მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იყო 2020 წელი ელექტროტექნიკის ბაზრისთვის?

60169c7bdded9
ლიკა გურაბანიძე
31.01.21 16:41
1118
საქართველო ყოველწლიურად, დაახლოებით, $250 მილიონი დოლარის ღირებულების ელექტროტექნიკას ყიდულობს. საქსტატის სტატისტიკის თანახმად, ტექნიკის იმპორტის ღირებულების უდიდესი ნაწილი - $158 სმარტფონების შესყიდვაზე მოდის - მხოლოდ 2019 წელს 1.2 მლნ მობილურის იმპორტი განხორციელდა. შესაბამისად, ტექნიკით მოვაჭრე კომპანიების გაყიდვებშიც პირველ ადგილზე სმარტფონებია. საქართველოში ბაზრის უმსხვილესმა მოთამაშეებმა საკუთარი წლიური ანგარიშგებები უკვე გაასაჯაროვეს. სექტორის უმსხვილესი მოთამაშე “ალტაა”, რომლის ჯგუფის კონსოლიდირებული შემოსავალი 2019 წელს 249 მილიონი ლარი იყო.

"Forbes კვირამ" ბაზრის მოთამაშეებს პანდემიური წელი შეაფასებინა. კომპანიები ყვებიან, რომ "ლოქდაუნები", ბუნებრივია, მათ გაყიდვებზეც აისახა, რასაც ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, მოსახლეობის შემცირებული მსყიდველუნარიანობაც დაემატა.

სექტორის უმსხვილეს კომპანია "ალტაში" აცხადებენ, რომ გასული წლისთვის საკმაოდ ამბიციური გეგმები ჰქონდათ, რადგან ბაზარი ვითარდებოდა და იზრდებოდა, თუმცა პანდემიამ კომპანიის განვითარების გეგმები დააკორექტირა. ძირითად მიზეზებს შორის, მომხმარებელთა მსყიდველუნარიანობის შემცირება და ბიზნეს აქტივობების შეზღუდვაა.

“ზოგადად, ელექტროტექნიკის ბაზარი 18-20%-ით შემცირდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ "ალტას" ასეთივე შედეგები ჰქონდა, პირიქით უკეთეს მაჩვენებლებზე გავედით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ვარდნა ჩვენზეც აისახა", - განაცხადა “ალტას” გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორმა გიორგი ჟურულმა.

კომპანია "ზუმერში" კი, რომელიც ბაზრის, ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, განმარტავენ, რომ მათ შემთხვევაშიც 2020 წლის გეგმა დრამატულად შეიცვალა და მაქსიმალურად ეცადნენ, გასული წლის დასაწყისშივე შექმნილი გაურკვევლობისთვის სწრაფად ეპასუხათ. რაც შეეხება წლევანდელ მოლოდინებს, "ზუმერში" მიაჩნიათ, რომ წლის მეორე ნახევრიდან ბაზარზე ვითარება კომპანიის სასარგებლოდ შეიცვლება.

“ვცდილობთ, ყველაფერს ოპტიმისტურად შევხედოთ, შესაბამისად მიგვაჩნია, რომ აღდგენის პროცესი სწრაფი იქნება. წლის მეორე ნახევარი უფრო პოზიტიური იქნება ქვეყნისთვის და ჩვენთვისაც, რადგან სტაბილურობა გვექნება”, - აღნიშნა “ზუმერის” გენერალურმა დირექტორმა ლევან გაფრინდაშვილმა.

2020 წელი მარტივი არც “ბეკო - საქართველოსთვის” აღმოჩნდა. ჯამში, კომპანიის მაღაზიები წლის განმავლობაში, 68 დღე დაკეტილი იყო. შედეგად, 2020 წლის გაყიდვების მაჩვენებელი 2019 წლისას მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.

“გაყიდვებში რაოდენობრივი კლება გასულ წელთან შედარებით -7% იყო. თუ 2019 წელს 100 ათასი ტექნიკა გავყიდეთ, 2020 წელს ეს მაჩვენებელი გაცილებით ნაკლები იყო, თუმცა თანხობრივად გაყიდული ტექნიკიდან მიღებული შემოსავალი 3%-ით მეტი იყო, რაც ლარის კურსის გაუფასურებით აიხსნება", - განმარტა “ბეკო საქართველოს” დირექტორმა მეჰმეთ მელექმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები