მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორი როლანდ პრაისი საქართველოს მაღალშემოსავლიან ქვეყნად გადაქცევისთვის სამ მნიშვნელოვან კომპონენტს ასახელებს: ინვესტიციას, ტექნოლოგიების დანერგვას და ინოვაციას, რომლებიც სწორი ნაზავით უნდა გამოიყენებოდეს. ამის შესახებ მან მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ გამართულ ღონისძიებაზე - “საქართველო: მაღალი შემოსავლისკენ სვლა” ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
2024 წელს საქართველოს შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე $8200-ს შეადგენდა, რაც მას, მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით, საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების კატეგორიაში აქცევს.
BMG-ის კითხვაზე, როგორ უნდა შეუერთდეს საქართველო მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგს, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა, რამდენიმე რეკომენდაციაზე ისაუბრა, რომლებიც "მსოფლიოს განვითარების ანგარიშშია" (WDR) განხილული.
"საქართველომ შესანიშნავი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ის ასევე უკიდურესად მდგრადი იყო შოკების მიმართ. ეს ანგარიში განიხილავს, თუ რა დასჭირდებათ ქვეყნებს, საშუალო შემოსავლიდან მაღალ შემოსავლებზე გადასასვლელად. და ძალიან, ძალიან ცოტა ქვეყანამ შეძლო ეს, ბოლო 34 წლის განმავლობაში მხოლოდ 34-მა.
საქართველოს შემთხვევაში, ამ ანგარიშში არის რეკომენდაციები ეკონომიკის ძალიან დიდი მოთამაშეების, მოქმედი პირების დისციპლინის შესახებ, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისინი მოქმედებდნენ თანაბარი პირობებით, რაც ახალ მოთამაშეებს ბაზარზე შემოსვლის საშუალებას მისცემთ. ასევე ბევრი რამ არის გასაკეთებელი მეტი და უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. ანგარიშში საუბარია კომპანიების პროდუქტიულობაზე და იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ისინი უფრო პროდუქტიული. არსებობს რამდენიმე რეკომენდაცია კონკურენტუნარიანობაზეც და, რა არის ძირითადი ნაბიჯი, რაც მის გასაზრდელად უნდა გადაიდგას", - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.
როლანდ პრაისმა შემოსავლების გასაზრდელად ტალანტების მოზიდვისა და მათი სწორად განაწილებისა და ციფრული ინოვაციების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
"კიდევ ერთი საკითხია ტალანტი. გვყავს თუ არა ნიჭიერი ადამიანები და იზიდავთ თუ არა მათ? ეს პატარა ქვეყანაა, ასე რომ, სწორად ანაწილებთ თუ არა ნიჭიერ ადამიანებს?
საშუალო შემოსავლიდან მაღალ შემოსავალზე გადასასვლელად სამი მნიშვნელოვანი კომპონენტია საჭირო: ინვესტიცია, ტექნოლოგიების დანერგვა და ინოვაცია. და მნიშვნელოვანია, რომ ამ კომპონენტების სწორი ნაზავი უნდა გქონდეთ. ვფიქრობ, საქართველო ინვესტიციების მხრივ ძალიან კარგად მუშაობს. თუმცა მეტის გაკეთება შეიძლება ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. გუშინ ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა მთავრობის წევრებთან, რომლებმაც ისაუბრეს ფაქტზე, რომ წინა ბიუჯეტში ინოვაციებისთვის დიდი რაოდენობით რესურსი იყო გამოყოფილი. და კითხვა ასეთია, ნამდვილად მუშაობს თუ არა ეს რესურსები ისე, რომ საქართველოსა და ქართველებისთვის ინოვაციები დაინერგოს?
თქვენი ზრდის ტრაექტორიის გათვალისწინებით, რაც უფრო მდიდრდება ქვეყანა, სწრაფი ზრდა უფრო რთულდება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად შესაძლებელია საქართველოსთვის", - განაცხადა როლანდ პრაისმა.
2025 წლის 25 ნოემბერს მსოფლიო ბანკის ჯგუფის ორგანიზებით თბილისში გაიმართა საჯარო ღონისძიება - საქართველო: მაღალი შემოსავლისკენ სვლა, რომელზეც წარდგენილ იქნა მსოფლიო ბანკის ერთ-ერთი ფლაგმანური პუბლიკაცია - მსოფლიოს განვითარების ანგარიში: საშუალო შემოსავლის "ხაფანგი".
ანგარიში მიუთითებს, რომ ქვეყნები, როგორც წესი, "ხაფანგში" ექცევიან მაშინ, როდესაც მათი მშპ აშშ-ის მშპ-ის 10%-ს მიაღწევს, რაც დღესდღეობით $8,000-ის ეკვივალენტია. აღნიშნული დონე მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციის მიხედვით, საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების დიაპაზონის შუაგულშია.
ანგარიში განსაზღვრავს, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ განვითარებად ქვეყნებს საშუალო შემოსავლის "ხაფანგის" თავიდან ასაცილებლად.
1990-იანი წლების შემდეგ ამ მიმართულებით წარმატების მიღწევა მხოლოდ 34 -მა ქვეყანამ შეძლო. დანარჩენი 108 ქვეყანა კი 2023 წლის ბოლოს საშუალოშემოსავლიანი ქვეყნების "ხაფანგში" აღმოჩნდა.




























