11 სექტემბრიდან, საქართველოში ჩამოსასვლელად ჩინეთის მოქალაქეებს ვიზა აღარ სჭირდებათ. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და ცხადია, ის ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობის რანგში აყვანილ კავშირს უკავშირდება, რომელზედაც ირაკლი ღარიბაშვილი და სი ძინპინი ივლისში შეთანხმდნენ. ჩინეთი რიგით მეორე უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, სადაც 1 მლრდ 400 მლნ-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ასე რომ ქართული ტურისტული სექტორის გახსნამ, წესით და რიგით, ქვეყანაში მეტი ჩინელი ტურისტის შემოსვლას უნდა შეუწყოს ხელი. მარტივად რომ გითხრათ, ჩინელები დედამიწის მოსახლეობის 17%-ს შეადგენენ, ანუ ყოველი 100 დედამიწელიდან 17- ჩინეთის მოქალაქეა. საქართველომ ამ ადამიანების ძალიან მწირი პროცენტი მაინც თუ აითვისა, ტურისტულად, ქვეყანა იხეირებს.
ამ ეტაპზე, ჩინელი ტურისტების რიცხვით საქართველო ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წლის 1-ელ ნახევარში, ქვეყანაში ჩინეთის 12,600 მოქალაქე შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 316%-ით მეტია. წლების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ჩინელი ვიზიტორი 2019 წელს სტუმრობდა, როცა ტურიზმიც პიკში იყო - მაშინ, ვიზიტორთა რაოდენობამ 48,000-ს გადააჭარბა. პანდემიის შემდეგ კი ჩინელი მოგზაურების რაოდენობა შემცირდა, მაგრამ წელს, სხვა წლებთან შედარებით, ისევ ზრდა ფიქსირდება.
პოსტპანდემიური ზრდა მხოლოდ ნაწილობრივ უკავშირდება ჩინეთში საქართველოს პოპულარობის ზრდას, რადგან მთავარი ფაქტორი, მაინც ჩინეთია. საქმე ისაა, რომ პანდემიის დროს - და რეალურად, პანდემიის შემდეგაც - ჩინეთში კოვიდის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა მოქმედებდა. მარტივად რომ ვთქვათ, ამ მიდგომის შეჯამება ასე შეგვიძლია: ჩინეთის ხელისუფლება ხშირად ატარებდა კოვიდის ტესტებს და თუ რომელიმე ქალაქში ან სოფელში კოვიდის შემთხვევების გარკვეული რაოდენობა აღმოჩნდებოდა, იმ ქალაქში თუ სოფელში კარანტინი ცხადდებოდა, ანუ ადამიანები ვერც შედიოდნენ და ვერც გამოდიოდნენ. ასეთ დროს, რასაკვირველია, ტურიზმი მეორე პლანზე გადადის.
თუმცა დღეს, კოვიდი დამარცხებულია და ჩინეთის ეკონომიკა, ისევე, როგორც ჩინეთის ტურიზმი, აღდგენას იწყებს. გლობალური კარჩაკეტილობის პირობებში, საინტერესო მიმართულებით განვითარდა საშუალო სტატისტიკური ჩინელი ტურისტის ფსიქოლოგია. McKinsey-ის ახალი კვლევის თანახმად, ჩინელი ტურისტები, მოგზაურობას კონკრეტული გამოცდილებების გარშემო გეგმავენ. თუ თავის დროზე, მათთვის ახალი სამზარეულოს გაცნობა და ძეგლების მონახულება უფრო პრიორიტეტული იყო, ამჟამად, ისინი კულტურას და ისტორიას, ჯანსაღ ტურიზმს, ველნესის მიმართულებას და სანატორიუმის ტიპის კურორტებს ირჩევენ. ამასთან, ჩინეთში უფრო პოპულარული გახდა ზამთრის კურორტები. საერთო ჯამში კი, პანდემიის შემდეგ, ჩინელ ტურისტებს ახალი, ჯერაც ამოუცნობი და ნაკლებად პოპულარული ადგილების მონახულების სურვილი გაუჩნდათ, რაც დიდი პლუსია საქართველოსთვის, რომელიც ისედაც აკმაყოფილებს ზემოხსენებულ პირობებს.
ყველაზე მეტად, ჩინეთის მოქალაქეები მაინც ახლომდებარე სახელმწიფოებში მოგზაურობენ. ჩამონათვალში იაპონია, ტაილანდი და სამხრეთ კორეა ლიდერობენ, მაგრამ ბევრი ჩინელი მოგზაურობს საფრანგეთში, ავსტრალიაში, კანადასა და გაერთიანებულ სამეფოში. სიაში, ასევე არის ამერიკის შეერთებული შტატებიც, სადაც ისტორიულად ჩინეთის დიდი კომუნა ცხოვრობს.
თუმცა ამ ქვეყნების გარდა, რაოდენობრივად ყველაზე მეტი ჩინელი ჰონკონგსა და მაკაოში დადის. ორივე შემთხვევაში, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისევ ბიზნესში უნდა ვეძებოთ. საქმე ისაა, რომ მაკაოს და ჰონკონგის მთავარი პეწი აზარტული თამაშები და სამორინეებია. საქმე ისაა, რომ კონტინენტურ ჩინეთში აზარტული თამაშები აკრძალულია, ასე რომ ადამიანები, რომელთაც ის აინტერესებთ, ხშირად სწორედ მაკაოში და ჰონკონგში მიდიან. მაკაო, რეალურად, აღმოსავლეთის ლას-ვეგასად ითვლება.
საერთო ჯამში კი, პანდემიის შემდეგ, ჩინელ ტურისტებს ახალი, ჯერაც ამოუცნობი და ნაკლებად პოპულარული ადგილების მონახულების სურვილი გაუჩნდათ. სხვადასხვა ინფორმაციით, ტაილანდში, სინგაპურში, ინდონეზიასა და ფილიპინებში წელს ჩასული ჩინელების რიცხვი 60%-ით ნაკლებია 2019 წელიწადზე, რაც ამ ტენდენციის ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი თვალსაჩინო მაგალითია. ამასთან, იზრდება მოთხოვნა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთზე, კერძოდ ეგვიპტეზე.
ანალიტიკოსების შეფასებით, ჩინელი ტურისტების გადაწყვეტილებებს, დიდწილად, ორი ფაქტორი განაპირობებს - პირდაპირი ფრენების არსებობა და გეოპოლიტიკური ურთიერთობები. თუ საქართველოსთან მიმართებით, მეორე ფაქტორი, სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმებით დასტაბილურდა, იმავეს ვერ ვიტყვით ფრენებზე, რომელთა რიცხვი, ჯერაც მწირია. დღეს, საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით მხოლოდ ერთი ავიაკომპანია - “ჩინეთის სამხრეთი ავიახაზები” დაფრინავს, რომელიც რეისებს თბილისიდან ჩინეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ურუმჩიმდე ახორციელებს, კვირაში სამჯერ. კვირაში სამჯერ ფრენით, მით უმეტეს ერთი ავიაკომპანიის მიერ, შორს ვერ წავალთ, ასე რომ თუ ჩინეთიდან მეტი ტურისტის მოზიდვა გვინდა, ეს რიცხვი კარდინალურად უნდა შეიცვალოს.
კიდევ ერთ საინტერესო სტატისტიკურ მონაცემს გეტყვით: 2021 წელს, ჩინელ მოგზაურებზე გლობალური ტურისტული ბაზრის 14% მოდიოდა, ანუ ყველა სხვა ქვეყანაზე მეტი. იგივე 2021 წელს, ჩინელმა ტურისტებმა საზღვარგარეთ $106 მილიარდი დახარჯეს, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. ჩინეთის საშუალო კლასის სწრაფ ზრდასთან ერთად, უფრო და უფრო მეტი ჩინელი მდიდრდება, ასე რომ ამ რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა არის მოსალოდნელი და საქართველომ, რომელიც დიდწილად ტურისტული ქვეყანაა, ამ ზრდით აუცილებლად უნდა იხეიროს, რისთვისაც, პირველ რიგში, მილიარდ ჩინელს ჩვენი ქვეყანა უნდა გავაცნოთ და უფრო მეტი პირდაპირი ფრენა დავნიშნოთ.