მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეცვლის "რუსული კანონი" მთავრობის და დონორების ურთიერთობას? - ინტერვიუ

თამარ სულუხია

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი მთავრობასთან თანამშრომლობას განახლებას, ჯერჯერობით, არ აპირებს. მიზეზი „რუსული კანონია“. როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა თამარ სულუხიამ განაცხადა, აუცილებელია, საქართველოს საგარეო კურსი ევროპულ გზაზე დაბრუნდეს, რაც „რუსული კანონის“ გაუქმებას მოითხოვს. მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში მესამე სექტორმა საქმიანობა ღირსეულ პირობებში გააგრძელოს. „ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, ხშირ შემთხვევაში ასრულებდა იმ სამუშაოს, რომელსაც პარლამენტი თუ მთავრობა გვიკვეთავდა, ხოლო დონორები აფინანსებდნენ... {რუსული კანონით} კი, გამოდის, რომ ვართ არა საკუთარი ქვეყნის ინტერესების გამტარებელი, არამედ უცხო ძალის აგენტი. ეს ძალიან სარკასტულად ჟღერს“, - აცხადებს თამარ სულუხია. ამასთან, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორს, ამ ეტაპზე, უჭირს იმის პროგნოზირება, „რუსული კანონის“ გამო, როგორ შეიცვლება დონორების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, მაგრამ მიაჩნია, რომ დიდი ალბათობით, ისინი სტრატეგიას გადახედავენ. „რა მოუვა დონორების დაფინანსების პორტფელს, იგივე დარჩება თუ შემცირდება, ჯერ არც ჩვენ ვიცით და მგონი, არც მათ იციან“ - აღნიშნა მან.

- რას ნიშნავს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გადაწყვეტილება, რომ არ ითანამშრომლებთ საქართველოს მთავრობასთან, რადგან ISET-ის ვებგვერდზე პარტნიორებს შორის მრავლადაა სახელმწიფო უწყებები - იქნება ეს პარლამენტი თუ სხვადასხვა სამინისტრო....

- ზოგადად, შექმნილი მდგომარეობა არის კატასტროფა, რადგან ქვეყანაში მესამე სექტორის არსებობა გამჭვირვალობისთვის და დემოკრატიისთვის აუცილებელია და {რუსული კანონი} ფაქტობრივად, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის და მთელი მესამე სექტორის დემონიზებას ახდენს. ამ ორგანიზაციებს შორის არამხოლოდ ჩვენნაირი კვლევითი ორგანიზაციები არიან, არამედ ისინიც, ვინც მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ უსახლკარო ბავშვების დახმარებაზე, ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციაზე, უნარ-შეზღუდული ადამიანების ხელშეწყობაზე, განათლების ხარისხის და პროფესიული უნარების გაუმჯობესებაზე ა.შ. ამ კანონი ჩვენი, ისევე როგორც სხვა ორგანიზაციების საქმიანობის შეიძლება შეუძლებელი გახდეს. რაც შეეხება ჩვენს პარტნიორებს {მთავრობაში}, ძალიან სარკასტული მდგომარეობა მივიღეთ - მოგეხსენებათ, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი არის Think tank-ი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ასრულებდა იმ სამუშაოს, რომლის დაკვეთაც მოდიოდა პარლამენტიდან თუ სამთავრობო უწყებებიდან სხვადასხვა რეფორმების გატარებისთვის, სექტორული პოლიტიკის შემუშავებისთვის, რეგულირების ზეგავლენის (RIA) ანალიზისთვის, რომელიც მრავლად გვაქვს გაკეთებული; ანუ დაკვეთა სწორედ სამთავრობო უწყებებიდან მოდიოდა და შემდეგ დონორები, როგორც ქვეყნის განვითარების პარტნიორები, ამ ყველაფერს აფინანსებდნენ. ხშირ შემთხვევაში ეს ხდებოდა ტენდერების თუ გრანტების გზით. შედეგად, სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით, ჩვენ ვასრულებდით სამუშაოს და ამ ფორმით წვლილი შეგვქონდა ქვეყნის განვითარებაში. დღეს კი, ზუსტად იმიტომ რომ ამ საქმიანობისთვის დონორები ფულს გვიხდიდნენ, {რუსული კანონით} გამოდის, რომ ჩვენ ვართ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი; ძალიან სარკასტულია ეს მდგომარეობაა. ჩვენ ბევრი პროექტი გვაქვს განხორციელებული - დაახლოებით, 27 RIA გვაქვს მომზადებული სწორედ მთავრობისთვის, მათთვის, ვინც შეიმუშავებდა კანონებს თუ სექტორულ პოლიტიკას და ამგვარი სამუშაოების შესრულება ტრიალდება ისე, რომ შენ ხარ არა საკუთარი ქვეყნის ინტერესების გამტარებელი, არამედ უცხო ძალის აგენტი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს ძალიან სარკასტულად ჟღერს.

- ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა მთავრობასთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელიმე სამინისტრო არ გამოგეხმაურათ? როგორ წარმოუდგენიათ თქვენ გარეშე მუშაობა?

- არ გვქონია ასეთი კონტაქტი, პირადად მე ვერ დაგიდასტურებთ, თუმცა ძალიან ცხელი მაისი დადგა. ძალიან მოულოდნელად განვითარდა ქვეყნისთვის დამღუპველი მოვლენები და იმის ზუსტი ხედვა, როგორ გაგრძელდება ჩვენი მუშაობა, არ ვიცი...

- რას ამბობენ დონორი ორგანიზაციები, რომელთა დაფინანსებით ასრულებდით მთავრობის სხვადასხვა დაკვეთას? ალბათ ბევრი მიმდინარე პროექტია...

- რასაკვირველია, არაერთი მიმდინარე პროექტი გვაქვს. რა თქმა უნდა, ყველა პროექტს დავასრულებთ, მაგრამ ისინი სამთავრობო უწყებებთან ერთობლივად ვერ განხორციელდება, თუმცა სამუშაოების შედეგი ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის - დაიდება ვებგვერდზე, ასევე, სოცმედიაში. ერთი მხრივ, ვამბობთ, რომ ცუდად განვითარდა მოვლენები, მაგრამ ყველას გვაქვს იმედი, რომ არ შეიძლება ქვეყანამ საბოლოოდ შეიცვალოს საგარეო კურსი; საქართველო აუცილებლად უნდა დაბრუნდეს ევროპულ გზაზე და ეს მოითხოვს ამ კანონის გადახედვას, გაუქმებას, რათა მესამე სექტორისთვის არსებობდეს ღირსეული სივრცე და არა ისეთი სივრცე, რომ დავრეგისტრირდეთ უცხოური ძალის გავლენის გამტარებელ პირად და ნახევრად შეფარულად, შეშინებულებმა ვაკეთოთ ღირსეული და საჭირო პროფესიული საქმე.

- რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად, USAID-ი დაგიკვეთავთ რომელიმე რეფორმის შესახებ RIA-ს მომზადებას?

- დღეს ვერ ვხედავთ ქვეყნის კურსს - საით მიდის ის... ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, ყველა ქვეყანა, ეს იქნება აშშ თუ ევროპის ქვეყნები ან კიდევ საერთაშორისო ორგანიზაციები, მოუწოდებენ საქართველოს გაუქმდეს {რუსული კანონი} და დაუბრუნდეს ევროპული გზით სიარულს. კანდიდატის სტატუსი, რომელიც უდიდესი მონაპოვარია, არ უნდა დავკარგოთ. რაღაც სახით დონორი ორგანიზაციები გააგრძელებენ მუშაობას საქართველოში. გამოჩნდება ვინ ითანამშრომლებს მთავრობასთან, ვინ სხვა ორგანიზაციებთან, რა პრიორიტეტები ექნებათ და ა.შ. რასაკვირველია, ისინი თავიანთ სტრატეგიებს გადახედავენ, რადგან მათი სტრატეგიები აგებული იყო იმაზე, რომ საქართველო არის დემოკრატიული საზოგადოება, ფუნქციონირებს არასამთავრობო სექტორი და ქვეყანა მიდის ევროპული გზით; ყველა დონორის და პარტნიორის სტრატეგია აგებული იყო იმაზე, რომ საქართველოს დახმარებოდნენ ევროპულ გზაზე სვლაში რეფორმებით, გამჭვირვალობით, პროფესიული უნარების ამაღლებით. ამდენად, დონორები რასაკვირველია, გადახედავენ სტრატეგიას. რა მოუვა მათი დაფინანსების პორტფელს - იგივე დარჩება თუ შემცირდება, არც ჩვენ ვიცით და მგონი, არც მათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები