სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სეტყვისგან დაცვის არაერთი მეთოდი არსებობს, მათ შორის ყველაზე გავრცელებული კი დამცავი ბადეა, რომელიც მოსავლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
დამცავი ბადე მარტივი პრინციპით მუშაობს, ის ბაღის ან ვენახის გარშემო საყრდენი ბოძებისა და ექვსკუთხა მილების დახმარებით იჭიმება. მწარმოებლების მიხედვით, ბადის სტრუქტურა, ხარისხი და ზომები განსხვავებულია, თუმცა, ძირითადად, თითო ნაჭრის სიგრძე 100 მეტრს აღწევს და მისი ფორმის შეცვლა სურვილის მიხედვითაა შესაძლებელი.
ბადე როგორც სეტყვის, ფიზიკური დაზიანებისა და ქარისგან დაცვას უზრუნველყოფს, ისევ ასევე წარმოადგენს ერთგვარ ბარიერს, რომელიც მცენარეებს ცხოველების, ფრინველებისა და მწერებისგან იცავს.
სეტყვის საწინააღმდეგოდ ასევე აქტიურად იყენებენ ღრუბლების დამშლელ სარაკეტო სისტემას, რომელიც შემდეგი პრინციპით მუშაობს: პირველ რიგში, ამინდის მონიტორინგის სისტემა აიდენტიფიცირებს სეტყვის წარმომქმნელ ღრუბლებს. ამის შემდეგ, გამშვები სისტემა გაისვრის რაკეტას, რომელიც 2-დან 6 კილომეტრის სიმაღლეზე ფეთქდება.
რაკეტა შეიცავს ვერცხლის იოდიდის ნაწილაკებს, რომლის აფეთქება ჰაერში ამ ნივთიერების გაფრქვევას იწვევს. ვერცხლის იოდიდი რეაქციაში შედის წყლის მოლეკულებთან და ის ორთქლის კონდენსირებას იწვევს. ტემპერატურის ცვლილების შედეგად, ორთქლი წვეთად გარდაიქმნება და ის მიწაზე არა კრისტალიზებული, არამედ თხევადი ფორმით ეცემა. სწორედ ამ გზით სარაკეტო სისტემა ახერხებს სეტყვის შეჩერებას და მოსავლის დაცვას.