მმართველი პარტია ახალ ოფისს თბილისში დიდი ხეივნის 3 ნომერში იშენებს. პროექტის მიხედვით, K2 კოეფიციენტის 8 383 კვ.მ შენობა 34.95 მეტრის სიმაღლის იქნება.
განმარტებითი ბარათის მიხედვით კი, 4953.0 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ვლადიმერ წითლანაძის ქუჩა, სამხრეთ-დასავლეთიდან ვახტანგ გორგასლის ქუჩა, ხოლო სამხრეთ აღმოსავლეთიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შენობა.
ოფისის შესახებ საზოგადოებისთვის პირველად ცნობილი ნოდარ მელაძის ,,შაბათის" გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდისგან გახდა.
მმართველი პარტიის განმარტებით, ოფისის მშენებლობას ,,ქართული ოცნება" არ აფინანსებს და მშენებარე ოფისი იჯარა-გამოსყიდვის ან იჯარის ხელშეკრულებით უნდა იქირაოს პარტიამ. რის შესახებაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, ინფორმაცია გასაჯაროვდება.
შენობას 2021 წელს რეგისტრირებული შპს ნიუ ოფისი აშენებს, რომლის წილის 100% დავით ანდღულაძე ფლობს. დიდი ხეივნის 3 ნომერში ნაგებობის აშენების უფლება კომპანიამ გასული წლის 7 დეკემბერს მიიღო. საპროექტო დოკუმენტების მიხედვით, მთავარი არქიტექტორი გიორგი ჭყონიაა.
თავად ანდღულაძე ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს შემწირველია. მმართველ პარტიას თანხა ორჯერ 2021 და 2023 წელს შესწირა. 50 და 60 ათასი ლარის ოდენობით.
საპროექტო შენობა რვა სართულიანია. შენობის შუაგულში გათვალისწინებულია ბირთვი, რომელიც მოიცავს ორ კიბის უჯრედს, სამ ლიფტს თავისი ჰოლით და საზოგადოებრივი სარგებლობის სან. კვანძებს.