რუსული ფულადი გზავნილების სისტემა Zolotaya Korona-ს სერვისები საქართველოში 27 აგვისტოს აღდგა - საბანკო ასოციაციის ინფორმაციით, ბანკები არკვევდნენ, შეეხებოდა თუ არა საერთაშორისო სანქციები აღნიშნულ პროვაიდერს. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის შეფასებით, საქართველომ აღნიშნული სისტემის საქმიანობა სრულად უნდა შეზღუდოს, რაც არა საერთაშორისო სანქციებს, არამედ იმ ფაქტს უკავშირდება, რომ Zolotaya Korona არღვევს ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონს და ოკუპირებულ რეგიონებში საქმიანობს.
დაიხურება თუ არა “ზალატაია კარონა” საქართველოში - რომან გოცირიძის მოსაზრება:
რუსული საანგარიშსწორებო სისტემის, “ზალატაია კარონას” საქართველოში საქმიანობა ერთდღიანი შეფერხების შემდგედ კვლავ განახლდა. შეფერხება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსული კომპანიებისადმი დამატებითი სანქციების დაწესების გამო მოხდა. ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები არკვევდნენ, ვრცელდებოდა თუ არა სანქციების ახალი პაკეტი კონკრეტულად ამ კომპანიაზე, რომელიც დღეისათვის არის ყველაზე მსხვლი სუბიექტი რუსეთიდან საქართველოში და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სწრაფი ფულადი გზავნილების განხორციელების სფეროში.
სანამ კონკრეტულად რუსული სანქციების კონტექსტში განვიხილავდეთ საკითხს, უნდა ითქვას, რომ ამ რუსული ფინანსური დაწესებულების საქმიანიბა დიდი ხნით ადრე უნდა შეჩერებულიყო ჩვენს ქვეყანაში, რადგან იგი არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ. მრავალი წელია იგი უკანონოდ ფუნქციონირებს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში.
დავუბრუნდეთ საკითხს: რა ხდება “ზალატაია კარონასთან” დაკავშირებით, რომლის მეშვეობითან ფიზიკური პირები ეწევიან რუსეთიდან საქართველოში ასეულ მილიონობით ლარის სწრაფად გადმორიცხვას და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები.
-საკითხის ისტორია:
ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ვიყავი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ოციოდე წლის წინ, “ზოლოტაია კარონა” და სხვა რუსული საფინანსო ორგანიზაციები, მათ შორის კომერციული ბანკები ეწეოდნენ საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე. ჩემი ულტიმატუმი მათ მიმართ იყო შემდეგი-გაიხსნება მათი ფილიალი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დაიდგმება სადმე მათი ბანკომატი, მოხდება რაიმე სისტემით იქ ფულის გადარიცხვა, მომენტალურად გაუუქმდებათ ლიცენზია და აეკრძალებათ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე საქმიანობა. იმ დღიდან მოყოლებული, არასდროს, არცერთ რუსულ საფინანსო დაწესებულებას, რომელიც საქართველოშიც იყო წარმოდგენილი, მათ შორის არც “ვითიბი ბანკს”, რაიმე სახის საქმიანობა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში არ უწარმოებია. იმ რუსული საფინანსო კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით საქმიანობდნენ ამ რეგიონებში, მივმართავდით სხვადასხვა საერთაშორისო ზომებს, მათ შორის ფულის გათეთრების მექანიზმების გამოყენებით. ყველაზე ქმედითი მექანიზმი მაინც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მათი საქმიანობის შეჩერების მუქარა იყო.
-დღევანდელი რეალობა:
“ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ოკუპირებულ ტერიტირიებზე სოკოებივით აღმოცენდა რუსული საბანკო და საანგარიშსწორებო სტრუქტურები. ეს ფაქტი არც საქართველოს ეროვნულ ბანკს და არც მთავრობას არასდროს გაუპროტესტებია, მიუხედავად კანონდარღვევისა. “ზალატაია კარონაც” დღემდე უპრორობლემოდ ეწევა საქმიანობას ამ რეგიონებში.
-რა სახის სანქცია დააწესა ამ დღეებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა:
მან სანქცია დაუწესა იმ IT კომპანიას, რომლის პროგრამული უზრუნველოყოფითაც მუშაობს “ზალატაია კარონა”. ანუ ჯერჯერობით სანქცირებულია არა ანგარისწირების ეს სისტემა, არამედ მისი პარტნიორი კომპანია. ადრე თუ გვიან სანქცია მასაც მისწვდება, რადგან გადარიცხვის სისტემას პროგრამულად მუდმი განახლება ესაჭიროება ან იძულებული გახდებიან, რომ სხვა, არასანქცირებული კომპანიის მომსახურებას მიმართონ. თავად “ზალატაია კარონა” ჯერჯერობით ალბათ იმიტომ არ მოჰყვა ამერიკული სანქციების ქვეშ, რომ იგი, როგორც ჩანს, სოციალური მნიშვნელობის ინსტიტუტად განიხილება, რადგან პუტინის რეჟიმს გამოქცეული ასეულ ათასობით რუსეთის მოქალაქისთვის, ისევე როგორც რუსეთში მომუშვე მილიონობით უცხოეთიდან ( ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან) ემიგრირებული ადამიანიასათვის ფულის გამოტანის ძირითად წყაროს წარმოადგენს.
-რა როლი აქვს “ზალატაია კარონას” რუსეთიდან საქართველოში ფულის გადარიცხვაში:
უდიდესი. მას შემდეგ რაც რუსეთთან შეწყვიტეს ურთუერთებობა დასავლურმა კომპანიებმა ( მაგალითად, ვესტერნ იუნიონი, ვიზა, მასტერქარდი, კომერციული ბანკები და ა. შ. ), “ზალატაია კარონა” გახდა მთავარი მოთამაშე სწრაფი გზავნილების სეგმენტში. მისმა მასშტაბებმა მნიშვნელოვან დონეს მიაღწია რუსეთის უკრაინაში აგრსიის შემდეგ. როგორც ცნობილია, საქართველოში ასი ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა ამ პერიოდში და მათი დიდი ნაწილი დღემდე აქ იმყოფება.
-საქართველო თუ ოკუპირებული ტერიტორიები: ამ კომპანიისათვის არჩევანი არის ძალიან მარტივი-ან წყვეტს ოკუპირებულ ტერიტირიებში საქმიანობას, საიდანაც მათი შემოსავლები უმნიშვნელოა, ან გაძევებული იქნება საქართველოს ბაზრიდან, რაც სერიოზული ფინანსურ დანაკარგებად დაუჯდებათ.
-რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ:
უნდა გააფრთხილოს ეროვნულმა ბანკმა ეს კომპანია, მისცეს ერთი კვირის ვადა, რომ შეწყვიტოს საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევა, ან შეუჩერდებათ საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის უფლება.
საკითხი არის ძალიან მარტივი. ეს ის შემთხვევაა, როცა ყურებით გყავს გამოჭერილი კანონდამრღვევი. მსგავსი ნაბიჯი უნდა გადაიდგას სხვა რუსული კომპანიების მიმართაც. ეს არა მხოლოდ ფინანსური და პოლიტიკური საკითხია, არამედ ღირსების საკითხიც. ქვეყნის კანონმდებლობის ასე უხეშედ ფეხქვეშ გათელვა არავის უნდა ეპატიოს.