მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი მოლოდინები აქვს IMF-ს გლობალურ ეკონომიკასთან და გეოპოლიტიკასთან დაკავშირებით?

სავალუტო ფონდი

დროსთან ერთად, გლობალური ეკონომიკური მდგომარეობა იცვლება. თუკი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ექსპერტები გლობალური რეცესიის დაწყებას მოელოდნენ, დღეს უკვე მათი პროგნოზი პოზიტიური მოლოდინით არის შეცვლილი.

როგორც წესი, ინვესტორები ყველაზე დიდ მნიშვნელობას საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს აქცევენ, რადგან ამ ორგანოს ყველაზე დიდ მონაცემებთან აქვს წვდომა.

ამჯერად IMF-ის პროგნოზი გლობალურ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით პოზიტიურია, სწორედ ამიტომ, გთავაზობთ IMF-ის კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პიერ გურინჩას პოზიციას, რომელიც რეცესიის რისკებზე, ინფლაციაზე, გეოპოლიტიკასა და რუსეთის ეკონომიკაზე საუბრობს:


საუბარი კარგი ამბით დავიწყოთ. როგორც ჩანს, მსოფლიომ დიდი რეცესია თავიდან აირიდა. გლობალური ეკონომიკა სტაბილურად იზრდება, ინფლაციაც ეტაპობრივად მცირდება - რით შეგიძლიათ ახსნათ ეს ყველაფერი?

"გლობალური ეკონომიკა მოსალოდნელზე მედეგი აღმოჩნდა. ჩვენი პროგნოზით, წელს ეკონომიკის მოცულობა საშუალოდ 3.2%-ით გაიზრდება და მომავალ წელსაც ანალოგიურ შედეგს მოველით, რაც მდგრადობაზე მიუთითებს. IMF-ის შეფასებით, ოპტიმალური ზრდის მაჩვენებელი 3.8%-ის ფარგლებშია, რომელიც 2019 წლამდე გვქონდა, თუმცა მას შემდეგ, მოგეხსენებათ, მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა. ახლანდელ შედეგზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის შედარებით კონსერვატიულია, თუმცა რეცესიისგან ნამდვილად ძალიან შორს ვართ. რაც შეეხება ამ პოზიტიური მოცემულობის გამომწვევ მიზეზებს, პირველ რიგში, მიწოდების ჯაჭვზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც მოსალოდნელზე გაცილებით უფრო სწრაფად აღდგა. მეორე ფუნდამენტური საკითხი სამუშაო ძალას უკავშირდება, რომლის ეფექტიანობა და ჩართულობა წინა წლებთან შედარებით გაზრდილია. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია მოთხოვნის მხარე, რომელიც განსაკუთრებით ძლიერი ამერიკის შეერთებულ შტატებშია".


მინდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე ვკონცენტრირდეთ, განსაკუთრებით ამერიკის, ჩინეთისა და ევროკავშირის კონტექსტში. IMF-ის პროგნოზით, ამერიკისა და ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 2025 წლისთვის შემცირდება, თუმცა ევროზონის - გაიზრდება. რა იწვევს ამ მოცემულობას?

"ამერიკის შემთხვევაში საქმე გვაქვს არანორმალურად გაზრდილ ადგილობრივ მოთხოვნასთან, რაც ეკონომიკის გადახურების რისკებს აჩენს და ამიტომ მოლოდინი გვაქვს, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის პირობებში, ეკონომიკური მდგომარეობა ეტაპობრივად შეიზღუდება და საქმე გვექნება შენელებასთან. ჩვენი პროგნოზით, 2025 წლისთვის აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1.9%-მდე შემცირდება, რასაც სწორედ ეს მოცემულობა განაპირობებს.
ჩინეთის შემთხვევაში, მოლოდინი გვაქვს, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი 4.6%-მდე შემცირდება. ამ ქვეყანასთან მიმართებით მთავარი რისკები კრიზისის წინაშე მყოფ უძრავი ქონების სექტორს უკავშირდება, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს მომხმარებლის ქცევაზე.

ევროკავშირთან მიმართებით ვითარება არსებითად განსხვავებულია და ვხედავთ პირიქით მოცემულობას. მოგეხსენებათ, 2022 წელს რეგიონი ენერგეტიკული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, ახლა კი ამ მდგომარეობიდან გამოსვლის ტენდენციას ვხედავთ. მიუხედავად ყველაფრისა, ევროზონის მასშტაბით მონეტარული პოლიტიკა ისევ საკმაოდ მკაცრია, თუმცა გვაქვს მოლოდინი, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ევროპის მასშტაბით ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას გამოიწვევს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოქალაქეები გაზრდილი შემოსავლების მიღებას შეძლებენ, ეს კი ადგილობრივი მოთხოვნის ზრდას გამოიწვევს".

აუცილებლად უნდა შევეხოთ მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე კონფლიქტების საკითხს. როგორი მოლოდინები აქვს IMF-ს ამ მიმართულებით?

"რუსეთ-უკრაინის ომი და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტი, რა თქმა უნდა, IMF-ის გამოთვლით მოდელში უკვე გათვალისწინებულია, თუმცა, ცხადია, კონფლიქტის დამატებითი ესკალაცია არასოდეს არ არის გამორიცხული და ჩვენ ამ სცენარისთვისაც ვემზადებით. თუკი გეოპოლიტიკური ვითარება უფრო მეტად დაიძაბება და მიწოდების ჯაჭვები პარალიზდება, მაშინ არ გამოვრიცხავთ, რომ ამ ყველაფერმა სურსათის, საქონლისა და ენერგორესურსების გაძვირება გამოიწვიოს. თავის მხრივ, ეს ყველაფერი გლობალური ინფლაციის დაჩქარებამდე მიგვიყვანს, რაც ცენტრალურ ბანკებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისკენ უბიძგებს. თავის მხრივ, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვას და, საბოლოო ჯამში, მშპ-ის ზრდის ტემპის შემცირებას გამოიწვევს.

აი, მაგალითად, ჩვენი გამოთვლებით, ნავთობის 15%-იანი გაძვირება გლობალური ინფლაციის დონის 0.7%-იან ზრდას გამოიწვევს, რაც, თავის მხრივ, შემცირებულ ეკონომიკურ აქტივობასთან იქნება დაკავშირებული".

როგორ შეფასებით რუსეთის ეკონომიკურ მდგომარეობას? რამდენადაც ვხედავთ, მისი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას მოელით. თქვენი შეფასებით, იქნება თუ არა ეს საკმარისი ომის გასაჩერებლად?

"ჩვენი პროგნოზით, რუსეთს იმაზე უკეთესი ეკონომიკური ზრდის ტემპი ექნება მიმდინარე წელს, ვიდრე ამას ადრე ვპროგნოზირებდით, სწორედ ამიტომ ჩვენი მოლოდინი 2.6%-დან 3.2%-მდე გავზარდეთ. ამ ცვლილებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის უმთავრესი კი რუსეთიდან ნავთობის ექსპორტის ზრდაა. როგორც ხედავთ, ნავთობის ფასი საკმაოდ მაღალია, რაც რუსეთის ეკონომიკას სტაბილური შემოსავლის მიღების საშუალებას აძლევს. მეორე ფაქტორი ინვესტიციებს უკავშირდება, რომელიც ინდუსტრიული კომპლექსის და სამხედრო წარმოების მიმართულებით ხორციელდება. ცხადია, ეს არ არის უცხოური ინვესტიციები, თუმცა სახელმწიფოსა და ადგილობრივი ინვესტორების მხრიდან ნამდვილად ვხედავთ აქტივობის ზრდას. მესამე ფაქტორი ადგილობრივ მოთხოვნას უკავშირდება, რომელიც მზარდია და თან უმუშევრობის დონე საკმაოდ დაბალია, სწორედ ამიტომ ეკონომიკური აქტივობა საკმაოდ მაღალია.

IMF-ის შეფასებით, ამჟამად რუსეთის ეკონომიკა გადახურების ფაზაშია და დროსთან ერთად ეს ეფექტი მიილევა, რის გამოც მისი ზრდის ტემპი შემცირდება. ასევე ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენი პროგნოზები დამყარებულია იმ დაშვებაზე, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში ისევ დარჩება, თუკი ეს მოცემულობა შეიცვლება, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ვითარება არსებითად შეიცვლება".