“იურიდიული ბერკეტი გაგვაჩნია, რომ იქნებ ხვალ ჭიათურის მოსახლეობას არ შიოდეს“ - ეს განცხადება საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „ჭიათურის კრიზისსა“ და პრობლემის გადაჭრის გზებზე საუბრისას გააკეთა.
ირაკლი პეტრიაშვილი გულისხმობს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანისა“ (CMC) და პროფკავშირს შორის არსებულ კოლექტიურ ხელშეკრულებას, რომელიც CMC-ს ავალდებულებს, დაახლოებით, 3500 დასაქმებულებისთვის იძულებითი მოცდენის ანაზღაურებას ხელფასის 60%-ის ოდენობით და ჯანმრთელობის დაზღვევის შენარჩუნებას.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირწმუნება, რომ „ჭიათურის მენეჯმენტ კომპანის“ მიერ ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთვის გაკოტრების რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმის დაწყების მოთხოვნით მიმართვის მიზანს კოლექტიური ხელშეკრულებიდან გასვლა და ამ გზით, ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან თავის არიდება წარმოადგენს.
საქმე ის არის, რომ 2024 წლის ბოლოს ჭიათურის მაღაროს აქტივების მფლობელმა კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" განაცხადა, რომ კომპანიაში არსებული ფინანსური კრიზისის გამო საქმიანობას რამდენიმე თვით აჩერებდნენ. კომპანია დასაქმებულებს დაჰპირდა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ხელფასის 60%-ს გადაუხდიდა. მარტიდან კი, საწარმო მუშაობას გააგრძელებდა, თუმცა მაღაროელებს იანვრისა და თებერვლის თვეების ხელფასი ამ დრომდე არ მიუღიათ.
სწორედ ამიტომ, მარტის დასაწყისიდან, ჭიათურაში საპროტესტო აქციები განახლდა. მაღაროელების მთავარი მოთხოვნებია - იანვრისა და თებერვლის ხელფასების ჩარიცხვა; საწარმოს ნაციონალიზაცია და წარმოების განახლება წესების დაცვით; ადგილობრივების მიერ ფონდის შექმნა და საწარმოს აქციების 5%-ის გადაცემა ამ ფონდისთვის, რომელიც მიღებულ თანხას ჭიათურის განვითრებას მოახმარს.
გაკოტრების რეჟიმის დაწყებით მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვამდე, 7 მარტს „ჭიათურ მენეჯმენტს კომპანიმ“ განაცხადა, რომ „ჯორჯიან მანგანეზთან" შეთანხმებით, მაღაროებში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება, რადგან მიწისქვეშა მოპოვება ფინანსურად წამგებიანია.
„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ გადახდისუუნარობის დასამტკიცებლად, გერმანული საკონსულტაციო კომპანია DMT-ის დასკვნას იშველიებს.
აღსანიშნავია, რომ 14 მარტს, თავის მხრივ, პროფკავშირებმა მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოთხოვნით, დაუშვებლად იქნეს მიჩნეული შპს „ჭიათურის მენეჯმენტ კომპანისა“ და მასთან დაკავშირებული კომპანიების განცხადება.
პროფკავშირების ცნობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის“ განცხადება დაახარვეზა. პროფკავშირების გაერთიანებას მიაჩნია, რომ კომპანიის გაკოტრების რეჟიმი ეწინააღმდეგება დასაქმებულების ინტერესებს და არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, უარი თქვას თავისი ვალდებულებების შესრულებაზე.
„ღმერთმა არ ქნას, სასამართლომ დააკმაყოფილოს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ მოთხოვნა. ასეთ შემთხვევაში, საკმაოდ სერიოზული ბერკეტი წაგვერთმევა ხელიდან და პროფკავშირების გარეშე, დასაქმებულები ხელფასის 60%-ს ვერ მიიღებენ“, - ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი.
სწორედ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მოთხოვნით, 19 მარტს გაიმართა „ჭიათურის კრიზისის“ მოგვარების საკითხზე სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა, სადაც გადაწყდა, რომ სახელმწიფოს, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა გაერთიანებების წარმომადგენლებისგან შეიქმნება ჯგუფი, რომელიც ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელებს და მაქსიმალურად უმტკივნეულო გადაწყვეტილებას მიიღებს.
„კანონმდებლობაში პირდაპირ წერია, რომ პროფკავშირს აქვს უფლება, მთავრობას რომ რიგგარეშე სამმხრივი კომისიის მოწვევა მოსთხოვოს. ჩვენ ეს კვოტა გამოვიყენეთ და პირობა დავაყენეთ, რომ კომპანიის წარმომადგენლები ამ სხდომაზე არ ყოფილიყვნენ. არ მინდოდა, [ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის] თანდასწრებით მესაუბრა, ჩვენს ვერსიებზე, როგორ წარმოგვიდგენია, კომპანიისგან ამ თანხის [დასაქმებულთა ხელფასები] ამოღება“, - თქვა ირაკლი პეტრიაშვილმა, მაგრამ თავისი სქემის დეტალებზე არ ისაუბრა.
„წერტილთან“ ინტერვიუში ირაკლი პეტრიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ 3500 მაღაროელიდან, რომელიც „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ გადაწყვეტილების [შეწყვიტოს მიწისქვეშა მოპოვებითი სამუშაოები] გამო, „მასობრივი დათხოვნის“ რისკის წინაშეა, დაახლოებით, 70-75% პროფკავშირებშია გაერთიანებული, თუმცა აღსანიშნავია, რომ მაღაროელების ნაწილი, რომელიც ჭიათურაში პროტესტის ერთ-ერთ მთავარ ბირთვს წარმოადგენს და ორშაბათიდან, 24 მარტიდან საპროტესტო აქციებს თბილისში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან განაახლებენ, გაერთიანებულ პროფკავშირებს უნდობლობას უცხადებენ და ჭიათურის კრიზისთან დაკავშირებით შექმნილ ჯგუფში დასაქმებულების წარმომადგენლის ჩასმას ითხოვენ. „სიმართლეს ჩვენ გეტყვით და არა პროფკავშირები“, - აცხადებენ ისინი.
„ვის წისქვილზე დაისხმება წყალი, თუ პროფკავშირები ამ პროცესიდან გავა?!.. პროფკავშირები რომ გავიდეს [ჭიათურის] პროცესიდან, ხალხი ხელფასის 60%-საც ვერ მიიღებს, რადგან „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ [CMC] იურიდიული ბმა პროფკავშირებთან აქვს“, - აცხადებს თავის მხრივ ირაკლი პეტრიაშვილი, რომელსაც არ აქვს კონკრეტული პასუხი კითხვაზე, რატომაა მაღაროელების ერთ-ერთი აქტიური ჯგუფი მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილი. „ამ ჯგუფს თავისი დღის წესრიგი აქვს“ - ამბობს ის.
„წერტილის“ წამყვანმა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს კითხვები იმ სამუშაო ჯგუფის მიზნებზეც დაუსვა, რომლის შექმნაც სამმხრივი კომისიის სხდომაზე გადაწყდა და ასევე, „ჭიათურის კრიზისში“ ჯორჯიან მანგანეზის“ პასუხისმგებლობაზეც დაუსვა.
ჭიათურასა და საჩხერეში, 16 430 ჰექტარზე, მანგანუმის მოპოვების ლიცენზიას 2007 წლიდან, 40 წლით, სწორედ შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ფლობს. ის უკრაინელი ოლიგარქის იგორ კოლომოისკის ოფშორული კომპანიის “ჯორჯიან ამერიქან ელოიზის” საკუთრებაა, თუმცა კომპანია 2017 წლიდან სპეციალური მართვის რეჟიმშია გადასული, რაც იმას ნიშნავს, რომ გარემოს დაცვის მიმართულებით სახელმწიფომ სამეთვალყურეო საბჭოში თავისი მმართველი დანიშნა. ხოლო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე („რიჟა“) იკავებს.
