30 ოქტომბერს პარიზში “შატლეს” თეატრში ოქროს ბურთის რიგით 67-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. მამაკაცთა კატეგორიაში წლის საუკეთესო ფეხბურთელად “ინტერ მაიამის” არგენტინელი შემტევი ლიონელ მესი დასახელდა, რომლისთვისაც აღნიშნული ჯილდო კარიერაში რიგით მერვე იყო.
ამ მიღწევით მესი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ოქროს ბურთის მოგება ევროპის ფარგლებს მიღმა თამაშით მოიპოვა.
ეს იყო მეორე ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიალი, რომელიც კალენდარული შედეგების ნაცვლად საფეხბურთო სეზონის მიხედვით შეფასდა. შესაბამისად ოქროს ბურთის გამოკითხვაში გათვალისწინებული იყო მთლიანი ევროპული სეზონი 2022 წლის 1 აგვისტოდან 2023 წლის 31 ივლისის ჩათვლით.
იმ შემთხვევაში თუკი დაჯილდოებისას ძველი კალენდარული წლით გამოავლენდნენ გამარჯვებულს დიდი ალბათობით პრიზი ლეო მესის არ გადაეცემოდა, რადგანაც ამ სეზონში მისი მთავარი მიღწევა, მსოფლიო ჩემპიონატზე ტრიუმფი, 2022 წლის 18 დეკემბერს შედგა.
მსოფლიოს ჩემპიონატზე მესის 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემა ჰქონდა რის გამოც ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
რვა ჯილდოთი ლიონელ მესის უფრო მეტი ოქროს ბურთი აქვს ვიდრე ნებისმიერ ქვეყანას. არგენტინის (8) შემდეგ ოქროს ბურთის რაოდენობით მოდიან: გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები და პორტუგალია, რომელთაგან თითოეულ ქვეყანას 7 ოქროს ბურთის მფლობელი მოთამაშე ჰყავს.
1981 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ოქროს ბურთის ნომინაციაში ქულები აიღო. ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც “ნაპოლის” 33 წლიანი პაუზის შემდეგ ნანატრი ჩემპიონობა მოუტანა და გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ, ხოლო იტალიურ სერია ა-ში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, მე-17 ადგილი დაიკავა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებს შორის. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კვარაცხელია არის პირველი ფეხბურთელი, რომელიც ოქროს ბურთის ნომინანტებს შორის მოხვდა.
ყველაზე მაღალი, მეშვიდე პოზიცია საქართველოს ისტორიაში რამაზ შენგელიამ 1981 წელს დაიკავა, როდესაც თბილისის “დინამომ” თასების მფლობელთა თასის მოგება შეძლო.
ქართველები, რომელთაც ოქროს ბურთის ნომინაციაში ხმები მიუღიათ არიან:
1961 წელი
17-22. მესხი (4 ხმა)
23-27. მეტრეველი (3 ხმა)
1965 წელი
17-24. მეტრეველი (2 ხმა)
1968 წელი
24-32. ხურცილავა (1 ხმა)
1972 წელი
11-14. ხურცილავა (3 ხმა)
1981 წელი
7. შენგელია (10 ხმა)
8. ჩივაძე (9 ხმა)
11-15. ყიფიანი (6 ხმა)
ქალთა შორის ოქროს ბურთის მფლობელი 25 წლის ესპანელი ნახევარმცველი აიტანა ბონმატი გახდა, რომელმაც “ბარსელონასთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო ესპანეთთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.
წლის საუკეთესო გოლკიპერის, ლევ იაშინის სახელობის ჯილდო არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მეკარემ ემილიანო მარტინესმა მოიპოვა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ნიდერლანდებთან და საფრანგეთთან პენალტების სერიებში 2-2 დარტყმული მოიგერია და ნაკრებს ჩემპიონობაში დაეხმარა.
რაიმონ კოპას სახელობის წლის საუკეთესო 21 წლამდე ახალგაზრდას ჯილდო მადრიდის “რეალის” ვარსკვლავმა ჯუდ ბელინგემმა მოიპოვა. ოქროს ბურთის გამოკითხვაში მან მე-18 ადგილი დაიკავა, თუმცა სეზონი ისე შთამბეჭდავად დაიწყო, რომ დიდი ალბათობით მომავალ წელს ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი ფავორიტი იქნება.
წლის კლუბად “მანჩესტერ სიტი” დასახელდა, რომელმაც 2022/23 წელს ტრებლის გაფორმება შეძლო და ყველა შესაძლო ტიტული მოიგო. კლუბის ნორვეგიელმა შემტევმა, ერლინგ ჰოლანდმა 56 გოლით გერდ მიულერის სახელობის საუკეთესო ბომბარდირის ჯილდო დაისაკუთრა, ხოლო ოქროს ბურთის ნომინაციაში კი მეორე ადგილი დაიკავა.
რაც შეეხება “სოკრატესის პრიზს”, ის შარშან დაწესდა და იმ ფეხბურთელს გადაეცემა, რომელიც საქველმოქმედო პროექტებში აქტიური მონაწილეობითა და სამოქალაქო აქტიურობით გამოირჩევა. წლეულს, ტიტულით “რეალის” თავდამსხმელი ვინისიუს ჟუნიორი დაჯილდოვდა, რომელიც ფეხბურთში რასიზმთან შეუპოვარი მებრძოლია. ის ბრაზილიაში საქველმოქმედო ფონდს ხელმძღვანელობს, რომელიც ღატაკ ბავშვებს ეხმარება.
შეგახსენებთ, რვა ოქროს ბურთით ლიონელ მესი აბსოლუტური რეკორდსმენია, მის შემდეგ ხუთი ოქროს ბურთით კრიშტიანუ რონალდუ მოდის, ხოლო მარკო ვან ბასტენს, იოჰან კრუიფსა და მიშელ პლატინის სამ-სამჯერ აქვთ ჯილდო მოპოვებული.
ცნობისთვის, ჟურნალი France Football ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს "ოქროს ბურთით", იგივე Ballon d'Or-ით 1956 წლიდან, ყოველწლიურად აჯილდოებს. გამარჯვებულს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტები ხმის მიცემით ავლენენ. 2010-იდან 2015 წლამდე France Football და ფიფა გამარჯვებულს ერთად - "ფიფას ოქროს ბურთით" აჯილდოებდნენ, თუმცა, 2016 წლიდან მხარეებმა თანამშრომლობა აღარ ისურვეს.