მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა ისარგებლოს თიზ-მა საგადასახადო შეღავათებით?

63e79b026f846
ალა ისპირიანი
12.02.23 13:00
1176
საგადასახადო ორგანოს მიერ 2020-2021 წლებში რამდენიმე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) საწარმოს საგადასახადო შემოწმება ჩატარდა. შემოწმების შედეგებმა ცხადყო, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებს არასწორად ჰქონდათ აღქმული შეღავათების გამოყენების შესაძლებლობა, რამაც მათ მიმართ საგადასახადო ვალდებულებების დამატებით განსაზღვრა გამოიწვია. თავისუფალი ინდუსტრიული ზონების საწარმოს წარმომადგენლების განმარტებით, ისინი თვლიდნენ, რომ საგადასახადო ორგანომ შეცვალა მისი მიდგომა და არ მისცა საშუალება კომპანიებს ესარგებლათ იმ შეღავათებით რომელიც კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული.

Grant Thornton Georgia-ს საგადასახადო მიმართულების მენეჯერი ნათია ჩაგანავამ გადაცემა "საქმიან დილაში" თქვა, რომ იქიდან გამომდინარე, რომ თიზ-ის საწარმოებისთვის არასწორადაა აღქმული შეღავათების გამოყენების შესაძლებლობა, საგადასახადო ორგანომ 2022 წელის დეკემბერში, თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მეთოდური მითითება გამოსცა. მისი თქმით, აღნიშნულ მითითებებში ნათლად არის გაწერილი რა შემთხვევაში შეუძლია საწარმოს საგადასახადო შეღავათებით სარგებლობა და 4 ძირითადი მიმართულება გამოყო:

 თუ თიზ-ის საწარმო ახორციელებს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის წარმოებას ასეთი ოპერაციებიდან მიღებული მოგება არ დაიბეგრება.

 თუ თიზ-ის პირმა საზღვარგარეთ საქონელი იყიდა, შემოიტანა და აუცილებელი პირობაა ეს საქონელი თავისუფალი ინდუსტრიის ტერიტორიაზე შევიდეს, დასაწყობდეს და შემდეგ მოხდება ამ საქონლის საზღვარგარეთ რეალიზაცია, ასეთი ოპერაციიდან მიღებული მოგების განაწილებაც არ დაიბეგრება.

 თუ თიზ-ის პირი მომსახურებას არარეზიდენტ პირებს გაუწევენ მაშინ დაიბეგრებიან. კანონმდებელი ამბობს, რომ თუ ასეთს შემოსავლიდან მიღებულ მოგებას გაანაწილებ ეს ჩვეულებრივი წესით დაბეგვრას დაექვემდებარება. (15%)

 იყო ბევრი შემთხვევა, როდესაც თიზ-ის საწარმოები ყიდულობდნენ საქონელს პირობითად თურქეთში, ისე რომ ეს საქონელი საქართველოს ტერიტორიას არ გადმოკვეთდა და მისი დასაწყობება თიზ-ის ტერიტორიაზე არ ხდებოდა. პირდაპირ თურქეთიდანვე გადაყიდდნენ ამ საქონელს პირობითად გერმანიაში და ასეთი შემოსავლიდან მიღებული მოგების განაწილების დროს თიზ-ის პირები თვლიდნენ, რომ საგადასახადო შეღავათებით უნდა ესარგებლათ. ამ მეთოდურ მითითებაში ასევე გაიწერა რომ ასეთი საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება ჩვეულებრივი წესით დაიბეგრება.

რაც შეეხება უშუალოდ კანონმდებლობას, რომელიც საგადასახადო შეღავათებს არეგულირებს, ეს საქართველოს საგადასახადო კოდექსია. ნათია ჩაგანავა განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსში არსებობს ცალკე, 25-ე მუხლი, რომელშიც კონკრეტულადაა გაწერილი ის კრიტერიუმები, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს, რომ პირმა შეღავათით ისარგებლოს.

„ამ მიმართულებით ბოლო ცვლილება 2016 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა, ჩაიწერა რომ თავისუფალი ინდუსტრიის ზომის საწარმოს არა აქვს უფლება მომსახურება გაუწიოს არარეზიდენტ პირებს, თუმცა საქართველოს მთავრობა უფლებას იტოვებს რაღაც გარკვეული მომსახურების სახეები განსაზღვროს რისი გაწევის შემთხვევაშიც ასეთი სახის საწარმო შეღავათით ისარგებლებს. მაგრამ დღეის მდგომარეობით ასეთი მომსახურების ჩამონათვალი ჯერ კიდევ განსაზღვრული არ არის, რაც იმას ნიშნავს რომ არარეზიდენტ პირებს რომ მომსახურება გაუწიო შეიძლება, მაგრამ საშეღავათო გადასახადით ვერ ისარგებლებთ,“ - განმარტავს იგი.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზ) არის საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული თავისუფალი ზონის სახეობა, სადაც მოქმედებს დამატებითი პირობები და საგადასახადო შეღავათები. ის წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიის ნაწილს განსაზღვრული საზღვრებითა და კანონით მინიჭებული სპეციალური სტატუსით. მისი შექმნა შეიძლება ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომლის ფართობი აღემატება 10 ჰექტარს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაცული ტერიტორიებისა.

საქართველოს ტერიტორიაზე 4 თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ფუნქციონირებს:

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა;
ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა;
ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა;
თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა.

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა იღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები