მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიდგომა სწორია, მესამე აუქციონზე ტარიფები კიდევ შემცირდებოდა - ვეფხვაძე CFD აუქციონების პირდაპირი კონტრაქტებით ჩანაცვლებაზე

ლევან ვეფხვაძე

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ენერგეტიკის დარგში CFD აუქციონების ნაცვლად, პირდაპირი კონტრაქტების მექანიზმის ამოქმედება სწორია.

როგორც ლევან ვეფხვაძემ BMG-ის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუკი ეკონომიკის სამინისტრო მესამე CFD აუქციონს ჩაატარებს, მოლოდინია, რომ ტარიფები კიდევ უფრო მეტად შემცირდება. მისი თქმით, ახლა ბაზარი უნდა დააკვირდეს, რამდენად ექნებათ სურვილი კომპანიებს მეორე CFD აუქციონში დაფიქსირებული ტარიფებით ეკონომიკის სამინისტროსთან პირდაპირი ხელშეკრულებები გააფორმონ.

მისივე თქმით, კარგი იქნება, თუკი ეკონომიკის სამინისტრო მედიანურ ტარიფებს გარკვეულწილად გადახედავს და სხვადასხვა სიმძლავრის ენერგოობიექტებზე განსხვავებული მიდგომა ექნება.

„თუ ტენდენციას შევხედავთ, პირველი აუქციონიდან მეორე აუქციონამდე ტარიფების ცალსახა კლებაა, იმიტომ რომ კონკურენცია გაიზარდა. დარწმუნებული ვარ, მესამე აუქციონი რომ ჩატარდეს, კლება კიდევ იქნება. ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის იმიტომ რომ ტექნოლოგიურად განსხვავებული დამოკიდებულებებია. ასევე ბევრი მონაწილე როცა შემოდის, იქ კომპეტენცია დაბლა იწევს და შეიძლება რომელიმე კომპანიამ, რომელსაც გამოცდილება არ აქვს, შეიძლება ჩათვალოს, რომ იაფად შეუძლია ააშენოს. მიდგომა სწორია, ჯობს აუქციონებში გავჩერდეთ და შევხედოთ, მოახერხებენ თუ არა კომპანიები, წავიდნენ იმ ფასებით, რაც მეორე აუქციონზე დაფიქსირდა. სახელმწიფომ კეთილი ნება გამოხატა, რაც სწორია და ვნახოთ, როგორ მოხდება ამ სიტუაციის გამოყენება კომპანიების მხრიდან

როდესაც ჩვენ ჰიდროენერგიის მიმართულება ერთ კალათაში ჩავყარეთ და ვთქვით, რომ ამ ერთი კალათიდან დავადგინოთ ტარიფის საშუალო ღირებულება, შეიძლება ბოლომდე სწორი არ იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ორ მეგავატამდე სადგურის მიერთება 5-6-ჯერ უფრო იაფი ღირს, ვიდრე ორ მეგავატს ზემოთ. ამიტომ აქ შიგნით რაღაცა დიფერენციაცია შეიძლება მოხდეს და ტარიფები ამ კუთხით გადაიხედოს, სადაც ტექნოლოგიურად უფრო რთული და ძვირია, სხვა მიდგომები იყოს, სადაც უფრო იაფი - იქ სხვა“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისთვის ინვესტორებთან პირდაპირი კონტრაქტები სიმძლავრის მეორე აუქციონის მედიანური ტარიფებით დაიდება. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ მედიანური ტარიფი თავად დაინტერესებული მხარეების მხრიდან წარმოდგენილი ფასების მიხედვით დადგინდა და პირდაპირი კონტრაქტებიც სწორედ ამ ტარიფით დაიდება.

ჯერ კიდევ აპრილში გახდა ცნობილი, რომ მთავრობა ახალ CFD აუქციონებს აღარ გამოაცხადებს და ეკონომიკის სამინისტრო ინვესტორებთან პირდაპირ კონტრაქტებს გააფორმებს. ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლები კი აცხადებდნენ, რომ დადგენილი ტარიფები პროექტების რეალურ ღირებულებას არ შეესაბამებოდა, რაც ენერგოპროექტების განხორციელებას რისკს ქვეშ აყენებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები