პარლამენტის ვიცე სპიკერი, ნინო წილოსანი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად კანადაში იმყოფება, სადაც შეხვედრები გამართა, მათ შორის კანადის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს ლიან რუდს და ჯგუფის წევრებს შეხვდა.
BM.GE დაინტერესდა, როგორია საქართველოსა და კანადას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა, ასევე რა საქონელი გადის ექსპორტზე და რა პროდუქცია შემოდის ქვეყანაში.
ოფიციალური მონაცემებით, 2024 წელს საქართველოსა და კანადას შორის სავაჭრო ბრუნვამ თუ 54.28 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2025 წელს ეს მაჩვენებელი 86.25 მლნ დოლარს აღწევდა. შესაბამისად, წლიურ ჭრილში ზრდამ 59%-მდე მიაღწია.
რას ვყიდით კანადაში?
საქართველოს ექსპორტის ძირითადი პოზიციები კანადის მიმართულებით მოიცავს სხვადასხვა ინდუსტრიულ და აგროპროდუქტს. მიმდინარე წლის ოთხ თვეში, ყველაზე დიდი მოცულობით ექსპორტზე ფეროშენადნობები გავიდა, რომლის ღირებულებაც 6.6 მილიონ დოლარს შეადგენს. ასევე მნიშვნელოვანი წილი უკავია ყურძნის ნატურალურ ღვინოებს - 409 ათასი დოლარის ოდენობით.
ექსპორტის სტრუქტურაში შედის მინერალური და მტკნარი წყლებიც, რომელთა მოცულობა 196 ათას დოლარს აღწევს, ხოლო დამტკბარი მინერალური და გაზიანი წყლები 75 ათას დოლარს შეადგენს. გარდა ამისა, კანადის ბაზარზე გადის ფანერა და დაფანერებული პანელები - 65 ათასი დოლარის ღირებულებით.
ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი 48 ათას დოლარს აღწევს, ხოლო მზა ან დაკონსერვებული თევზის მოცულობა 26.7 ათას დოლარს შეადგენს. ასევე მცირე, თუმცა სტაბილური წილით წარმოდგენილია მინის ჭურჭელი - 26.6 ათასი დოლარი, ყველი და ხაჭო - 18 ათასი დოლარი და დამუშავებული ან დაკონსერვებული მცენარეული პროდუქტები - 13 ათასი დოლარი.
რას ვყიდულობთ კანადიდან?
იმპორტის სტრუქტურა კანადიდან უფრო მრავალფეროვანია და ძირითადად მაღალი ღირებულების საქონელს მოიცავს. მიმდინარე წლის ოთხი თვის მონაცემებით, ყველაზე დიდი წილი მსუბუქ ავტომობილებს უკავია, რომელთა იმპორტმა 11.8 მილიონ დოლარს მიაღწია.
მნიშვნელოვან პოზიციებს შორისაა ასევე პარკოსანი ბოსტნეული (გამხმარი) - 542 ათასი დოლარის ოდენობით და დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 313 ათასი დოლარი. შედარებით მცირე, მაგრამ სტაბილური მოცულობით შემოდის გაყინული თევზი - 240 ათასი დოლარი და რეზინის ტანსაცმელი და აქსესუარები - 133 ათასი დოლარი.
იმპორტის სტრუქტურაში ასევე გვხვდება გაყინული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი - 96 ათასი დოლარი, იახტები და სხვა რეკრეაციული მცურავი საშუალებები - 84 ათასი დოლარი, ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 78 ათასი დოლარი, ანალიზისთვის განკუთვნილი ხელსაწყოები და აპარატურა - 73 ათასი დოლარი, ასევე ტემპერატურული პროცესებით მასალების დასამუშავებელი მანქანები - 70 ათასი დოლარი.
ფულადი გზავნილები:
კანადიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა სტაბილურ ზრდას აჩვენებს. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ქვეყანაში გადმორიცხულმა თანხამ 7.93 მილიონი დოლარი შეადგინა.
ბოლო წლების დინამიკაც მზარდია. 2021 წელს გზავნილების მოცულობა 21.9 მილიონ დოლარს შეადგენდა, 2022 წელს — 21.8 მილიონ დოლარს, ხოლო 2023 წელს მაჩვენებელი 25.8 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
ზრდა გაგრძელდა ბოლო ორ წელშიც — 2024 წელს საქართველომ კანადიდან 26.3 მილიონი დოლარი მიიღო, ხოლო 2025 წელს ეს მაჩვენებელი 27.1 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
FDI:
2025 წელს კანადიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გადინება მოხდა. საქსტატის მიხედვით, ქვეყნიდან 7.3 მლნ აშშ დოლარი გავიდა. 2024 წელს FDI-მ 500.6 მლნ აშშ დოლარის წმინდა გადინება აჩვენა. 2023 წელი დადებითი მაჩვენებლით გამოირჩეოდა, როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადმა 5.38 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ტურიზმი:
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, კანადიდან ვიზიტორების რაოდენობა წელს ზრდას აჩვენებს. პირველ ოთხ თვეში ქვეყანაში 1,478 კანადელი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 9.1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (1,355 ვიზიტორი).




























