მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში

აქცია

გთავაზობთ გასული კვირის 15-21 აპრილის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში

პარლამენტმა "რუსული კანონი" პირველი მოსმენით მიიღო

17 აპრილს საქართველოს პარლამენტის 83-მა დეპუტატმა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მკვეთრი პროტესტის ფონზე მხარი დაუჭირა კენჭისყრაზე გამოტანილ "რუსულ კანონს".

პარლამენტმა ოფშორების შესახებ საგადასახადო შეღავათები მესამე მოსმენით დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 19 აპრილს დაჩქარებული წესით დაუჭირა მხარი საგადასახადო შეღავათების დაწესების ინიციატივას. კანონპროექტის ავტორები "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან და ის დაჩქარებულ რეჟიმში განიხილება. ცვლილებას მხარი დაუჭირა 73-მა დეპუტატმა, 9 კი წინააღმდეგი იყო. კანონის მიხედვით, ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების ქართულ კომპანიაზე გადაფორმებისას აქტივის მიმღები ქართული კომპანია შესაბამის აქტივზე დაბეგვრის ვალდებულებისგან გათავისუფლდება თუკი ოპერაცია შესრულდება 2028 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 2030 წლის 1-ელ იანვრამდე აღნიშნულ ოპერაციაში ჩართული საწარმო ოფშორული კომპანიისგან ფიზიკური აქტივის საქართველოში მიღებისას იმპორტის გადასახადისგან იქნება გათავისუფლებული.

ოპოზიციის წევრების შეფასებით, კანონი მთელ რიგ კითხვებს ბადებს საქართველოს ოფშორულ ზონად გადაკეთებისა და საეჭვო წარმომავლობის თანხებისთვის ქვეყნის კარის გახსნის მიმართულებით. ასევე დეპუტატთა შეფასებით, კანონპროექტი ბიძინა ივანიშვილზეა მორგებული. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე აღნიშნავს, რომ მსგავსი კანონი ბანანის რესპუბლიკად ქცევისკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ექსპორტი 9%-ით შემცირდა

აქსტატმა 2024 წლის პირველი კვარტალის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, პერიოდის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში 1.3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წელთან შედარებით 9.3%-ით ნაკლებია. საქსტატის ანგარიშის მიხედვით, უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგში პირველ ადგილს კვლავ ავტოექსპორტი იკავებს, რომელიც წელს დამატებით 8%-ით, 443 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. თუმცა უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულიდან გამქრალია სპილენძის მადნები და კონცენტრატები, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 206 მილიონი დოლარის ექსპორტით მეორე ადგილს იკავებდა, წელს კი მხოლოდ 12 მილიონი დოლარის ოდენობით გავიდა ექსპორტზე. ეს კი თავის მხრივ 94%-იან ვარდნას წარმოადგენს. სწორედ ამ საქონლის ექსპორტის შემცირების გამო, საქართველოს მთლიანმა ექსპორტმა 9%-ით იკლო. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.

თუკი საქართველო აღებულ ვალდებულებას დროულად შეასრულებს, ე.წ დარღვევის პროცედურა შეწყდება - Energy Community

ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების ვალდებულების შეუსრულებლობის საკითხზე Energy Community-მ საქართველოს წინააღმდეგ ე.წ დარღვევის პროცედურა შარშან თებერვალში დაიწყო. თუკი საქართველოს მხრიდან ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების ვალდებულება დროულად შესრულდება, ე.წ დარღვევის პროცედურა შეწყდება, - ამის შესახებ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში აცხადებენ.

როგორც საქართველოში Energy Community-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა BMG-ის განუცხადა, ეკონომიკის სამინისტრო შესაბამისი ვალდებულების შესრულებაზე და საკანონმდებლო ბაზაზე აქტიურად მუშაობს. სალომე ჯანელიძის განცხადებით, გაერთიანების მთავარი მოთხოვნაა, რომ ერთი და იგივე პირი არ ახორციელებდეს სახელმწიფო ელექტროსისტემის და მსხვილი გენერაციის ობიექტების კონტროლს.

ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა IMF-ის დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ IMF-ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან გამართეს შეხვედრა. მხარეთა შორის შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნის მიმდინარე წლისა და საშუალოვადიანი პერიოდის მაკროეკონომიკური პარამეტრები და მონეტარული პოლიტიკის საკითხები.

"როგორც აღინიშნა, გასული წლების მაღალი ეკონომიკური ზრდის და მკაცრი ფისკალური პოლიტიკის გათვალისწინებით, ქვეყნის ფისკალური პარამეტრები დაუბრუნდა უსაფრთხო დონეს. მნიშვნელოვანია, რომ ფონდის მიერ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შესწორდა ზრდის მიმართულებით და ამჟამად 5.7%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.

საქართველოში მეორადი ავტომობილების ფასი მცირდება

მეორადი ავტომობილების იმპორტიორები ამბობენ, რომ გასულ წელს დიდი რაოდენობით შესყიდული ავტომობილების გაყიდვა ბოლო რამდენიმე თვეა გართულდა. მათი თქმით, ჭარბ მიწოდებას მოთხოვნა ვერ ეწევა, რის გამოც კომპანიებს სარეალიზაციო ფასის შემცირება უწევთ. "კავკასუს ავტოიმპორტის" კომერციული დირექტორი ალექსანდრე ვეკუა ამბობს, რომ ამ მიზეზით ქვეყანაში ავტომობილების იმპორტი შენელდა, ხოლო ფასების კლება გასულ წელთან შედარებით 15-20%-ია.

“იმპორტი შემცირებულია, რეექსპორტს რაც შეეხება, 2%-იანი ზრდაა. შარშან ამ დროს იყო საავტომობილო დეფიციტი, რამაც გამოიწვია ფასების ზრდა, ამან კი ბიძგი მისცა ავტოიმპორტიორებს, რომ უფრო მეტი ავტომობილის იმპორტი განეხორციელებინათ. თუმცა თვითონ რეექსპორტის ტენდენცია დიდად არ გაზრდილა, შესაბამისად, მივიღეთ ჭარბი მიწოდება, რამაც გამოიწვია ავტობაზრობების გადავსება და ფასების კლება."

თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ 67-მილიონიან ტენდერში 40 18-მეტრიანი ავტობუსის მიწოდებაზე "თეგეტა ჰოლდინგმა" გაიმარჯვა

სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე 3 აპრილს გამოცხადებული ტენდერიდან ირკვევა, რომ M3 კატეგორიის 40 საქალაქო ავტობუსის და მათი გეგმური ფლობის მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 712 370 ლარი იყო, რაც ერთი ავტობუსის ღირებულებას ითვალისწინებს. ტენდერი 4 აპრილს დასრულდა და მასში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი „თეგეტა მოტორსი“ იყო, რომელმაც M3 კატეგორიის ავტობუსის და მათი გეგმური ფლობის მომსახურებისთვის 1 669 775 ლარიანი შეთავაზება გააკეთა. შესაბამისად შესყიდვის ჯამური ღირებულება 66.8 მლნ ლარი გამოდის.

ცენტრალ პარკ თაუერის პროექტი 79-სართულიანი ცათამბჯენის აშენებას ითვალისწინებს - პროექტი

იპოდრომთან, "ქართუ ფონდის" მიერ გაყიდულ 80,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე თბილისში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება. პროექტის დეველოპერია "ცენტრალ პარკ ავენიუ", რომელმაც აღნიშნული უძრავი ქონება ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდისგან 2023 წლის ოქტომბერში შეიძინა. აღნიშნული კომპანიის აქციონერები Wissol ჯგუფი და GD Alco არიან. საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, ადგილზე შვიდი ნაგებობის მშენებლობა იგეგმება. უძრავ ქონებაზე, რომელიც თამარაშვილის ქუჩასა და მშენებარე თბილისის ცენტრალურ პარკს შორის მდებარეობს, ექვსი ნაგებობის აშენება იგეგმება. მათ შორის ყველაზე მაღალი ნაგებობა 79 სართულიანი იქნება და მისი სიმაღლე 259 მეტრით არის განსაზღვრული.

შესაბამისად, აღნიშნული პროექტი ჯერ განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების, შემდეგ კი სამშენებლო ნებართვის გაცემისა და აშენების შემთხვევაში საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები