მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მოვაგვაროთ მეტროში საცობების პრობლემა? - ბაბუნაშვილის პოზიცია

633e94a0bd35d
თათია ჩაფიჩაძე
07.10.22 20:00
961
ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ბაბუნაშვილი მეტროში საცობების პრობლემის მოგვარებაზე საუბრობს. მან პრობლემის მოგვარების გზად „ახმეტელის თეატრის“ შემთხვევაში ტურნიკეტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, მისი სწრაფად ფუნქციონირება და მეორე ამოსასვლელის მოწყობა დაასახელა. 

მისი მოსაზრებით, სადგურის მოედანზეც საჭიროა მეორე პარალელური გვირაბის გაყვანა. 

„ნებისმიერი პრობლემა, რასაც ვხედავთ გამტარუნარიანობას უკავშირდება, რომელიც იზომება რიცხვებში, თუ რამდენი ადამიანი შეგვიძლია გადავიყვანოთ დროის რაღაც ერთეულში. როდესაც ჩვენ გვყავს უფრო მეტი მგზავრი, საცობს ვიღებთ. მეტროს გამტარუნარიანობა ითვლება შესასვლელიდან ამოსასვლელამდე, ხშირად ვაწყდებით კომენტარებს, რომ მატარებლების დამატება უშველის ხალხს, მაგრამ ასე არ არის. მატარებლების გრაფიკი ერთ-ერთი ნაწილია, მაგრამ მნიშვნელოვანია დერეფნები, რითაც მგზავრი მეტროში ჩადის, ის ტურნიკეტები, რომელსაც ვადებთ ბარათს და გავდივართ და შემდეგ ესკალატორები, ეს ყველაფერი უნდა მოქმედებდეს სინქრონულად.

ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი სუსტი წერტილი, ეს არის სადგურის მოედანი და ახმეტელის თეატრი, რომელთაც ეტაპობრივად ვარკეთილიც ემატება. შვიდი ტურნიკი საათში 6 000 - 6 500 ადამიანს ატარებს. ერთი ესკალატორი კი 12 000-სს. მატარებელი დღევანდელი ტრაფიკით თითო მიმართულებით 20 000-მდე ადამიანს ატარებს. შუა სადგურებში კიდევ უფრო მეტი - 40 000-მდე ადამიანი გადის. სუსტი წერტილია ტურნიკეტი, რადგან იქამდე მისვლას უფრო დიდი დრო უნდა.

რამდენიმე გზით შეიძლება ამის გაზრდა. თუ შესაძლებელია პროგრამულად, ერთი ბარათის დადებიდან მეორე ბარათის წაკითხვამდე ინტერვალი შემცირდეს, თუ უფრო სწრაფად გაიხსნება გასასვლელი, პიკის საათის დროს საცობს ესეც უშველის. თუმცა იმის ილუზია, რომ ეს საცობებს შეცვლის, უსაფუძვლოა. ეს არის კონკრეტულ ადგილას კონკრეტული პრობლემის მოგვარების გზა", - განაცხადა ბაბუნაშვილმა.

ის მიიჩნევს, რომ მიწისზედა ტრანსპორტის განვითარება ასევე რეალისტურია.

"რიგის მომწესრიგებლების დაყენება ცხადია დროებითი გამოსავალია. ყველაზე რეალისტურ გამოსავლად მე მეჩვენება მეორე პარალელური გვირაბის გაყვანა სადგურების ქვევით, სადაც კიბით ჩავა მგზავრი და ამოვა მეორე სადგურზე. არის კიდევ მეორე ვარიანტი ამ გვირაბის გაფართოება და მასში ესკალატორების დაყენება, მაგრამ ტექნიკურად ეს ძალიან რთულია. ამ ტერიტორიაზე გეოლოგიური პირობები საკმაოდ რთულია, თავის დროზე ინოვაციური მეთოდები გამოიყენეს და დღეს თუ კვლავ ამ გვირაბის გახსნას გადავწყვეტთ, რთულ გეოლოგიასთან ბრძოლა მოგვიწევს, რომელიც არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდება. მეორე გვირაბის გაყვანის შემთხვევაში ჩვენ არ მოგვიწევს ამ გვირაბის დაკეტვა რაც არის.

რაც შეეხება "ახმეტელს", აქ გვაქვს რეზერვი მეორე ამოსასვლელის სახით, ეს არის შეშელიძის ქუჩაზე. სამწუხაროდ, ეს ტერიტორიები გაყიდულია და დარჩენილია ძალიან ვიწრო ამოსასვლელი, გვჭირდება მფლობელებთან მოლაპარაკება, რომ ამოსასვლელი გაიხსნას. ამოსასვლელი გაყვანილია, დაახლოებით 70-80%-ით თუმცა სამუშაოები დიდია, სადღაც 15 ათასს დოლარამდეა საჭირო. დროში რთული სათქმელია, რა პერიოდი დასჭირდება ამას, ყველა პირობის გავლის შემდეგ მე არ მგონია რეალისტური იყოს ამ ყველაფრის 3 წელიწადზე ნაკლებ დროში დასრულება“, - განაცხადა ბაბუნაშვილმა.

ცნობისთვის: მეტრო სადგურებში „ახმეტელის თეატრი“ და „ვარკეთილი“ ახალი ე.წ. ტურნიკეტები დამონტაჟებაზე განცხადება თბილისის მერმა გააკეთა. როგორც კალაძემ განმარტა, არსებული 7 გასასვლელის ნაცვლად რეაბილიტაციის შემდეგ რაოდენობა 9-მდე გაიზრდება რაც მგზავრთნაკადის რაოდენობას დაახლოებით 30%-ით გაზრდის. პროექტის განხორციელების სავარაუდო ვადა 5-6 თვეა, გრძელვადიან პერიოდში კი აზიის განვითარების ბანკთან ერთად დაგეგმილია ახმეტელის თეატრის მეორე ჩასასვლელის მოწყობაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები