როგორ უნდა გამოვიყენოთ ფეხბურთში მიღწეული წარმატება? - ამ კითხვას ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ქეთი ბოჭორიშვილმა გადაცემა BMG Drive-ში უპასუხა. როგორც მან აღნიშნა, მიღწეული წარმატების კაპიტალიზაცია აუცილებლად უნდა მოხდეს.
„წესით, ძალიან უნდა გამოვიყენოთ... ეს ხელს შეუწყობს ტურისტების რაოდენობის ზრდას განსაკუთრებით იმ ევროპული ქვეყნებიდან, რომლებიც ჩვენთვის მთავარი მიზნობრივი ჯგუფია. როდესაც ქვეყნის შესახებ ხალხი იგებს, შესაბამისად, ინტერესიც იმატებს. რა თქმა უნდა, ახლა უფრო მოიძიებენ საქართველოზე ინფორმაციას, ამიტომ ახლა კარგი შესაძლებლობაა, რომ ტურისტულმა კომპანიებმა იმუშაონ და ამის კაპიტალიზაცია თუნდაც ტურისტების რაოდენობაში ასახონ“, - აღნიშნა ქეთი ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, ფეხბურთში წარმატება გვაძლევს შესაძლებლობას მოვიზიდოთ უცხოელი ინვესტორებიც.
„ბევრი ბიზნესმენი შემეხმიანა, ვინც სპორტს გულშემატკივრობს, მათ დააინტერესათ საქართველო. თურმე ფეხბურთიც როგორ გყვარებიათ და როგორ კარგად გამოგდითო. ამ ყველაფრის კაპიტალიზაცია ძალიან კარგად უნდა მოხდეს, ვინაიდან კარგად ვიცით, რომ ნეგატიური ინფორმაცია ძალიან სწრაფად ვრცელდება და პოზიტიური ინფორმაციის მიწოდება მიზნობრივ ჯგუფთან ძალიან რთული და ძვირად ღირებულია. მიზანმიმართულად უნდა იმუშაო და კონკრეტულად. ფეხბურთმა იმუშავა. საქართველო იყო ამ ხალხის გონებაში“, - აღნიშნა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა და დასძინა, რომ მიღწეულმა წარმატებამ შესაძლოა, ქვეყანას ფინანსური რესურსი დააზოგვინოს მარკეტინგისთვის.
„სპორტი ისეთი რაღაც არის, კულტურასთან ერთად, რომ შეიძლება უცბად ისეთი რაღაც „გაარტყა“, ბევრი წლის ბევრი მილიონის მარკეტინგს უდრიდეს ქვეყნის წარმოჩენის კუთხით. ჩვენ გვქონდა ასეთი შემთხვევები პოზიტიურ ჭრილში, მაგრამ ფეხბურთი უფრო მეტად მრავლისმომცველია, გულშემატკივრობის და მაყურებლების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმართულებაა. ფეხბურთში საქართველოს მსგავსი წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია და მრავალი მილიონის დაზოგვის საშუალებას იძლევა“, - განმარტა ქეთი ბოჭორიშვილმა.