მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა გაიზარდოს მუნიციპალიტეტების საქმიანობის ეფექტიანობა? - ლევან ვეფხვაძის იდეა

617d24ae3b910
დავით ჯალაღონია
30.10.21 16:29
853
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე ფიქრობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა საკუთარი სერვისების ეფექტიანობის ამაღლებაზე უნდა იზრუნონ.

მისი განმარტებით, სხვადასხვა რეგიონის საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს დაბალი ანაზღაურება აქვთ, რაც ზოგადად ამ სექტორის პრობლემაა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამიტომ ვეფხვაძე ხელისუფლებას ახალ ინიციატივას სთავაზობს.

"მუნიციპალიტეტებში მთავარი პრობლემა არის ის, რაც ზოგადად საჯარო სექტორშია - ხელფასები საჯარო სექტორში უფრო დაბალია, ვიდრე - კერძო სექტორში და ეს ავტომატურად იწვევს კვალიფიციური კადრების გადინებას საჯაროდან კერძო სექტორში. ამ მხრივ მუნიციპალიტეტებში კიდევ უფრო რთული ვითარებაა, რადგან იქ კიდევ უფრო დაბალი ხელფასია, ვიდრე ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებში, ან თბილისში შეიძლება არსებობდეს. ამიტომ რეალურად იქ არის ორმხრივი გადინება - ერთი რომ გარბიან იქ, სადაც შედარებით დიდი ცენტრებია, მაგალითად, თბილისი და ქუთაისი, მეორე პრობლემა ის არის, რომ გარბიან კერძო სექტორში და არა - საჯაროში. აქედან გამომდინარე, ბიზნესს ძალიან უჭირს იმ დონის სერვისები მიიღოს მუნიციპალიტეტებში, რომელიც სასურველია, მივიღოთ. მნიშვნელოვანი განსხვავებაა, თბილისში მიხვალ კონკრეტული მშენებლობის არქიტექტურულ პროექტზე, თუ - მუნიციპალიტეტში.

ჩემი იდეა და შეთავაზება ამ კუთხით იქნება ის, რომ ხომ არ სჯობს სამი-ოთხი მუნიციპალიტეტი გაერთიანდეს და ერთი სერვისინსტიტუცია შექმნას, რომელიც ამ მუნიციპალიტეტებში ასეთ ტიპის სერვისებს მიაწოდებს, სადაც გაინაწილებენ ხარჯებს და იმუშავებენ შედარებით მაღალი კვალიფიკაციისა და ანაზღაურების ადამიანები. თუ სათითაოდ ყველასთვის უჭირთ ხელფასების ზრდა, ერთი შეინახონ და ამ შემთხვევაში ხელმისაწვდომი იქნება სერვისები, რაც ადგილზე ბიზნესს სჭირდება", - მიიჩნევს ლევან ვეფხვაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები