სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის ლევან ნატროშვილის შეფასებით, სამოქალაქო ორგანიზაციების დევნა და მათზე თავდასხმა შალვა პაპუაშვილის სტილად იქცა. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ცხრა დათქმის შესრულების პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართვის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროინტეგრაციის პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართულობაზე მკაფიო მინიშნება გააკეთა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა. „რეფორმების განხორციელების ტემპი უნდა გაზარდოთ. მათ შორისაა ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული მიმართულებები, რათა გადაიდგას ის 9 ნაბიჯი, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია გაწერილი. ამისათვის თქვენს აქტივს ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს და, მნიშვნელოვანია, ყველა იყოს ამ პროცესში ჩართული“, - თქვა მან.
საქმე ის არის, რომ ISFED ერთ-ერთია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომლებმაც ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში, ევროკავშირის 9 დათქმის შესრულების სამუშაო ჯგუფში სამოქალაქო სექტორის ფართო სპექტრის ჩართულობა მოითხოვეს, მაგრამ შალვა პაპუაშვილმა იმ მიზეზით, რომ ისინი აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმის წევრები არ არიან, უარი უთხრა.
„ეს იყო საბაბი“, - ამბობს ლევან ნატროშვილი და არც იმის იმედი აქვს, რომ ჯოზეფ ბორელის გზავნილის მიუხედავად, ამ კუთხით რაიმე შეიცვლება.
"მიუხედავად იმისა, რომ შალვა პაპუაშვილი არის პარლამენტის თავმჯდომარე, ის ბევრ დროს ხარჯავს ისეთ წვრილმანებში, როგორებიცაა სამოქალაქო ორგანიზაციების დევნა და მათზე თავდასხმა, რაც მის სტილად იქცა; კვირა არ გავა, რომ შალვა პაპუაშვილისგან არ ვნახოთ თავდასხმები სამოქალაქო სექტორზე, საერთაშორისო პარტნიორებზე, რომლებიც ზოგადად, მხარს უჭერენ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების და მედიის განვითარებას და მათ მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში არაერთი კარგი საქმე გაკეთებულა.
რატომღაც ბოლო წლებში მმართველი პარტია მიუღებლად მიიჩნევს კრიტიკას ნებისმიერი მხრიდან - როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - გარეთ; ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან თუნდაც მსუბუქი კრიტიკა მათ მიერ აღქმულია თავდასხმად და მტრად ყოფნად. ეს ცუდი დამოკიდებულებაა და არ ვიცი, რამდენად დაგვეხმარება ევროინტეგრაციის გზაზე შემდეგ ეტაპზე გადასვლაში. ასეთი დამოკიდებულება, ფაქტობრივად, პოლიტიკური ნების არარსებობაა, რომ ევროკავშირის რეკომენდაციები მაქსიმალურად ეფექტიანად და სრულყოფილად შესრულდეს, რათა ვიღაცას კითხვის ნიშნები არ დავუტოვოთ, შეასრულა თუ არა ქვეყანამ ცხრა დათქმით გაწერილი რეფორმები“, - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ სამოქალაქო საზოგადოება არ დაიშურებს ძალისხმევას, ევროპელი პარტნიორების დარწმუნებაში, რომ საქართველო იმსახურებს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.