სომხეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ოქტომბერში ეკონომიკური აქტივობის ინდიკატორმა 6% შეადგინა.
ანგარიშის მიხედვით, სომხეთში ოქტომბრის განმავლობაში სამომხმარებლო ფასების წლიური ცვლილება (ინფლაცია) 0.1% იყო. აღნიშნულის გათვალისწინებით, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა 31 ოქტომბერს რეფინანსირების განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით 9.5%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
რაც შეეხება საგარეო სავაჭრო ბრუნვას, ოქტომბერში სომხეთის სავაჭრო ბრუნვამ 1.9 მილიარდი დოლარი შეადგინა. მათ შორის 741 მილიონი დოლარი ექსპორტი, 1.17 მილიარდი დოლარი კი იმპორტი იყო. წლიურ ჭრილში სომხეთის ექსპორტი 14%-ით, ხოლო იმპორტი 22%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება აზერბაიჯანის ეკონომიკას, 2023 წლის იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში ქვეყნის მშპ-ის მოცულობამ 100.9 მილიარდი მანათი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით მეტია.
აზერბაიჯანის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის ნავთობისა და გაზის სექტორში შექმნილი დამატებული ღირებულების მოცულობა წინა წელთან შედარებით 2.6%-ით შემცირდა, ხოლო არა-სანავთობო სექტორში ზრდამ 3.1% შეადგინა.
აზერბაიჯანის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, 2023 წლის 10 თვეში ერთ მოსახლეზე მშპ-ის ზომა 9,938 მანათი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.1%-ით ნაკლებია.
ამ დროისთვის საჯაროა თურქეთის 2023 წლის ეკონომიკური ზრდის სამი კვარტალის შედეგები, რომლის მიხედვითაც პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა, ხოლო მეორე კვარტალში ზრდამ 3.8% შეადგინა. შედარებით უფრო სწრაფი იყო ზრდა მესამე კვარტალში, რამაც 5.9% შეადგინა, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად გაზრდილმა ტურისტულმა შემოსავლებმა განაპირობა.
ამასთან, თურქეთში ნოემბერში ინფლაციის დონემ 75.5% შეადგინა, რაც წინა პერიოდთან შედარებით მკვეთრ ზრდას წარმოადგენს, რადგანაც ნოემბერში წლიური ინფლაცია 74.6% იყო. გაზრდილი ინფლაციის გამო, 23 ნოემბერს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 40%-მდე გაზარდა.
ამასთან, ქვეყანაში უმუშევრობის დონე 9.1%-მდე შემცირდა. თურქეთის სტატისტიკის სამსახურის თანახმად, სექტემბერში წლიურ ჭრილში კერძო სექტორის ბრუნვა 4%-ით გაიზარდა.