მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გასულ 12 თვეში? – IRI-ს კვლევის შედეგები

IRI

IRI-ს გამოკითხულთა ნახევარზე ნაკლები ჯამში 44% თვლის, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან ან გარკვეულწილად გაუარესდა, დანარჩენი 53% მიიჩნევს, რომ მდგომარეობა ან იგივეა, ან მეტ-ნაკლებად უკეთესი, ან ბევრად გაუმჯობესებული. კითხვაზე პასუხი რესპონდენტების მხოლოდ 2%-ს არ ჰქონდა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ 14 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე ჩატარებული კვლევის პერიოდში, ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, რესპონდენტთა 18% პასუხობს, რომ ის ძალიან გაუარესდა, რაც მიმდინარე წლის მარტში (23%) და ასევე გასული წლის სექტემბერში (30%) ჩატარებული კვლევის შედეგებთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია. შემცირებულია ასევე იმ გამოკითხულების რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეკონომიკურად ქვეყანაში ვითარება გარკვეულწილად გაუარესდა. ასე რესპონდენტების 26%-მა უპასუხა (2023 წლის მარტი 29%; 2022 წლის სექტემბერი 31%).

ეკონომიკის უცვლელ მდგომარეობაზე კვლევაში ჩართული პირების 30%-მა უპასუხა (2023 მარტი 29%; 2022 წლის სექტემბერი 31%); გარკვეულწილად გაუმჯობესებაზე 21% საუბრობს (2023 წლის მარტი 16%; 2022 წლის სექტემბერი), რაც გაზრდილი მაჩვენებელია. ხოლო ბევრად გაუმჯობესებაზე 2%, მარტის გამოკითხვასთან შედარებით ეს ციფრი იგივეა, გასული წლის სექტემბერთან შედარებით კი 1 პროცენტული პუნქტით მეტია.

საკუთარ ეკონომიკურ მდგომარეობას კვლევაში ჩართული პირების ნახევარზე მეტი - 59% ასე თუ ისე კარგად აფასებს, ეს მაჩვენებელი გასული მარტის და 2022 წლის სექტემბრის მაჩვენებელს აღემატება. ასევე გაიზარდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც თვლიან, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან კარგია. თუ მარტში ასე მხოლოდ 1% ფიქრობდა, სექტემბერში დადებითი პასუხი 4%-მა გასცა.

გამოკითხულთა 27% მიიჩნევს, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა მეტ-ნაკლებად ცუდია, ხოლო 10% ამ მდგომარეობას ძალიან ცუდად აფასებს. ასეთი რესპონდენტების რაოდენობაც შემცირებულია.

IRI-ს მიერ 15 ნოემბერს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები 2023 წლის 14 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის პერიოდში ჩატარებულ გამოკითხვას ასახავს. კვლევა პირისპირ ინტერვიუს გზით წარიმართა და საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტი იყო ჩართული. კვლევის შედეგების ცდომილება +/- 2.5 %-ია. გამოპასუხების მაჩვენებელი კი 73%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები