გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში უმაღლესი სასწავლებლის აკადემიურ ხარისხსა და პრესტიჟს, სხვა ფაქტორებთან ერთად, ავტორიტეტული საერთაშორისო რეიტინგები განსაზღვრავს.
ყველაზე ავტორიტეტულ სარეიტინგო გამოცემებად კი Times Higher Education და QS World University Rankings არიან აღიარებული, რომელთა ყოველწლიური მონაცემებიც აბიტურიენტებისთვის, მეცნიერებისა და დამსაქმებლებისთვის მთავარ ორიენტირს წარმოადგენს.
ამ სიებში მოხვედრა და პოზიციონირება ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია: ეს არის განათლების სისტემის ხარისხის საერთაშორისო აღიარება, რაც პირდაპირ აისახება უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და დიპლომის საერთაშორისო ვალიდურობაზე.
2026 წლის ჩათვლით გამოქვეყნებულ რეიტინგებში ქართული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები ყოველწლიურად პოზიციონირებენ. აღნიშნული პლატფორმები მათ სწავლების ხარისხის, კვლევის ხარისხის, კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლებითა და სხვა მსგავსი კომპონენტებით აფასებენ.
Times Higher Education
Times Higher Education-ის 2026 წლის რეიტინგში, არანჟირებაში 3 118 უნივერსიტეტი მოხვდა, რეიტინგი კი 2 191 მათგანს მიენიჭა, მსოფლიოს 115 ქვეყნიდან და ტერიტორიიდან.
ქართული უნივერსიტეტები რეიტინგში მოხვედრილი 2 100+ ინსტიტუციიდან სამია, რომლებსაც THE-მ შეფასება მიანიჭა.
უნივერსიტეტები ასევე შეფასდნენ 5 კრიტერიუმით: სწავლების ხარისხი, კვლევითი გარემო (კვლევების რაოდენობა, შემოსავალი და რეპუტაცია), კვლევების ხარისხი, ინდუსტრია (უნივერსიტეტის უნარი, ინდუსტრიას ინოვაციები შემატოს) და საერთაშორისო პერსპექტივა (უნივერსიტეტის უნარი, მიიზიდოს აბიტურიენტები, მაგისტრანტები და პროფესორ-მასწავლებლები).
1201-1500 პოზიციაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მოხვდა. უნივერსიტეტის ზოგადი შეფასება 27.3-32.0 დიაპაზონში მერყეობს. ილიას უნივერსიტეტს ყველაზე მაღალი ქულა - 53.0 - საერთაშორისო პერსპექტივის ქვეკატეგორიაში აქვს. ყველაზე დაბალი კი კვლევით გარემოში, რომელსაც THE 9.7 ქულით აფასებს.
1500+ პოზიციებზეა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ორივე უნივერსიტეტის შეფასება 10.3-27.2 დიაპაზონში მერყეობს.

Times Higher Education ცალკე თვლის უნივერსიტეტების რეიტინგს საგნებისა და ინტერდისციპლინარული მეცნიერების მიხედვით, სადაც 2026 წელს 1 267 უნივერსიტეტი ხვდება.
2026 წლის Times Higher Education-ის ინტერდისციპლინური კვლევების რანჟირებაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ქვეყნის მასშტაბით პირველ ადგილზეა. მისი შეფასება ორჯერ მაღალია რანჟირებაში მოხვედრილი სხვა ქართული უნივერსიტეტების მონაცემებზე.
კერძოდ, ილიაუნი მსოფლიოს მასშტაბით 401-500 ჯგუფშია, 37.7-41.1 შეფასებით. ქვეკატეგორიებში კი უნივერსიტეტს 51.9 ქულა აქვს შედეგებში: პუბლიკაციები, კვლევითი ხარისხი და აკადემიური რეპუტაცია.
801+ ჯგუფში მოხვდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 8.8-24.2 შეფასებით. სტუ-მ უმაღლესი ქულა - 33.3 - პროცესის შეფასების ქვეკატეგორიაში აიღო: წარმატების ინდიკატორები, ინფრასტრუქტურა, ადმინისტრაციული მხარდაჭერა და კვლევის ხელშეწყობა. რაც შეეხება თსუ-ს, უნივერსიტეტმა უმაღლესი ქულა - 14.3 - დაფინანსებისა და რესურსების ქვეკატეგორიაში მიიღო.
საგნების მიხედვით ჩაშლილ რეიტინგში, THE მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს ავლენს, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით, მათ შორის ბიოლოგიისა და სხვა საგნების მიმართულებით. ამ კატეგორიაში მოხვედრილი 1 211 უნივერსიტეტიდან ქართული მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომელიც 29.3-35.4 ქულით 601-800 პოზიციებზეა.
ფიზიკური მეცნიერებების რეიტინგში, რომელიც უნივერსიტეტებს რამდენიმე ძირითადი დისციპლინის მიხედვით აფასებს - ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა, სტატისტიკა, ასტრონომია, გეოლოგია და გარემოსდაცვითი, დედამიწისა და საზღვაო მეცნიერებები - კვლავ ეს სამი უნივერსიტეტი ფიგურირებს.
ბოლო კატეგორია, რომელშიც ქართული უნივერსიტეტები მოხვდნენ სოციალური მეცნიერებებია, რომელშიც ილიას უნივერსიტეტი 601-800 სექციაშია, თსუ კი - 1001+ სექციაში.
QS World University Rankings
QS World University Rankings-ის 2026 წლის რეიტინგში მსოფლიოს წამყვანი 1504 უნივერსიტეტი მოხვდა, 100 ქვეყნიდან და ტერიტორიიდან.
ამ რეიტინგში საქართველოდან ორი უნივერსიტეტი პოზიციონირებს:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 951-1000 პოზიციებზეა.
ქვეკატეგორიების მიხედვით, თსუ-ს შეფასებები ასე ნაწილდება:
| კვლევა და აღმოჩენა | |
| ციტირებები ფაკულტეტის მიხედვით | 1.4 |
| აკადემიური რეპუტაცია | 11.9 |
| სწავლის გამოცდილება | |
| ფაკულტეტისა და სტუდენტების თანაფარდობა | 83.5 |
| დასაქმება | |
| დამსაქმებლის რეპუტაცია | 1.4 |
| კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი | 95.2 |
| გლობალური ჩართულობა | |
| საერთაშორისო სტუდენტების თანაფარდობა | 7.5 |
| საერთაშორისო კვლევითი ქსელი | 24.7 |
| საერთაშორისო ფაკულტეტის თანაფარდობა | 1.9 |
| საერთაშორისო სტუდენტების მრავალფეროვნება | 12.2 |
| მდგრადობა | 18.2 |
1001-1200 არანჟირებაშია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომლის შეფასებაც ასე ნაწილდება:
| კვლევა და აღმოჩენა | |
| ციტირებები ფაკულტეტის მიხედვით | 54.4 |
| აკადემიური რეპუტაცია | 7.1 |
| სწავლის გამოცდილება | |
| ფაკულტეტისა და სტუდენტების თანაფარდობა | 1 |
| დასაქმება | |
| დამსაქმებლის რეპუტაცია | 7.1 |
| კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი | 29.3 |
| გლობალური ჩართულობა | |
| საერთაშორისო კვლევითი ქსელი | 7.8 |
| მდგრადობა | 3 |




























