Galt & Taggart-ის შეფასებით, 2023 წლის აგვისტოს განმავლობაში, საქართველოს ტურიზმის შემოსავალმა 550 მილიონი დოლარი შეადგინა. სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებლის, შალვა ალავერდაშვილის თქმით, III კვარტალი სასტუმროებმა შემოსავლის მატებით დაასრულეს.
მისი შეფასებით, განსაკუთრებული ზრდა სამთო კურორტებზე, მათ შორის ბორჯომ-ბაკურიანისა და აჭარის მიმართულებით, კლება კი - ქობულეთი-ურეკის მიმართულებით დაფიქსირდა.
“ეს ზღვის დაბინძურებასთან დაკავშირებით ხალხის შიშით აიხსნება. ბევრმა წელს მთის კურორტებზე წასვლა ამჯობინა, რაც შედეგებზეც აისახა. განსაკუთრებული მატება აჭარაში სამთო კურორტებზე იყო, როცა ქობულეთს 30-35%-იანი კლება ჰქონდა”, - ამბობს ალავერდაშვილი.
სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებლის თქმით, თბილისში ტურიზმის შემოსავალი 7-10%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ტურისტთა სეგმენტებს, საქართველოში ყველაზე მეტი დაბალი გადახდისუნიარიანი ტურისტი ჩამოდის, რომლებიც 3-4-ვარსკვლავიან ნომრებში $45-70-ს იხდიან, შემდეგი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების დამსვენებლებია, რომელთა წილიც მცირედით გაიზარდა, ყველაზე მეტად კი საშუალო გადახდისუნარიანი ტურისტების რაოდენობა შემცირდა, რომლებიც ნომერში $100-180-ს იხდიან და რომელთა დიდი ნაწილიც ევროპელი ტურისტები არიან.
“აღმოსავლეთ ევროპა უფრო აქტიურა, ვიდრე - დასავლეთი, რომელიც საქართველოს უკრაინასთან ერთად მოიაზრებს და ომის ეშინიათ. ტურისტების მატება ისრაელიდან შეინიშნება, რომლებიც ყოველწლიურად სტაბილური პარტნიორები არიან. რაც შეეხება გალფის ქვეყნებს, აქედან მეტ მატებას ველოდით, თუმცა ამ ქვეყნებისთვის თურქეთმა რეგულაციები მოხსნა, რამაც ტურისტთა დიდი მასის თურქეთში ჩასვლა გამოიწვია. თუმცა, ტრადიციულად, ბაკურიანში გალფის ქვეყნებიდან ოჯახებით და ბავშვებით ვიზიტები 1-თვემდე გრძელდება”, - ამბობს ალავერდაშვილი.
Galt & Taggart-ის შეფასებით, 2023 წლის პირველ 8 თვეში ტურიზმის შემოსავლებმა 2.9 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 34.7%-იან ზრდას წარმოადგენს.