უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი პირველი სახელმწიფო ლიდერი იყო, რომელმაც “ქართულ ოცნებას” 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, თანაც მაშინ, როცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წინასწარი შედეგები ჯერაც არ ჰქონდა გამოქვეყნებული. ვიქტორ ორბანისგან ეს არავის გაჰკვირვებია, რადგან უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ისევე, როგორც უშუალოდ ქვეყანა, ევროკავშირში საქართველოს მთავარ მოკავშირედ იქცა. არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ, ვიქტორ ორბანი თბილისს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა.
მაშ, ვინ არის ვიქტორ ორბანი, როგორ მიაღწია ამ ადამიანმა უნგრეთის უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობას და როგორ ინარჩუნებს ის ძალაუფლებას მიჯრით თოთხმეტი წლის განმავლობაში? დღეს, სწორედ ამ კითხვებს ვუპასუხებთ, რათა აგიხსნათ, თუ რა გამოარჩევს ვიქტორ ორბანს მისი ევროპელი კოლეგებისგან...
იმ ეპითეტებს შორის, რომელთაც ანალიტიკოსები, ჟურნალისტები და სხვა პოლიტიკოსები ვიქტორ ორბანის დასახასიათებლად იყენებენ, ხშირად შევხვდებით სიტყვებს: “ავტორიტარი”, “ნაციონალისტი”, “ევროსკეპტიკოსი” და “პოპულისტი”. აღნიშნული ტერმინები შემთხვევით არ არის შერჩეული და თითოეულ მათგანს ვიქტორ ორბანის და მისი პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უმაგრებს ზურგს. დღეს, ვიქტორ ორბანი “ახალგაზრდა დემოკრატების ალიანსს” წარმოადგენს, რომელიც თავის დროზე, ლიბერალურ-ნაციონალისტური შეხედულებების მქონე ახალგაზრდულ მოძრაობად ჩამოყალიბდა, მაგრამ დროთა განმავლობაში, ორბანის ძალისხმევით, უნგრეთის წამყვან მემარჯვენე-კონსერვატორულ ძალად იქცა.
ვიქტორ ორბანის პოლიტიკური კარიერა 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო, როცა უნგრეთმა კომუნიზმზე უარი თქვა და დემოკრატიული განვითარების გზა აირჩია. თავად ორბანმა ქვეყანაში სახელი მას მერე გაითქვა, რაც სოროსის ფონდის დაფინანსებით ოქსფორდში გაემგზავრა, საერთაშორისო განათლება მიიღო და 1989 წელს ქვეყნიდან საბჭოთა ჯარების გაყვანის ინიციატივით გამოვიდა. უნგრელ ახალგაზრდებში პოპულარობის მოპოვების შემდეგ, ახალგაზრდა ვიქტორ ორბანმა ლიბერალური პოლიტიკური პარტია “ფიდესი” დააფუძნა, რომელიც მალევე ნაციონალისტური ზრახვების მქონე კონსერვატიულ ძალად გადააქცია.
პირველი პოლიტიკური თანამდებობა ვიქტორ ორბანმა 1990 წელს მიიღო, როცა უნგრეთის პარლამენტის წევრი გახდა. ამ თანამდებობას ის 1998 წლამდე ინარჩუნებდა, როცა ორ სხვა პარტიასთან კოალიციის შექმნის გზით საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და 35 წლის ასაკში უნგრეთის ისტორიაში რიგით მეორე ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი გახდა. ამ პერიოდში, ვიქტორ ორბანის მთავრობამ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა, რომელთა შედეგად ქვეყანაში ის საფუძველი შეიქმნა, რომელზედაც დღეს თანამედროვე უნგრეთი არის დაშენებული. ამ დროს, უნგრეთის ეკონომიკა ყოველ წელს საშუალოდ 4%-ით იზრდებოდა, ხოლო თავად ქვეყანა NATO-ში გაწევრიანდა. ევროკავშირის წევრად უნგრეთი 2004 წელს აირჩიეს, ანუ ორბანის პირველი საპრემიერო ვადის ამოწურვიდან ორი წლის თავზე, მაგრამ ამ გადაწყვეტილების საფუძველი უდავოდ ორბანის რეფორმებმა შექმნა.
ვიქტორ ორბანმა, რომელიც უნგრეთის ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი იყო, მომდევნო წლებში, პოზიცია მკვეთრად იცვალა და ევროსკეპტიკოსად გადაიქცა. პირველი საპრემიერო მანდატის ამოწურვის შემდეგ, ვიქტორ ორბანმა “ფიდესის” გარშემო ფაქტობრივად ყველა მემარჯვენე ძალა გააერთიანა და პარტია ქვეყნის წამყვან კონსერვატორულ ძალად ჩამოაყალიბა, რომელმაც 2010 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების ორი-მესამედი, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. აი, სწორედ ამ პერიოდიდან იწყება უნგრეთში ე.წ. “ჰიბრიდული” დემოკრატიის ეპოქა, რომლის მთავარ შემოქმედად, სწორედ ვიქტორ ორბანი მიიჩნევა.
უნგრეთის კონსტიტუციის შეცვლით, ვიქტორ ორბანის “ფიდესმა” დიდი ძალაუფლება მოიპოვა ქვეყნის სასამართლოზე, მედიაზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე. პროცესში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ოპოზოციური პარტიების და მისგან განსხვავებული შეხედულებების მქონე პირებისა და ორგანიზაციების დევნა დაიწყო, რასაც უნგრეთის სუვერენიტეტზე, კულტურაზე, ისტორიაზე და უსაფრთხოებაზე თავდასხმის თავიდან აცილების მოტივით ხსნიდა.
ვიქტორ ორბანის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იმიგრაცია იყო, რომელსაც ვიქტორ ორბანი დღემდე მკვეთრად ეწინააღმდეგება. 2015 წელს, ევროპა საიმიგრაციო კრიზისი წინაშე აღმოჩნდა, რომლის გადაწყვეტად, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირს ქვეყნის სამხრეთ საზღვართან დიდი კედლის აშენება შესთავაზა. ეს იდეა, რომელიც, რამდენიმე წლის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გადაიღო, განსაკუთრებით არ მოეწონათ ევროკავშირის დედაქალაქში , რამაც ორბანსა და კოლექტიურ ბრიუსელს შორის ურთიერთობა უფრო დაძაბა.
ვიქტორ ორბანის მიერ არჩეულმა პოლიტიკურმა ვექტორმა და გადაწყვეტილებებმა, რომლებიც მან ამ გზაზე აირჩია, ევროკავშირში დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია. ბრიუსელში, ისევე, როგორც ცალკეული სახელმწიფოების დედაქალაქებში მიაჩნიათ, რომ ორბანი არადემოკრატიული მართველია, რომელიც სასამართლოზე ძალადობს, სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს და ქვეყნის დემოკრატიულ ინსტუტიტებს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს და აკადემიურ დაწესებულებებს განვითარებაში ეხმარება.
ვიქტორ ორბანის ქმედებების საპასუხოდ ევროკავშირმა მოქმედების გზა აირჩია და უნგრეთს დახმარების რამდენიმე პაკეტი შეაჩერა. საპასუხოდ, ორბანი სხვა ავტოკრატიულ ლიდერებს, მათ შორის ვლადიმირ პუტინს დაუახლოვდა. მიმდინარე წლის 1-ელ ივლისს, უნგრეთი ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, ხოლო ექვს ივლისს ორბანი პუტინს შეხვდა. ეს შეხვედრა ევროკავშირისთვის იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ბლოკმა მალევე გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ამ შეხვედრაზე ორბანი წარმოადგენდა მხოლოდ უნგრეთს და არა - ევროკავშირს.
ისე კი, საგარეო კრიტიკის ფონზე, ვიქტორ ორბანი უნგრეთის ლიდერად რჩება, რადგან ამ ადამიანს ზურგს მისი ქვეყანა უმაგრებს, სადაც ის უნგრეთის იდენტობის და სუვერენიტეტის ნომერ პირველ დამცველად მიაჩნიათ.