რაც შეეხება “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის”, ჭიათურის საწარმოების მართვაში კომპანია ერთი წლის წინ შევიდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მისი მთავარი მიზანი ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და მოპოვების თვითღირებულების შემცირება იყო.
- „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურის კრიზისთან კავშირში არაა?
- მე ვფიქრობ, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ პირდაპირ კავშირშია და პირდაპირ პროპორციულად არის პასუხისმგებელი...
- ეს პასუხისმგებლობა ეტყობა კომპანიას?
- არ ეტყობა და არა მარტო ამ კომპანიისგან [ჯორჯიან მანგანეზი] არის ასეთი პასუხი, არამედ ამ საკითხის განხილვებზეც [სამმხრივ კომისიაზე], სადაც რამდენჯერმე დავაყენე საკითხი, პასუხი იყო, რომ [ჯორჯიან მაგნანეზს] იურიდიულად ჰქონდა უფლება, მიწისქვეშა მოპოვებითი სამუშაოების უფლება “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიისთვის“ გადაეცა... სამმხრივი კომისიის ინიციატივით შექმნილი ჯგუფი, ვისაც ესმის იურიდიული ნიუანსები, რა როგორ უნდა იყოს, ისინი დაადგენენ [რისი უფლება ჰქონდა კომპანიას], მაგრამ მე რას ვერ ვიგებ იცით?! თუ სახელმწიფომ მომცა 47 წლით ლიცენზია, მე ვისაც გადავცემ რაღაცას, მის საქმიანობაზე პასუხისმგებელი როგორ არ ვარ?! ამას ვერ ვხვდები. იურიდიულად ამის უფლება ჰქონდათ თუ არ ჰქონდათ, ამაზე დასკვნას გამოიტანს სამუშაო ჯგუფი...
- სამმხრივი კომისიის სხდომას ესწრებოდნენ მინისტრები. მათ შორის ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი... მთავრობის წევრებს რა პოზიცია ჰქონდათ, როცა ამ კითხვას სვამდით?
- ზედაპირზე არის “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ (CMC) და იურიდიული საფუძვლები რომ CMC იყოს პასუხისმგებელი [3500 დამსაქმებლის წინაშე] არსებობსო, მაგრამ თუ CMC გაკოტრდა, მერე რა ხდება, ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა ვიმუშაოთ სამუშაო ჯგუფში, სადაც 2-2 კაცით იქნება წარმოდგენილი სახელმწიფო, დამსაქმებელთა გაერთიანება და პროფკავშირები... ფაქტი ერთია, თუ სასამართლომ ჩვენი შესაგებებელი დააკმაყოფილა და თქვა, რომ არ აკმაყოფილებს CMC-ის მოთხოვნას, გაკოტრების რეჟიმის დაწყების თაობაზე, ე.ი. კომპანიის ლიკვიდაცია ვერ მოხდება. პირველ ამოცანად მიმაჩნია, რომ მოვაგვაროთ თანამშრომელთა ხელფასების 60%-ის ანაზღაურებისა და დაზღვევის შენარჩუნების საკითხი. ასევე, სასწაული რომ მოხდეს და კომპანიამ შეძლოს ხელფასების გაცემა ან მთავრობამ გამოძებნოს თუ გამოაძებნინოს [ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის] ამის საშუალება, დასაქმებულებს აქვთ საბანკო დავალიანებები და [დარიცხულ თანხას] ბანკები წაიღებს. ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე გვაქვს, ჯერჯერობით, პოზიტიური, მაგრამ არა ბეჭედდასმული მოლაპარაკება, როგორ მოგაგვაროთ ეს საკითხი. პროფკავშირებმა თავისი ვერსია შესთავაზა სამმხრივ კომისიას, როგორ შეიძლება ეს საკითხი მოგვარდეს. არსებობს სხვა ვერსიებიც.
- რა არის თქვენი ვერსია?
- ვერ გეტყვით.. არ გვინდა, პროცესი დავაზიანოთ...