მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორი ფინანსური შედეგები აქვს IBM-ს?

IBM Company

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, IBM-მა პირველი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლებით ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა, თუმცა ამის მიუხედავად, კომპანიის აქციების ფასი მკვეთრად დაეცა.

საანგარიშო პერიოდში IBM-ის კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე $1.91 შეადგინა; კვარტალურმა შემოსავალმა $15.9 მილიარდს მიაღწია, რაც ასევე აჭარბებს უოლ-სტრიტის მიერ ნავარაუდებ $15.7 მილიარდს.

განსაკუთრებით პოზიტიური შედეგები დაფიქსირდა პროგრამული უზრუნველყოფის სეგმენტში, სადაც შემოსავალმა $7.1 მილიარდი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ჰიბრიდული ქლაუდ-ტექნოლოგიების მიმართულებით შემოსავლების ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-მდე დაჩქარდა. ეს მაჩვენებელი კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ინვესტორებისთვის, რადგან წინა კვარტალში, 2025 წლის სამთავრობო შათდაუნის გამო, აშშ-ის ფედერალურ სექტორში გარიგებების შეფერხებამ ზრდის ტემპი შეანელა.

წარმატებული კვარტალური მაჩვენებლების მიუხედავად, პრემარკეტზე IBM-ის აქციები 7.3%-ით გაუფასურდა. ბაზრის ასეთი რეაქცია კომპანიის 2026 წლის პროგნოზმა განაპირობა, რომელიც ხელმძღვანელობამ უცვლელი დატოვა. აღმასრულებელი დირექტორის, არვინდ კრიშნას განცხადებით, კომპანია კვლავ 5%-იან ზრდას და თავისუფალი ფულადი ნაკადების $1 მილიარდით მატებას ელოდება. ინვესტორთა ნაწილისთვის ეს მოლოდინები არასაკმარისი აღმოჩნდა, რაც პროგრამული უზრუნველყოფის სექტორში არსებულ საერთო პესიმისტურ განწყობას და ხელოვნური ინტელექტის გავლენებთან დაკავშირებულ შიშებს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისიდან IBM-ის აქციების ღირებულება საერთო ჯამში 15%-ითაა შემცირებული. ბაზრის მონაწილეები ყურადღებით აკვირდებიან, თუ რა გავლენა ექნება ხელოვნური ინტელექტის განვითარებას ტრადიციული პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანიების ბიზნესმოდელზე. როგორც ჩანს, მიმდინარე ფინანსურმა ანგარიშმა აღნიშნული ეჭვების სრულად გაფანტვა ვერ შეძლო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები