მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მოიზიდოს საქართველომ მეტი ტურისტი - ბექა ჯაყელის ორი რეკომენდაცია

638bc6396a8f2
თელარა გელანტია
04.12.22 11:20
1867
ახალი ტურისტული ადგილების შექმნა და შორეულ ბაზრებზე მარკეტინგული კამპანიების წარმოება - ეს არის ის ორი მთავარი რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს ტურისტული პოტენციალის ასათვისებლად და ქვეყანაში მაღალშემოსავლიანი საერთაშორისო ვიზიტორების მოსაზიდად გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში სახელმწიფოებთან ურთიერთობის ხელმძღვანელს აქვს.

აღსანიშნია, რომ ბექა ჯაყელი 2008-2012 წლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე იყო იყო.

მისი შეფასებით, საქართველოში ტურიზმის აღდგენის დინამიკა პოზიტიურია, მაგრამ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს და მეტად გააქტიურდეს.

როგორც #რედაქტ2-თან ინტერვიუში ბექა ჯაყელმა აღნიშნა, რამდენიმე კვირის წინ ის ახლადშექმნილი კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს ესაუბრა.

„სანდრო ონოფრიშვილს ვიცნობ როგორც ქმედით, შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს. ჩვენი კომუნიკაციის მთავარი თემა იყო, როგორ შეიძლება მაქსიმალურად ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებში და გაიზიარონ უცხოური გამოცდილება.

საქართველოს შემთხვევაში, ძალიან მოკლედ გეტყვით, რა არის მოცემულობა - დღეს ქვეყანაში არის 103 კურორტი და 182 საკურორტო ადგილი. მათ შორის საერთო ის არის, ორივე შემთხვევაში არსებობს სამკურნალო ფაქტორი, მაგრამ საკურორტო ადგილს არ აქვს არანაირი ინფრასტრუქტურა; ამდენად, როცა ვსაუბრობ ახალი საკურორტო ადგილების შექმნასა და განვითარებაზე, ვგულისხმობ სწორედ ამ 182 ადგილის განვითარებას. საქართველოში გვხვდება როგორ კლიმატური, ისე ბალნეოლოგიური, კლიმატო-ბალნეოლოგიური, ბალნეო-კლიმატური და ტალახის კურორტები და საკურორტო ადგილები, მაგრამ პირველ რიგში, უნდა ჩატარდეს სამკურნალო ფაქტორების მეცნიერული კვლევები, რომელიც ამ კურორტების და საკურორტო ადგილების სამკურნალო თვისებებს ხელახლა დაადასტურებს, ვინაიდან არსებული კვლევები ძალიან დიდი ხნის წინ ჩატარდა. მას შემდეგ, რაც კვლევები განახლდება, სასურველია, სახელმწიფომ უზრუნველყოს საკურორტო ადგილების საინვესტიციო პაკეტების მომზადება და მიმზიდველი პირობებით ინვესტორებისთვის შეთავაზება - ამაში არის სწორედ სახელმწიფოს როლი. გარდა ამისა, მიღებული საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობა საკურორტო ადგილებისთვის საბაზო ინფრასტრუქტურის შექმნა და კეთილმოწყობაა - მისასველი გზების მოწყობა, წყალმომარაგების და კანალიზაციის ერთიანი სისტემების უზრუნველყოფა და ა.შ.“, - განაცხადა ბექა ჯაყელმა.

ახალი საკურორტო ადგილების შექმნის მიმართულებით, კიდევ ერთი რეკომენდაცია, რომელიც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში სახელმწიფოებთან ურთიერთობის ხელმძღვანელს საქართველოს მთავრობისთვის აქვს, სოფლების, როგორც ტურისტული ადგილების განვითარებაა.

„2030 წლისთვის 5 მილიარდზე მეტი მოქალაქე იცხოვრებს ქალაქებში და ადამიანებს ექნებათ სურვილი, მშვიდ, მყუდრო გარემოში იმოგზაურონ და დაისვენონ. საქართველოში კი, ძალიან ბევრი ისეთი სოფელია, რომელთაც ტურისტების მოზიდვის უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ეს ხელს შეუწყობს რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნას, ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოცულობის ზრდას და სოფლებიდან ქალაქებში, მთიდან ბარში მიგრაციის მასშტაბის შემცირებას.
ბუნებრივია, ეს დაკავშირებულია დროსთან, ინვესტიციებთან და ადვილი ამოცანაა არაა, მაგრამ სურვილის შემთხვევაში, ასეთი ადგილების იდენტიფიცრება და განვითარება რეალურია. ამ მიზნის მისაღწევად კი, ყველაზე მნიშვნელოვანია სხვადასხვა საჯარო უწყებას შორის კოორდინაცია“, - აღნიშნა ბექა ჯაყელმა.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისას, UNWTO-ს წარმომადგენელი ამბობს, რომ ორიენტირი შორეულ ბაზრებზე უნდა გაკეთდეს.

„პანდემიის შემდგომი პერიოდისთვის, საგრძნობლად გაზრდილი კონკურენციის პირობებში, ტურისტული ადგილების პოზიციონირების მიმართულებით თვისობრივად შეიცვლება მიდგომები. არსი კი მომხმარებლის ქცევის შესწავლა იქნება. ამ გარემოების გათვალისწინებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვნად მიმაჩნია შორეულ ბაზრებზე მარკეტინგული მუშაობის გააქტიურება, ვგულისხმობ იმ ბაზრებს, სადაც მაღალშემოსავლიანი სოციუმია ( აშშ, დიდი ბრიტანეთი და სხვა ანგლოსაქსური და დასავლეთ ევროპის რამდენიმე ბაზარი - უმთავრესია გერმანია, ასევე ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა და უნდოეთი). ამ თვალსაზრისით, ორი რამ იქნება მნიშვნელოვანი:

1) ზოგადი მარკეტინგიდან კონკრეტულ ბაზარსა და მომხმარებელზე ორიენტირებულ მარკეტინგზე გადასვლა სხვადასხვა სამომხმარებლო სეგმენტის გათვალისწინებით;
2) კონკრეტული ბაზრების მარკეტინგული კვლევისთვის ბიუჯეტის გაზრდა.

რაოდენობის მხრივ, მეზობელი ქვეყნებიდან ვიზიტების რაოდენობა დიდი ხნის განმავლობაში დომინანტი იქნება, ვინაიდან ჩამომსვლელთა უმრავლესობა სახმელეთო საზღვრებიდან შედის ქვეყანაში, მათ შორის ვაჭრობის და ტრანზიტის მიზნით. შორეულ ბაზრებზე სპეციალიზებული მარკეტინგის წარმოებას ეფექტი გრძელვადიან პერიოდში ექნება; პირველი საგრძნობი ეფექტი 3-5 წელიწადში შეიძლება იყოს. ასე მოხდება შორეული და განვითარებული ქვეყნების ხვედრითი წილის ზრდა საქართველოს ტურისტულ ბაზარზე.

ამასთან, ჩემი აზრით, ხუთი ძირითადი უპირატესობა, რომელიც შორეული და განვითარებული ქვეყნებიდან ჩამომსვლელ ტურისტებს ექნებათ საქართველოსთვის, მდგომარეობს შემდეგში:

1) ამ კატეგორიის ტურიტების დანახარჯები, (საერთაშორისო ტრანსპორტის გამოკლებით), დაახლოებით, სამჯერ აღემატება მეზობელი ქვეყნებიდან ჩამომსვლელი ვიზიტორების დანახარჯებს.
2) ისინი გამოირჩევიან მოგზაურობის მაღალი ეთიკური და კულტურული ღირებულებებით;
3) სწორედ ამ კატეგორიის ტურისტები პირდაპირ თუ ირიბად ახდენენ გავლენას ქვეყანაში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
4) გარდა მოგზაურობის უმთავსესი მიზნისა, ისინი ფართოდ ეცნობიან ქვეყნის კულტურას – აქტიურად სტუმრობენ სხვადასხვა მუზეუმს, გალერეას და ასე შემდეგ.
5) გრძელვადიან პერიოდში ისინი უზრუნველყოფენ ქვეყანაზე სწორი და მყარი მოსაზრების ჩამოყალიბებას, რომელსაც ითვალისწინებენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები მოგზაურობის დაგეგმვისთვის", - აცხადებს ბექა ჯაყელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები