონი, წელს არ ვისმენთ ანტიევროპულ რიტორიკას, რაც კარგია, მაგრამ წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით, არაფრის გამორიცხვა შეიძლება; მით უმეტეს არჩევნები მოდის და არჩევნების კონტექსტი როგორ იმოქმედებს მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებზე, ჯერჯერობით, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას...
- არაა გამოკვეთილი, დადებითი გავლენა ექნება ცხრა დათქმაში გაწერილი რეფორმების განხორციელებაზე თუ - უარყოფითი?
- არჩევნების კონტექსტი დადებითად იმოქმედებს თუ უარყოფითად, სხვადასხვა ფაქტორზე იქნება დმაოკიდებული. ერთი მხრივ, ნებისმიერ ხელისუფლებას უნდა აწყობდეს, ჰქონდეს გარკვეული პროგრესი ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ამ საკითხს, მაგრამ მეორე მხრივ, თუ ხელისუფლება ხედავს საფრთხეს ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმების გატარებაში, ვგულისხმობ საფრთხეს საკუთარი ხელისუფლებისთვის, ამან შეიძლება, ნეგატიური გავლენა მოახდინოს. აქედან გამომდინარე რთული სათქმელია, რა იქნება. 26 ოქტომბრამდე - არჩევნებამდე გარკვეული დროა დარჩენილი და სურვილი და იმედი მაქვს, ხელისუფლება მაქსიმალურად მონდომებული იქნება, მინიმუმ არაფერი გააფუჭოს ქვეყანაში და საუკეთესო შემთხვევაში, ნაბიჯებს გადადგამს იქითკენ, რომ წლის ბოლოს ევროკავშირისგან დადებითი პასუხი მივიღოთ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებაზე, თუმცა თუ ასე არ მოხდება, ბოლო წლების გათვალისწინებით, სამწუხაროდ, ესეც არ იქნება გასაკვირი.