კოვიდპანდემიის დროს ეკონომიკური კრიზისების დასაძლევად მსოფლიოს მასშტაბით სახელმწიფო (საჯარო) ვალის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბევრი განვითარებული ქვეყნის საჯარო ვალმა კი 2021 წლის ბოლოს მათი მთლიანი შიდა პროდუქტის 100%-ს გადააჭარბა. ამის მიუხედავად, ეკონომიკური ზრდის ტემპის აღდგენასთან ერთად, გლობალურად საშუალო სახელმწიფო ვალი ეტაპობრივად შემცირდა, ინფლაციამ კი ვალისა და მშპ-ის შეფარდების შემცირებაში თავისი როლი ითამაშა.
IMF-ისა და Trading Economics-ის მონაცემებზე დაყრდნობით, 2021 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალი მისი მშპ-ის 128%-ს შეადგენდა და 2023 წლისთვის 5 პროცენტით, 133%-მდე გაიზარდა. ამავდროულად, ევროპის უმსხვილესი ეკონომიკებისთვის, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში თუ ესპანეთში, საჯარო ვალისა და მთლიანი შიდა პროდუქტის შეფარდება 2021 წლიდან დღემდე 6-7 პროცენტით შემცირდა.
ჩინეთში, ინდოეთში, აშშ-სა და იაპონიაში სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებით იზრდება. მიუხედავად “ამომავალი მზის ქვეყნად” წოდებული სახელმწიფოს ტექნოლოგიური განვითარებისა და სიმდიდრისა, იაპონიას მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე მაღალი საჯარო ვალი აქვს დაკისრებული, რომელმაც 2023 წლის ბოლომდე მშპ-ის 263% შეადგინა - 3%-იანი ზრდა ბოლო 2 წლის განმავლობაში.
როგორ შეიცვალა სახელმწიფო ვალის შეფარდება მშპ-სთან 2021 წლიდან?
| ქვეყანა | ვალისა და მშპ-ის შეფარდება 2023 წლის ბოლოს | ცვლილება 2021-დან (%) |
| იაპონია | 263% | +3 |
| იტალია | 140% | -7 |
| აშშ | 133% | +5 |
| ესპანეთი | 110% | -7 |
| საფრანგეთი | 110% | -3 |
| ბელგია | 106% | -3 |
| კანადა | 104% | -10 |
| ბრიტანეთი | 98% | -7 |
| ინდოეთი | 88% | +4 |
| ჩინეთი | 82% | +14 |
| გერმანია | 65% | -6 |
*სახელმწიფო ვალი - ქვეყნის მთავრობის, ცენტრალური ბანკისა და კერძო სექტორის მიერ აღებული ვალების ჯამი.




























