მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იყო კაკლის მოსავალი და რა გამოწვევებია სექტორში - კვლევის შედეგები

კაკლის წარმოება

ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციამ სოფლის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში 200-მდე ნუშის და კაკლის მწარმოებელი ფერმერი გამოკითხა. გამოკითხვის შედეგებით, 2023 წელს კომერციული ბაღებიდან ფერმერებმა 2,500 ტონა კაკლის მოსავალი მიიღეს. კაკლის გამოსავლიანობა, ანუ ნიგოზი 48% იყო.

ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, კომპანია ,,ანიგოზის" დამფუძნებელი ანა ქევხიშვილი BMGtv-ის გადაცემაში ,,საქმიანი დილა" ამბობს, რომ სექტორში ძირითადი ინვესტიციები ქართულია, თუმცა რამდენიმე დიდი კომერციული ბაღით უცხოელი ინვესტორებიც დაინტერესდნენ, შეისწავლეს და ინვესტიციაც განახორციელეს.

,,ნუში და კაკალი ქართველი ფერმერებისთვის 8-10 წლის წინ გახდა საინტერესო. იმ დროს, ქვეყანაში არანაირი გამოცდილება არ გვქონდა ამ მიმართულებით და დიდი იყო ცოდნის დეფიციტი. საერთაშორისო გამოცდილებამ და დრომ, ამ მხრივ მოიტანა ძალიან ბევრი წარმატებული ბაღი. კაკლის სექტორისთვის დადებითი ფაქტორია ისიც, რომ ალტერნატივა ადგილობრივი ბაზრის კუთხით სულ არსებობს, რადგან საქართველოში ამ პროდუქტზე დიდი მოთხოვნაა.

ჩვენს სექტორში, წარუმატებელი ბაღების ისტორია სხვა მომიჯნავე კულტურებთან შედარებით ბევრად ნაკლებია, თუ არ ჩავთვლით ცოდნის დეფიციტს და ინვესტიციების ნაკლებობას მოვლის თვალსაზრისით. ყველა ბაღი, რომელიც მიჰყვა მოვლას და ფერმერი, რომელმაც გაიღრმავა ცოდნა ამ მიმართულებით, დღეს, ძალიან წარმატებულია" - ამბობს ანა ქევხიშვილი.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ჯერ 2023 წლის სრული შედეგები არ გამოუქვეყნებია, 11 თვის განმავლობაში კი, ნაჭუჭგაუცლელი კაკლის ექსპორტი შემცირებულია. კერძოდ, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 141.7 აშშ დოლარის 48.2 ტონა პროდუქტი გაყიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 543.2 ათასი აშშ დოლარის 158.8 ტონა.

რაც შეეხება ნაწუჭგაცლილ კაკალს, ექსპორტი ამ მიმართულებითაც შემცირებულია. 2023 წლის 11 თვეში საქართველომ 329.2 ათასი აშშ დოლარის 51.3 ტონა პროდუქტი გაყიდა, 2022 წლის 11 თვეში კი, 471.1 ათასი აშშ დოლარის 71.7 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები