მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ რეაგირებს სამინისტრო გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებზე? - სააგენტოს ხელმძღვანელის პასუხი

სტიქია

2024 წლის 7 თებერვლის ღამეს, ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში მეწყერმა 4 საცხოვრებელი სახლი მოიყოლა. მომხდარიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ ბაღდათის სოფლებში, მათ შორის ნერგეეთში, 2023 წლისთვის მეწყრული პროცესების რისკის შესახებ, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჯერ კიდევ 2022 წელს იცოდა. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტი საინფორმაციო ბიულეტენში წერდა.

ნერგეეთში მომხდარი სტიქიის შესახებ ანგარიში დღეს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ წარადგინა, რის შემდეგაც, სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვასილ გედევანიშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მათ შორის ერთ-ერთი სწორედ გარემოს დაცვის სამინისტროსათვის გაგზავნილ ბიულეტენს შეეხებოდა - რამდენად ითვალისწინებს უწყება სააგენტოს რეკომენდაციებს და თუ ეცნობიან პასუხისმგებელი პირები კვლევის შედეგებს?

“ვერ ვიტყოდი, რომ არ იციან, რა წერია დასკვნებში. სამწუხაროდ, მე ვერ გეტყვით სტატისტიკას, ჩვენ მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე რა ღონისძიებები გატარდა სხვადასხვა რეგიონებში, თუმცა, როგორც ვიცი, მათ საკმაოდ ყურადღებით ეცნობიან ადგილზე.

რაც შეეხება ბიულეტენში არსებულ ინფორმაციას, ეს იყო ზოგადი საპროგნოზო შეფასება სამომავლო რისკებისა, რომელიც ამ რეგიონს უკავშირდებოდა. სამწუხაროდ, დასავლეთის რეგიონი საკმაოდ მოწყვლადია მეწყერული პროცესების მიმართ. ეს იყო ზოგადი პროგნოზი 2022 წლის, რომლითაც კონკრეტულად ვერ ვიმსჯელებდით, რომელ ფერდობზე რა მოხდებოდა. ბუნებრივია, დამატებითად ვწვალობთ სხვადასხვა ტერიტორიებს და პროცესებს, თუმცა ძალიან რთულია, კონკრეტული რისკი შეაფასო და დეტალური ანალიზი გქონდეს. როდესაც დეტალური შეფასება და რეკომენდაცია გაცემული გვაქვს, შესაბამისი ღონისძიებები ტარდება”, - ამბობს ვასილ გედევანიშვილი.

სააგენტოს ხელმძღვანელმა ისიც აღნიშნა, რომ ბუნებრივ მოვლენებზე მყისიერი რეაგირებისთვის, არა მხოლოდ სამინისტროს მოქმედება, არამედ საზოგადოების ჩართულობაც მნიშვნელოვანია.

“მნიშვნელოვანია ჩვენი რეკომენდაციები და ამას ყურადღებით უნა მოეკიდოს ყველა, მათ შორის საზოგადოებაც. პროცესში საზოგადოების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი ფაქტორი შეიძლება არსებობდეს, მათ შორის ვიზუალური, რომლის საფუძველზეც შეიძლება ჩვენ ინფორმაცია მოგვეწოდოს და შესაბამისი, მყისიერი რეაგირება გვქონდეს მასზე. არაერთხელ ვთქვით, რომ მსგავსი ნაპრალის, ეროზიის, ქვათაცვენის თუ რაიმე უჩვეულო მოვლენის შემჩნევის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა დაგვიკავშირდნენ გარემოს დაცვის სააგენტოს ცხელ ხაზზე”, - აცხადებს გედევანიშვილი.

ცნობისთვის, სტიქიის შემდეგ ადგილზე ჩასულმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა, მედიასთან უარყო ინფორმაცია, რომ მეწყერის გააქტიურების რისკის შესახებ ხელისუფლება ინფორმირებული იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები