მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა ავირიდოთ საპროტესტო მუხტის დასუსტება? - კახა გოგოლაშვილის ხედვა

კახა გოგოლაშვილი

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ერთიანობის გარეშე პოლიტიკური ბრძოლაში გამარჯვების შანსები მცირდება. ის საპროტესტო მუხტის დასუსტების საფრთხის თავიდან არიდების ხედვაზე სოციალურ ქსელში წერს.

კახა გოგოლაშვილის თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გააცნობიერონ, რომ აუცილებელია სამოქალაქო ჯგუფებთან მჭიდრო კოორდინაცია.

"მინდა პირველ რიგში გამოვხატო ჩემი პატივისცემა ყველას მიმართ ვინც აპროტესტებთ და არ ურიგდებით საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას.

ასევე ვხედავ, რომ მრავალი ადამიანი უკმაყოფილოა საპროტესტო მუხტის არასაკმარისი დონით და ამის გამო ოპოზიციურ პარტიების მიმართულებით ემოციურ პრეტენზიებს გამოთქვამს. განხეთქილება საპროტესტო დემოსსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის, რა თქმა უნდა, ასუსტებს მთლიანად წინააღმდეგობის მოძრაობას და, ერთიანობის გარეშე, ამცირებს პოლიტიკური ბრძოლაში გამარჯვების შანსებს. ამ პრობლემის დასაძლევად მინდა მოკლედ ჩამოვაყალიბო ჩემი წინადადებები:

  1. პროტესტის მხარდამჭერი ელექტორატი წარმოდგენილია სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფების მიერ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ამ ჯგუფებმა, თვითორგანიზაციის მიზნით აირჩიონ თავიანთი წარმომადგენლები, რომლებიც სრულად შეძლებენ მათი თანამოაზრეების პოზიციების წარმოდგენას და დაცვას, სადაც ეს საჭირო გახდება. ეს მომავალში გამორიცხავს უკმაყოფილების დაგროვებას, რადგან ნებისმიერი სადავო საკითხი იქნება სწრაფად და ეფექტურად განხილული და შეთანხმებული პოლიტიკური პარტიების თუ სხვა ჯგუფების წარმომადგენლებთან;
  2. ამ ჯგუფების წარმომადგენლებმა უნდა შექმნან სათათბირო და მოახდინონ მათი პოზიციების და გეგმების ერთმანეთთან კოორდინირება. მათ ასევე უნდა მიიტანონ თავიანთ ჯგუფებში ინფორმაცია და ტაქტიკური გადაწყვეტილებები, რომელსაც სათათბიროში დაუჭერენ მხარს;
  3. სათათბიროს წევრები უნდა დაუკავშირდნენ პოლიტიკურ პარტიებს და შესთავაზონ ერთიანი წინააღმდეგობის ფრონტის შექმნა, რომელსაც ასევე ექნება საკუთარი შტაბ-ბინა და რეგულარულად მოხდება შეხვედრები. პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გააცნობიერონ, რომ აუცილებელია სამოქალაქო ჯგუფებთან მჭიდრო კოორდინაცია და მათი ინფორმირება. მათ მოუწევთ პროცესებში საკუთარი ლიდერობის გაზიარება არაპოლიტიკოს, სამოქალაქო აქტორებთან;
  4. წინააღმდეგობის ფრონტის საბჭო უნდა გახდეს მშვიდობიანი პროტესტის ორგანიზაციული ცენტრი, რომელიც შეიმუშავებს და დაემორჩილება მკაცრად განსაზღვრულ პრინციპებს, დაადგენს მშვიდობიანი ბრძოლის ფორმებს, გრძელვადიან და მოკლევადიან მიზნებს, გეგმებს, განახორციელებს ერთიან საკომუნიკაციო პოლიტიკას, როგორც მოსახლეობასთან და მედიასთან ასევე საერთაშორისო აქტორებთან.
  5. საბჭომ უნდა ჩამოაყალიბოს სამოქმედო ჯგუფები: იურიდიული უზრუნველყოფის, აქციების დაგეგმარების ჯგუფი, ინფორმაციის და კომუნიკაციის ჯგუფი, სხვა. მე პირველი არ ვარ ვინც საუბრობს ასეთი კოორდინაციის აუცილებლობაზე და ვფიქრობ ამის დრო მოვიდა. პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ მიიღეს ხმების დიდი რაოდენობა და არჩევნები ოცნებას მოუგეს, რეალურად უმეტესობა, ვინც მათ ხმა მისცა თავს მათ ელექტორატად არ თვლის, მათ ოცნების წინააღმდეგ მისცეს ხმა. ამიტომ, პარტიებს დამოუკიდებლად გაუჭირდებათ ერთ დაძახებაზე 200-300 ათასი ადამიანის მობილიზება და მოყვანა აქციაზე. ამავე დროს, დაქსაქსული სამოქალაქო ჯგუფები, მათ შორის სტუდენტები და სხვა და სხვა პროფესიული ჯგუფები, ხანდახან უბრალოდ უბნელებიც ყველაზე დიდ ადამიანურ საპროტესტო რესურსს ფლობენ. ისინი არ ახდენენ საკუთარ არც ერთ პარტიასთან არ აიგივებენ. ამიტომ, საჭიროა მათი სხვაგვარად აღიარება და მათი წარმომადგენლობითობისთვის ასპარეზის შექმნა. ასეთი გზით პოლიტიკური პარტიების ელექტორატმა და ფაქტობრივად გაურკვეველი პოლიტიკური ორიენტაციის ამომრჩეველმა (რომელთა რაოდენობაც ალბათ მეტია) მოახერხონ ერთიანი მიზნებისთვის ეფექტური თანამშრომლობა. მხოლოდ ასე შეიძლება თავიდან ავიცილოთ საპროტესტო მუხტის დასუსტების საფრთხე და მივაღწიოთ ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიზნის რეალიზაციას. მთავარი აქ ის არის, რომ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, ერთი მიზნის მქონე ხალხმა უნდა ეძიოს ერთმანეთთან სიტუაციური გაერთიანების გზები და არ უღალატოს მას. მხოლოდ ასე მოდის გამარჯვება",- წერს კახა გოგოლაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები