"ნიკორა ტრეიდი" დედაქალაქში მასშტაბურ ლოგისტიკურ ცენტრს გახსნის, რომლის მშენებლობაც, ორ წელიწადში უნდა დასრულდეს. როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, თემურ ალექსანდრიამ BMG-სთან აღნიშნა, ინფრასტრუქტურა, რომელიც აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა, თავისი მასშტაბებით უპრეცედენტოა და FMCG სექტორის განვითარებას ისახავს მიზნად.
"მასშტაბებით და შინაარსით უპრეცედენტო იქნება ეს ინფრასტრუქტურა. 42 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსდება სასაწყობე მეურნეობა, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნიკითა და ციფრული მართვის სისტემებით. ამ კუთხით პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმული გვაქვს, კომპანიაში დანერგილი გვაქვს SAP - ერთ-ერთი მოწინავე ციფრული გადაწყვეტილება. მწვანე კომპონენტიც ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ობიექტი სრულად აღჭურვილი იქნება მზის პანელებით, რაც მწვანე ენერგიის საკმაოდ დიდი მოცულობების გენერაციას საშუალებას მოგვცემს. ვგეგმავთ ელექტრომობილების კომპონენტის შემოტანასაც, ჩვენს ორგანიზაციაში უკვე ვტესტავთ ამ მიმართულებას.
გარდა ამისა, მნიშვნელოვნად განიტვირთება ქალაქი, რადგან ჩვენს ობიექტებს ახალი ლოგისტიკური ჰაბიდან ღამის საათებში მოვამარაგებთ, უფრო დიდი მოცულობის მანქანებით, რაც, გარდა ამისა, რომ საცობების განტვირთვას შეუწყობს ხელს, ასევე მანქანების რაოდენობასაც შეამცირებს", - ამბობს თემურ ალექსანდრია.
CEO-ს განმარტებით, ახალი ლოგისტიკური ცენტრი არა მხოლოდ კომპანიის განვითარებას შეუწყობს ხელს, არამედ დადებითად გარდაქმნის მთლიანად სექტორს და მომხმარებელთა და მცირე მეწარმეთა გამოცდილებასაც გააუმჯობესებს.
"შეიქმნება რამდენიმე ასეული სამუშაო ადგილი, მოხდება მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია, რის პოზიტიურ შედეგებსაც ვიგრძნობთ როგორც კომპანია, ასევე ჩვენი მომხმარებლები და პარტნიორები. ეს არ არის უბრალოდ საწყობის და შენობის აშენება, ეს არის დარგის მომავალში ინვესტირება. "ნიკორასთვის" ლიდერობა არ ნიშნავს მხოლოდ ბევრ მაღაზიას და დიდ ბრუნვას, პირველ რიგში ეს ნიშნავს გაბედულ ნაბიჯებს, რომლებიც ინდუსტრიის პოზიტიური გარდაქმნისკენ არის მიმართული.
გაადვილდება წვდომა მცირე მეწარმეებისთვისაც, რომლებისთვისაც დღეს დიდი გამოწვევაა სადისტრიბუციო სიმძლავრეები, რაც პრაქტიკულად არ გააჩნიათ. ინფრასტრუქტურის აშენების შემდეგ, პროდუქტს მივიღებთ ცენტრალიზებულად და ჩვენ თვითონვე გავანაწილებთ ჩვენს ქსელში. მნიშვნელოვანწილად გაუმჯობესდება მომსახურების ხარისხი, ვინაიდან, მარაგების მართვა 100%-ით ჩვენს ხელში იქნება. დღეს ჩვენ 300-მდე პარტნიორზე ვართ დამოკიდებული და შეუძლებელია, რომ 300-ვე მათგანს გამართული სისტემა ჰქონდეთ, რაც ხანდახან იწვევს წყვეტებს, ხარვეზებს, და ეს ინფრასტრუქტურა საშუალებას მოგვცემს, რომ საფუძვლიანად და მდგრადად გადავწყვიტოთ ეს საკითხი", - განმარტა თემურ ალექსანდრიას.
"ნიკორა ტრეიდის" აღმასრულებელ დირექტორს არ დაუკონკრეტებია, რა მოცულობის ინვესტიცია იდება ახალი სასაწყობე მეურნეობის აშენებაში, თუმცა BMG-სთვის ცნობილია, რომ კომპანიის მიერ 120 მილიონ ლარიანი ემისიის ორივე ტრანშით, 60-60 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციებით, სრულად ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობისკენაა მიმართული.




























