როგორ შეიძლება დასრულდეს პანდემია საქართველოში? - ამ კითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში უპასუხა და სამი ფაქტორი დაასახელა.
„ერთი არის ვაქცინაცია, რომლითაც უნდა იქნეს მოცული მოზრდილი მოსახლეობის სულ მცირე 70%. მაგრამ უკვე დაიწყო სხვადასხვა კვლევა ბავშვებზეც და შესაძლებელია მომავალში ჩაერთონ ბაშვებიც. მეორე გზა არის ის, რომ ამის პარალელურად, შეიქმნას ეტიოტროპული, ანუ პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც იმოქმედებს ზუსტად კორონავირუსის ამ ტიპზე. ასეთი დღეს ე.წ მილსადენებში რამდენიმე ათეულია, მაგრამ კლინიკურ გამოყენებაში დაახლოებით ხუთია. ძალიან დიდი იმედია, რომ გვიან გაზაფხულზე, ან ადრეულ ზაფხულში, უკვე გამოჩნდება ეს პრეპარატი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება. ორი აქვს ისრაელს, რამდენიმე აქვს აშშ-ს, ახალი აქვს ასევე სამხრეთ კორეას, რომელმაც ჩვენ უკვე შემოგვთავაზა.. გუშინწინ იყო ამის შესახებ დიდი განხილვა კორეის ელჩთან.
მესამე და ერთ-ერთი მთავარი გზა გახლავთ სწორედ იმ პრევენციული ღონისძიებების კარგად დაცვა, რასაც ჯანდაცვის სექტორი აჟღერებს. მათ შორის პირბადე, რომელზე უკეთესიც არაფერია. იმიტომ რომ ვაქცინაციას მოცვა სჭირდება დაახლოებით წელიწადი-წელიწადახევარი დღევანდელი ტექნოლოგიების პირობებში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, მაგალითად "ყვავილის" დროს ვაქცინაციას დასჭირდა 10-12 წელიწადი. ამასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ პანდემიას მხოლოდ საქართველო ვერ დაამაცხებს და ის მთელმა სამყარომ უნდა დაამარცხოს.




























