საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება, რომლითაც საგარეჯოში ახალი თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნასთან დაკავშირებული დეტალები შეიცვალა. თიზ-ის მოწყობასთან დაკავშირებით მთავრობამ პირველი დადგენილება 2022 წლის 10 ოქტომბერს გამოიცა. მისი მიხედვით, თიზ-ის პროექტს შპს “ასი გრუპ ჯორჯია” განახორციელებს, რომელიც იორდანიელი ბიზნესმენის, ოსამა ალ შანტის მიერ არის დაფუძნებული.
დადგენილებაში შესული ცვლილებით, ინვესტორს ერთი წლით - 2026 წლის 1 იანვრამდე გადაუვადდა ტერიტორიის სივრცითი და გეგმარებითი განაშენიანების დეტალური გეგმის წარდგენის ვადა. ამასთან, თიზ-ის ფუნქციონირების დაწყების ვადად 2026 წლის 1 მარტი არის განსაზღვრული.
წინა გადავადება 2023 წლის ივნისში იყო და მისი მეშვეობით სამუშაოების შესრულების ვადა 2024 წლის 1 ივლისამდე გადავადდა.
“საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგდანოვკაში 1,117,450 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: №55.02.51.063.618 და №55.02.51.063.619) შეიქმნას საგარეჯოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (შემდგომში − საგარეჯოს თიზ).
ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია არაუგვიანეს 2026 წლის 1 იანვრისა შეიმუშაოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განაშენიანების დეტალური გეგმა,”- ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.
თავად “ასი გრუპ ჯორჯია” დაკავშირებულია კომპანია "ასი გრუპ ჰოტელსთან", რომელმაც 2023 წლის აგვისტოში სანატორიუმი "მედეა" შეიძინა.
კომპანიის ვებგვერდის მიხედვით, ACE Group-ი ძირითადად ქიმიური მრეწველობით არის დაკავებული. ჯერჯერობით უცნობია, რა პროექტის განვითარებას გეგმავს კომპანია საგარეჯოს თიზ-ში.