როგორ მუშაობს სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა? - BMG გთავაზობთ ბლოგების ციკლს, რომელსაც პროფესორი ამირან გამყრელიძე BMGTV-ის გადაცემა "ჯანდაცვის სტანდარტისთვის" ამზადებს.
ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული და ძვირად ღირებულია. ის მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა განვითარებული ქვეყნების სისტემებისგან თავისი დაფინანსების მოდელით, სტრუქტურითა და სერვისების მიწოდების მექანიზმებით.
აშშ-ის ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება უპირატესად ხორციელდება კერძო (ნებაყოფლობითი) დაზღვევით, რომელსაც დასაქმებულთა უმეტესობა სამუშაო ადგილზე იღებს დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებული სამედიცინო დაზღვევის პაკეტის სახით, ან ინდივიდუალურად ყიდულობს მას.
ე.წ.„ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტმა“, რომელსაც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2010 წელს მოაწერა ხელი და შემოიტანა სავალდებულოობის ელემენტი, დაადგინა „ძირითადი ჯანმრთელობის სარგებელი“ (Essential Health Benefits), რომელიც ყველა სადაზღვევო გეგმამ უნდა დაფაროს. დღემდე ფართო პოლიტიკური და პროფესიული დისკუსიის საგანია ე.წ. "ობამაქეარი".
გარდა დაზღვევისა აშშ-ში მოქმედებს რამდენიმე მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც ფედერალური ბიუჯეტი აფინანსებს:
1) Medicare - ფედერალური პროგრამა, რომელიც ძირითადად განკუთვნილია 65 წელზე უფროსი ასაკის პირებისთვის, ასევე გარკვეული კატეგორიის ახალგაზრდებისთვის მძიმე შეზღუდული შესაძლებლობებით;
2) Medicaid - ერთობლივი ფედერალური და შტატის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურებას დაბალი შემოსავლის მქონე პირებისა და ოჯახებისთვის; 3) პროგრამა ბავშვებისთვის, რომელთა ოჯახები არ არიან საკმარისად ღარიბი Medicaid-ისთვის, მაგრამ არ აქვთ საშუალება შეიძინონ კერძო დაზღვევა; 4) ჯანდაცვის სისტემა ვეტერანებისთვის. ასევე ჯიბიდან გადახდები (Out-of- Pocket Payments) - როდესაც პაციენტები პირდაპირ იხდიან სამედიცინო მომსახურების საფასურს, თუ მათ არ აქვთ დაზღვევა ან დაზღვევა არ ფარავს კონკრეტულ მომსახურებას.
აშშ მშპ-ის ყველაზე მაღალ პროცენტს ხარჯავს ჯანდაცვაზე მსოფლიოში, თუმცა ეს ყოველთვის არ აისახება უკეთეს ჯანმრთელობის მაჩვენებლებში. ბოლო მონაცემებით 2023 წლისთვის ერთ სულ მოსახლეზე ჯანდაცვის ხარჯებმა აშშ-ში $13,432 შეადგინა რაც დაახლოებით ორჯერ მეტია, ვიდრე სხვა მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ჯანდაცვაზე საერთო დანახარჯები ($7,393). აშშ ჯანდაცვაზე ხარჯავს მთლიანი შიდა პროდუქტის 16.7% რაც დაახლოებით, 4.5 ტრილიონ დოლარზე მეტს შეადგენს. და მაინც 2023 წელს აშშ-ის მოსახლეობის 8% (დაახლოებით 26 მილიონი ადამიანი) დაუზღვეველი იყო.
აშშ-ში დაბადებისას სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 78.4 წელს, რაც დაბალია OECD-ის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით (82.5 წელი). 2023 წლის წინასწარი მონაცემებით, აშშ-ში ჩვილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი იყო 5.61 გარდაცვლილი ჩვილი 1,000 ცოცხალ დაბადებულზე. მაღალია ქრონიკული დაავადებების (მაგალითად, დიაბეტი, სიმსუქნე) გავრცელება. 2023 წელს აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 76.4%-ს (დაახლოებით 194 მილიონი ადამიანი) ჰქონდა ერთი ან მეტი ქრონიკული დაავადება.
ამერიკის ჯანდაცვის სისტემა მოსახლეობას სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრსა და მომსახურების ძალიან მაღალ ხარისხს, თუმცა მათი ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია დაზღვევაზე და პაციენტის ფინანსურ შესაძლებლობებზე. აშშ-ის ჯანდაცვის სისტემა გამოირჩევა ინოვაციებითა და მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით, მაგრამ მის დაფინანსების მოდელსა და სტრუქტურას თან ახლავს მაღალი ხარჯები.
2023 წლის მონაცემებით, აშშ-ში დაახლოებით 302 ექიმი და 1,219 ექთანია 100 000 მოსახლეზე. თუმცა, მიუხედავად ამ მაღალი მაჩვენებლისა, ქვეყანა მუდმივად აწყდება ექთნების დეფიციტის პრობლემას. ზოგადად, აშშ-ს გააჩნია ჯანდაცვის მუშახელის დიდი და კვალიფიციური რესურსი, მაგრამ მათი განაწილება არათანაბარია.
ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერია მსოფლიოში ჯანდაცვის კვლევების სფეროში, რაშიც უდიდეს როლს თამაშობს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტები (NIH). NIH მსოფლიოში ბიოსამედიცინო და ქცევითი კვლევების უმსხვილესი საჯარო დამფინანსებელია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ხელს უწყობს სამეცნიერო ინოვაციებსა და გარღვევებს მედიცინაში.
ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო განათლების სისტემა მკაცრი, ხანგრძლივი და მრავალსაფეხურიანია, რომელიც მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური ექიმების მომზადებას.
სამედიცინო სკოლაში (Medical School) ჩასაბარებლად აუცილებელია ოთხწლიანი ბაკალავრიატის პროგრამის დასრულება. სტუდენტები, როგორც წესი, ირჩევენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების (ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა) სპეციალობებს, რადგან მათ შორისაა სამედიცინო სკოლაში მიღებისთვის საჭირო აუცილებელი საგნები, მაღალი მოსწრება და რეკომენდაციები. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, ან ხშირად დასრულებამდე, სტუდენტები აბარებენ MCAT (Medical College Admission Test) გამოცდას. ეს არის სტანდარტიზებული, მრავალშინაარსიანი ტესტი, რომელიც აფასებს პრობლემის გადაჭრის, კრიტიკული აზროვნების, წერითი უნარების და სამეცნიერო ცოდნის დონეს. MCAT-ის მაღალი ქულა გადამწყვეტია სამედიცინო სკოლაში მოსახვედრად.
სამედიცინო სკოლაში სწავლა, როგორც წესი, ოთხ წელს გრძელდება. პირველი ორი წელი ძირითადად თეორიულ განათლებას ეთმობა, რომელიც მოიცავს ფუნდამენტურ მეცნიერებებს (ანატომია, ფიზიოლოგია, ბიოქიმია, ფარმაკოლოგია, მიკრობიოლოგია და ა.შ.) და დაავადებათა საფუძვლებს. ბოლო ორი წელი ძირითადად კლინიკურ როტაციებს მოიცავს (Clerkships). სტუდენტები მუშაობენ საავადმყოფოებსა და კლინიკებში სხვადასხვა სპეციალობის ექიმების ზედამხედველობის ქვეშ. სამედიცინო სკოლის განმავლობაში სტუდენტები აბარებენ სერიულ გამოცდებს: USMLE (United States Medical Licensing Examination): ეს სამნაწილიანი გამოცდაა MD ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტებისთვის.
სამედიცინო სკოლის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდა ექიმები იწყებენ რეზიდენტურას, რაც წარმოადგენს სპეციალიზებულ პრაქტიკულ მომზადებას კონკრეტულ სამედიცინო სფეროში (მაგალითად, კარდიოლოგია, ნეიროქირურგია, ოჯახის ექიმი), რომლის ხანგრძლივობა სპეციალობის მიხედვით განსხვავდება და 3-დან 7+ წლამდე მერყეობს.ეს გახლავთ ინტენსიური ტრენინგი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ, სადაც ექიმები სრულად არიან ჩართულნი პაციენტების მოვლაში.ზოგიერთი ექიმი, კონკრეტულად ვიწრო სუბ-სპეციალობაში გასაღრმავებლად(მაგალითად, კარდიოქირურგია, ონკოლოგია, ბავშვთა ნევროლოგია)აგრძელებს სწავლას ე.წ. ფელოუშიპის პროგრამებზე,რაც რეზიდენტურის შემდგომ დამატებით 1-3 წლიან ტრენინგს მოიცავს. მთელი ამ პროცესის დასრულების შემდეგ, ექიმებმა უნდა მოიპოვონ სახელმწიფო ლიცენზია სამედიცინო პრაქტიკის განსახორციელებლად. ასევე, ბევრი ექიმი გადის საბჭოს სერტიფიცირებას (Board Certification) კონკრეტულ სპეციალობაში, რაც ადასტურებს მათ მაღალ კვალიფიკაციას და ცოდნას.
ამერიკის სამედიცინო განათლების სისტემა განთქმულია თავისი სიმკაცრით, მაღალი სტანდარტებითა და ინოვაციური მიდგომებით, რაც უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურების მაღალ ხარისხს, თუმცა ამავდროულად,ეს არის ძალიან ხანგრძლივი და ძვირად ღირებული გზა. ვფიქრობ,ამ თვალსაზრისით ბევრი რამეა გასათვალისწინებელი ჩვენი სამედიცინო განათლების სისტემისთვისაც, უკეთესი და მაღალპროფესიული სამედიცინო კადრების მისაღებად.



























