2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით 1.95 მილიარდი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 710 მილიონი დოლარით, ანუ 27%-ით ნაკლებია. შემცირების მთავარი მიზეზი რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემომავალი გზავნილების კლებაა, რაც მიგრაციულ ეფექტს უკავშირდება. უფრო დეტალურად, რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხვებმა წელს 367 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 832 მილიონი დოლარით, ანუ 59%-ით ნაკლებია.
ფულადი გზავნილების სისტემების რეიტინგში #1 პოზიცია რუსულ Zolotaya Korona-ს უჭირავს, რომელიც არამხოლოდ რუსეთიდან, არამედ დსთ-ს სხვა ქვეყნებიდან გზავნილების მთავარი პროვაიდერია. ამ სისტემით 2024 წლის შვიდ თვეში საქართველოში 463 მილიონი დოლარი გადმორიცხეს. რამდენიმედღიანი შეჩერების შემდეგ, რუსული ფულადი გზავნილების სისტემა Zolotaya Korona-ს სერვისები საქართველოში 27 აგვისტოს აღდგა - საბანკო ასოციაციის ინფორმაციით, ბანკები არკვევდნენ, შეეხებოდა თუ არა საერთაშორისო სანქციები აღნიშნულ პროვაიდერს. თუმცა, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის შეფასებით, საქართველოს Zolotaya Korona-ს დასაბლოკად საერთაშორისო სანქციები არ სჭირდება, რადგანაც აღნიშნული კომპანია არღვევს ოკუპაციის შესახებ კანონმდებლობას და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობს.
საქართველოში ფულადი გზავნილების სისტემების სტატისტიკა 2024 წლის იანვარ-ივლისის გადმორიცხვების მიხედვით:
1) Zolotaya Korona - 463 მილიონი დოლარი;
2) RIA - 461 მილიონი დოლარი;
3) Money Gram - 362 მილიონი დოლარი;
4) Western Union - 329 მილიონი დოლარი;
5) Intel Express - 233 მილიონი დოლარი;
6) Contact - 54 მილიონი დოლარი;
7) Rico Gram - 50 მილიონი დოლარი.