ავტომოყვარულთა ნაწილი BMW-ს გერმანული ინჟინერიისა და დიზაინის მწვერვალად მიიჩნევს და ამ მოსაზრებას ნამდვილად აქვს არსებობის არგუმენტი. წლების განმავლობაში, BMW-ს ქარხანას არაერთი შედევრი შეუქმნია, რომელთა წყალობით კომპანიამ სამუდამოდ შეაყვარა ენთუზიასტებს თავი, თუმცა ბოლო დროის განმავლობაში BMW-ში ერთგვარი კრიზისის დადგა, რაც ტრადიციული დიზაინიდან გადახვევას, კოლოსალური ზომის ცხაურების გამოჩენას, ელექტრიფიკაციას, ბრუტალისტური სტილის აღზევებას და ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას უკავშირდება, რომელსაც BMW-ს მოყვარულები ნაკლებად მიესალმებიან.
ყველაფრის მიუხედავად, გულის სიღრმეში ყველამ კარგად ვიცით, რომ BMW-ს ისევ შეუძლია ლამაზი და ელეგანტური ავტომობილის შექმნა, ამის თვალსაჩინო დემონსტრაცია კი M8 ან M5 CS-ია, რომელსაც იდეალური სედანის ფორმულად მოიხსენიებენ.
ცოტა ხნის წინ, კომოს ტბის სანაპიროზე BMW-ს ახალი კონცეპტუალური ავტომობილის, Skytop-ის პრეზენტაცია შედგა, რომელმაც საზოგადოების, ავტომოყვარულებისა და კრიტიკოსების აღფრთოვანება გამოიწვია.
ზვიგენისებურმა გრანდ-კუპემ, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ეჭვი გააქარწყლა იმის შესახებ, თითქოს, BMW-ში ავტომობილების კეთება დაავიწყდათ.
Skytop-ი არის ულტრა-ექსკლუზიური ავტომობილი, რომელიც BMW M8-ის ბაზაზეა აგებული და ლეგენდარული 4.4 ლიტრის მოცულობის 8-ცილინდრიანი ძრავით არის აღჭურვილი.
როგორც BMW-ში ამბობენ, Skytop-ის წარმოება 20-დან 50 ერთეულამდე იქნება შეზღუდული და მისი ფასი, სავარაუდოდ, 500,000 დოლარზე მეტი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ამ შედევრით ტკბობის საშუალება მოკვდავთ არ ექნებათ, ის მაინც წარმოადგენს იმედის ნაპერწკალს საზოგადოების იმ ნაწილისათვის, ვისაც ისევ სწამს, რომ BMW ინჟინერიისა და დიზაინის მწვერვალია.