მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ იზრდებოდა საქართველოში ბიზნესის რეგულირების ტვირთი

64a44524ce320
BM.GE
04.07.23 19:59
707
საქართველოში წლიდან წლამდე კერძო სექტორის მარეგულირებელი ორგანოების რაოდენობა იზრდება - ამჟამად მეწარმეთა კანონის მიხედვით განსაზღვრულია სულ 21 უწყება, რომელთაც სხვადასხვა სექტორში მოღვაწე კომპანიების რეგულირება შეუძლიათ. შედარებისთვის, 10 წლის წინ მეწარმეთა შესახებ კანონით სულ 9 მარეგულირებელი ორგანო იყო განსაზღვრული. (კონკრეტული მიმართულებებით მარეგულირებლის ფუნქციები აქვთ მუნიციპალიტეტებს, რომლებიც ასევე არიან ამ სიაში არიან შესული). 

უკანასკნელი მარეგულირებელი, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა არის სარკინიგზო ტრანსპორტის მარეგულირებელი სააგენტო. ახალი უწყების ბიუჯეტი 1.3 მილიონი ლარი იქნება და მისი ფუნქცია სარკინიგზო გადაზიდვებისა და გადაყვანების სფეროში უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაზე კონტროლი იქნება. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების განმარტებითი ბარათის თანახმად, მისი მიღება საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებებით არის განპირობებული.

მსგავსად რკინიგზის რეგულირების სააგენტოსი, სხვა მარეგულირებელი უწყებებიც ხშირ შემთხვევაში სწორედ EU-სთან აღებული ვალდებულებების ფარგლებში იქმნებოდა. ამის ერთ-ერთ მაგალითს კონკურენციის სააგენტოს შექმნა წარმოადგენს.

მარეგულირებელი ორგანოების რაოდენობის ზრდასთან საგულისხმოა თავად ამ უწყებების უფლება-მოვალეობების გაფართოების ტენდენციაც. მაგალითად, ისევე კონკურენციის სააგენტოს წლების განმავლობაში დაემატა ისეთი ფუნქციები როგორიცაა მომხმარებელთა უფლებების დაცვა.

ანალოგიურად, ფაქტობრივად ყოველწლიურად იზრდება ეროვნული ბანკის რეგულირების არეალი, რაც ფინანსური მომსახურების სფეროს სწრაფ განვითარებას და ახალი ტექნოლოგიების ათვისებას უკავშირდება.

სახელმწიფოს მარეგულირებელი ფუნქციების ზრდით კერძო სექტორისთვის დამატებითი რისკებიც იქმნება. მაგალითად, კონკრეტული სააგენტოს მიერ გამოცემული ბრძანება შეიძლება ბიზნესისთვის ბუნდოვანი იყოს, ან ხარვეზებს შეიცავდეს. მარეგულირებლების მატებას ასევე შეიძლება მოჰყვეს ფუნქციების დუბლირება, ასევე გადაწყვეტილებების მიღების ეფექტიანობის შემცირება.

ბიზნესისთვის შედარებით მაღალ რისკებთან ისეთი მარეგულირებლების საქმიანობა არის დაკავშირებული, რომელთაც სასამართლოს ნებართვის გარეშე შემოწმების უფლება აქვთ. 2001 წელს ასეთი უფლებით სულ 6 უწყება იყო აღჭურვილი, 2023 წელს კი ის 17 ორგანიზაციას აქვს.

17 მარეგულირებელი, რომლებსაც ბიზნესის სასამართლოს ნებართვის გარეშე შემოწმების უფლება აქვთ:

1. საგადასახადო ორგანოებს;
2. საქართველოს ეროვნული ბანკს;
3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს;
4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებებს;
5. ეროვნულ მარეგულირებელს ორგანოს;
6. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს
7. ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს;
8. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს;
9. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს;
10. მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს;
11. ჯანდაცვის სამინისტროს;
12. სურსათის ეროვნულ სააგენტოს;
13. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს;
14. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს;
15. მუნიციპალიტეტის ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირს საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელებისას და ეკონომიკური საქმიანობის რეესტრში რეგისტრაციის შემოწმებისას;
16. შრომის ინსპექციის სამსახურს;
17. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს;



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები