მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორი პოტენციალი აქვს საქართველოს სოფლის მეურნეობაში?

მიწა სოფლის მეურნეობა

დღეს სოფლის მეურნეობის სექტორზე ვისაუბრებთ, უფრო კონკრეტულად, საქართველოში არსებულ პოტენციალსა და გამოწვევებზე. დავიწყოთ იმით, რომ სოფლის მეურნეობის სექტორში 229 ათასი მოქალაქეა დასაქმებული, რაც ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობის 18%-ია. სექტორზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 7% მოდის, რაც მას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ დარგად აქცევს.

ზომასთან ერთად, სოფლის მეურნეობის სექტორს ასაკი და გამოცდილებაც გამოარჩევს, მოგეხსენებათ, აგრარულ საქმიანობას კაცობრიობის ისტორიაში საკვანძო როლი უჭირავს და გამონაკლისი არც საქართველოა. მიუხედავად იმისა, რომ აგრობიზნესი ერთ-ერთ ყველაზე ტრადიციულ სამეწარმეო საქმიანობად შეიძლება ჩაითვალოს, მაინც უნდა აღინიშნოს, რომ XXI საუკუნეში ეს სექტორი განსაკუთრებით სწრაფ ტექნოლოგიურ პროგრესს განიცდის, რომელიც საქართველოში არასახარბიელო ტემპით მიმდინარეობს.

სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიების არასათანადო ინტეგრაცია და ინოვაციური მეთოდების უგულებელყოფაა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელზეც ექსპერტები ყველაზე ხშირად საუბრობენ.

გარდა იმისა, რომ ქართველ ფერმერთა დიდი ნაწილი ჯერაც არქაული მეთოდებით ხელმძღვანელობს, სოფლის მეურნეობის სექტორს კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა აქვს და ეს ეფექტიანობის დაბალ დონეს უკავშირდება. საქმე ისაა, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორი საოჯახო მეურნეობებითა და მცირე ზომის საწარმოებით ხასიათდება, რაც დაბალ მოსავლიანობაზე აისახება. ამას კი ის ფაქტი განაპირობებს, რომ კომერციული ბიზნესი თითქმის ორჯერ უფრო ეფექტიანია, ვიდრე უბრალო საოჯახო მეურნეობა.

კიდევ ერთი პრობლემა განათლებას უკავშირდება. როგორც წესი, ქართველ ფერმერებს შედარებით უფრო ნაკლები ცოდნა აქვთ, ვიდრე მათ უცხოელ კოლეგებს, რაც მათი საქმიანობის ეფექტიანობაზე ნეგატიურად აისახება.

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს კრიზისების არასათანადო მენეჯმენტი. სტიქიური მოვლენებით დაწყებული, დაავადებით და მწერების გავრცელებით დამთავრებული, ადგილობრივი მეწარმეები შესაძლო რისკებისთვის, უმეტესწილად, სათანადოდ მომზადებულნი არ არიან.

წლების განმავლობაში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება აგრეთვე საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის აუცილებლობა და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება. აღნიშნულის გადასაჭრელად, მთელ რიგ საკითხებთან ერთად აუცილებელია პროდუქტის სტაბილურად მაღალი ხარისხის შენარჩუნება, რათა ის დასავლური ბაზრებისთვის საინტერესო გახდეს.

ცხადია, ამ სექტორში მხოლოდ პრობლემები არ იკვეთება. ექსპერტების შეფასებით, სოფლის მეურნეობის სექტორს ზრდის და განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, რაც საქართველოს ბუნებრივი გარემო-პირობებითაა განპირობებული.

ზემოხსენებული პრობლემების გადაჭრის ეფექტიან გზად ექსპერტებს კორპორატიზაციის დონის ზრდა ესახებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის სექტორში უნდა გაიზარდოს შედარებით მსხვილი კომპანიების წილი.

თავად ეს მოვლენა ხელს შეუწყობს ინდუსტრიაში დასაქმებული პირების კვალიფიკაციის ამაღლებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, მოსავლიანობის გაზრდას, მასშტაბური პროექტების განხორციელებას და ისეთი პრობლემების აღმოფხვრას, რაც შინამეურნეობის შემთხვევაში უბრალოდ შეუძლებელია.

მაგალითად, მაღალტექნოლოგიური ინტენსიური ბაღების გასაშენებლად მრავალმილიონიანი ინვესტიციაა საჭირო, რისი საშუალებაც ერთ ოჯახს ნაკლებად აქვს, თუმცა კომპანიას, რომელსაც რამდენიმე თანადამფუძნებელი და ინვესტორი ეყოლება, საკმაოდ მარტივად შეეძლება ბანკისგან დახმარების მიღება და ასეთი ამბიციური პროექტის განხორციელება.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ანალიტიკოსები მიუთითებენ, საექსპორტო პოტენციალს უკავშირდება. მათი შეფასებით, ადგილობრივმა ფერმერებმა აქტიურად უნდა იმუშაონ ბაზრების დივერსიფიცირებაზე და საკუთარი პროდუქციის მაღალშემოსავლიან ქვეყნებში გატანაზე, განსაკუთრებული აქცენტი კი ევროკავშირის რეგიონზე უნდა გაკეთდეს, სადაც ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია, ფასები კი - მაღალი.

რაც შეეხება უშუალოდ სექტორის მოცულობას, წლიური ბრუნვა საშუალოდ 900 მილიონ ლარს შეადგენს, ბაზარზე არსებული 2 700 კომპანიიდან მხოლოდ 7 არის მსხვილი და 32 საშუალო ზომის, რაც სექტორის გამსხვილების პოტენციალზე მიუთითებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქციის წმინდა იმპორტიორია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში იმდენი პროდუქციაც კი ვერ იწარმოება, რაც ადგილობრივი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი იქნება. ეს მოცემულობა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ სექტორში ქვეყნის მოსახლეობის ლამის 18% მოღვაწეობს, სასიხარულო ნამდვილად არ არის და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმის საჭიროებაზე, რომ უფრო ეფექტიანები და საქმის პროფესიონალები უნდა გავხდეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები