საქართველოს ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე #BMGDRIVE-ში ყვება ისტორიას, როდის და როგორ დაიწყო მისი საქმიანობა ეროვნულ ბანკში.
"ეს საინტერესო ისტორიაა ჩემთვის. ფინანსებზე და კრედიტზე ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კარგი სტუდენტი ვიყავი, წითელ დიპლომზე დავამთავრე უნივერსიტეტი. სადღაც მეოთხე კურსზე ისეთი გრძნობა გამიჩნდა, რომ რაღაც უფრო მეტი მინდოდა. რა თქმა უნდა ვკითხულობდი ლიტერატურას, წიგნებს, რაც იმ დროისთვის იყო ხელმისაწვდომი. სხვათაშორის, მაშინ ინგლისური არ ვიცოდი. ჩემი პირველი უცხო ენა ფრანგულია, რა ენაზეც მაშინ არ იყო ბევრი ლიტერატურა, ძირითადად რუსულად ითარგმნებოდა.
დავიწყე მუშაობა ეკონომიკურ მიმომხილველად გაზეთ "ივერია ექსპრესში". საინტერესო დრო იყო, ბევრი რამ ხდებოდა, ბევრი კარგი რამ არ ხდებოდა, მაგრამ ფაქტებით დატვირთული პერიოდი იყო, რასაც სხვადასხვა მიმართულებით ვაშუქებდი. ერთხელაც იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პრესკონფერენცია. მაშინ სებ-ის პრეზიდენტი იყო დემურ დვალიშვილი. სახელმწიფო კანცელარიაში იყო ეს პრესკონფერენცია, სადაც წავედი როგორც ჟურნალისტი და რამდენიმე კითხვა დავსვი.
როცა დასრულდა ეს შეხვედრა, მომიახლოვდა ერთი ადამიანი და მითხრა, რომ სებ-ის პრეზიდენტს სურდა ჩემთან დალაპარაკება. მივედი რა თქმა უნდა და მან მკითხა, თუ რომელი გამოცემიდან ვიყავი. ვუთხარი, რომ ჟურნალისტი არ ვიყავი, ვიყავი ეკონომისტი. მაშინ თქვენი კითხვები გასაგებიაო მითხრა. საინტერესო კითხვები გქონდა ძალიანო. 1993 წელია, 22 წლის ვიყავი. მითხრა, არ გინდა ეროვნულ ბანკში მუშაობაო? ეს იყო ჩემთვის ძალიან გასახარი ამბავი და აი ასე დავიწყე ეროვნულ ბანკში მუშაობა, 1993 წლის 4 ოქტომბერი იყო"-ყვება კობა გვენეტაძე.
ის საქართველოს ეროვნულ ბანკს, პრეზიდენტის რაგში 2016 წლის მარტიდან ხელმძღვანელობს.




























