მეზობელ თურქეთში რთული ეკონომიკური მდგომარეობა ისევ გრძელდება. მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, ქვეყანა კვლავ აწყდება მაღალ ინფლაციას, ეროვნული ვალუტის გაუფასურებას და სხვა მაკროეკონომიკურ გამოწვევებს.
მშპ-ის ზრდა
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2024 წელს თურქეთის ეკონომიკა 3%-ით გაიზრდება. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-ი კი 2.9%-იან ზრდას პროგნოზირებს. საერთო ჯამში, მოსალოდნელი ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება მთავრობის მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს, რომელიც მინიმუმ 4%-ს შეადგენს და 2026 წლისთვის 5%-ს აღწევს. საერთო ჯამში, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 1 ტრილიონ 344 მილიარდ დოლარს შეადგენს და ამ მაჩვენებლით ის გლობალურ რეიტინგში მე-17 ადგილს იკავებს.
ინფლაცია
თურქეთში მთავარი პრობლემა ინფლაციაა, რომელიც, ოფიციალური მონაცემებით, 47%-ის ფარგლებშია. ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის განცხადებით, 2024 წლის ბოლოსთვის ინფლაციამ, შესაძლოა, 36%-ს მიაღწიოს, თუმცა ეს მაინც ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელი იქნება მსოფლიოში.
რეფინანსირების განაკვეთი
ინფლაციის კონტროლის მიზნით, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 50%-მდე გაზარდა. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ფასების სტაბილიზაციას, თუმცა მაღალი განაკვეთი სესხების მიღებას ართულებს, კაპიტალს აძვირებს და ეკონომიკურ აქტივობას აფერხებს. უჩვეულოდ მაღალ ინფლაციასთან ერთად, თურქეთს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მონეტარული პოლიტიკაც გამოარჩევს.
უმუშევრობის დონე
თურქეთში უმუშევრობის დონე 9%-ს აღწევს, რაც წინა თვესთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია. თავად ეს მაჩვენებელი შრომის ბაზარზე არსებული სტრუქტურული პრობლემების არსებობაზე მიუთითებს, თანაც გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მთავრობის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება უმუშევრობის შემცირება და ქვეყანაში სამუშაო ადგილების გაზრდა იყო.
ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი
უკვე დიდი ხანია, რაც თურქული ლირა რეკორდულად უფასურდება. ამჟამად ერთი ამერიკული დოლარის გაცვლითი კურსი 35 ლირას აღწევს, რაც ახალი ანტირეკორდია. ბუნებრივია, ვალუტის გაუფასურება იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდას იწვევს და ინფლაციას აძლიერებს. თურქული ვალუტის მიმართ ინვესტორებს ნდობა დაკარგული აქვთ, ამიტომ ის თითქმის ყოველდღიურად უფასურდება.
სიღარიბის დონე
როგორც წესი, მაღალი ინფლაცია და უმუშევრობის ზრდა სიღარიბის დონის მატებას იწვევს. ამჟამინდელი მონაცემებით, ქვეყანაში სიღარიბის ზღვარზე მოსახლეობის 14.5% იმყოფება, რაც ასევე არასახარბიელო შედეგია.