მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია ახალი iPhone 15? - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

iPhone 15 Pro და Pro Max

12 სექტემბერს, თბილისის დროით გვიან ღამით, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის მენეჯერებმა ახალი თაობის სმარტფონები, ჭკვიანი საათები და პროგრამული განახლებები წარმოადგინეს. Apple-ის სექტემბრის პრეზენტაცია, როგორც წესი, ტექნოლოგიური ინდუსტრიის წლის მთავარ ღონისძიებად ითვლება, რადგან ახალი თაობის სმარტფონებს კომპანია სწორედ ამ დროს წარადგენს.

iPhone-მა, ანუ სმარტფონმა, რომელიც სტივ ჯობსმა ჯერ კიდევ 2007 წელს წარადგინა, შეცვალა არამხოლოდ Apple-ის, არამედ კაცობრიობის ბედიც. გარდა იმისა, რომ iPhone-მა თავდაყირა დააყენა მობილური ტელეფონის ცნება, მან სიმარტივე შემოიტანა იმ სფეროში, სადაც იმ წლებში, ყველაფერი ძალიან რთულად იყო. შედარებისთვის გეტყვით, რომ იმ დროს, მობილური ტელეფონების ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი BlackBerry-ი იყო, რომელიც, რეალურად, სიმარტივის ანტონიმი იყო.

iPhone-ის რევოლუციურობა აისახება კომპანიის შემოსავლებზეც - გასულ წელს, მაგალითად, iPhone-ების გაყიდვით Apple-მა $205 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც კომპანიის ჯამური შემოსავლის 52%-ია. მარტივი შედარებისთვის გეტყვით, რომ ეს რიცხვი 7-ჯერ აღემატება საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტს. ამ მონაცემების ფონზე, წელს, ტექნოლოგიური ენთუზიასტები Apple-ისგან ბევრ სიახლეს ველოდებოდით, მაგრამ ეს პროგნოზი მხოლოდ ნაწილობრივად გამართლდა. იმედგაცრუება, პირველ რიგში, პრემიუმ-სეგმენტის iPhone-ებს უკავშირდება, კონკრეტულად კი Pro და Pro Max მოდელებს, რომელთა მიმართ მეტის მოლოდინი არსებობდა.

როგორც ჩანს, იმედგაცრუებულნი დარჩნენ Apple-ის აქციონერებიც, რადგან პრეზენტაციის დაწყების შემდეგ, კომპანიის აქციის ფასმა მკვეთრი კლება დაიწყო. პრეზენტაციის დაწყებიდან ხუთ საათში, ფასი 1.6%-ით შემცირდა, მაგრამ კლება, რეალურად, ვაჭრობის გახსნისთანავე დაფიქსირდა. ამ ეტაპზე, ბირჟა დახურულია და ბოლო ფასი, რომელიც დაფიქსირდა, ერთ აქციაზე $176.3 იყო, რაც ერთ დღეში თითქმის 2%-იანი კლებაა.

iPhone 15 - საუკეთესო სმარტფონი ჩვეულებრივი მომხარებლისთვის

ასეთია ფინანსები, ახლა კი უშუალოდ ახალ პროდუქტებზე გადავიდეთ. დავიწყოთ iPhone 15-ით, რომელსაც გუშინდელი პრეზენტაციის დროს ყველაზე დიდი ყურადღება დაეთმო. პირველი ცვლილება, რომელიც აბსოლუტურად ყველა iPhone-ს ეხება ახალი პორტის, USB-C-პორტის დამატებაა, რაც ააჩქარებს, არამხოლოდ მონაცემების გადაცემის სიჩქარეს, არამედ დამუხტვის ტემპსაც. რეალურად, USB-C-ტიპის პორტი 10-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე Lightning-ი, რომელსაც წინა თაობის iPhone-ებში ვხვდებით. Apple-ის ამ გადაწყვეტილებას ევროპელ კანონმდებლებს უნდა ვუმადლობდეთ, რომელთაც, Apple-ი პირდაპირი გაგებით, აიძულეს, ახალ მოწყობილობებში გლობალურ სტანდარტად ქცეული USB-C-ტიპის პორტი დაემონტაჟებინა.

კიდევ ერთი ცვლილება ისაა, რომ ამიერიდან, დინამიკური კუნძული, რომელიც შარშან, მხოლოდ Pro-სერიის მოდელებში იყო ხელმისაწვდომი, ამიერიდან iPhone-ის ყველა მოდელში იქნება. თავად კუნძულიც უფრო დინამიკური და ფუნქციური გახდა, რაც დროსთან ერთად, ისე დაიხვეწება, რომ სავარაუდოდ, სალაპარაკო თემაც აღარ იქნება. რეალურად, ეს ერთ-ერთ ის ინოვაციია, რომელიც, შესაძლოა არაფრად მიგვაჩნდეს, მაგრამ ის ძალიან ამარტივებს ყოველდღიურ ცხოვრებას, რაც Apple-ის, როგორც კომპანიის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია.

დინამიკურ კუნძულთან ერთად, დაიხვეწა iPhone-ის საბაზისო მოდელის ეკრანიც. კი, დისპლეი კვლავაც OLED Super Retina XDR-ია, მაგრამ გაორმაგდა მაქსიმალური სიკაშკაშე, რომელიც 2000 ნიტამდე გაიზარდა. ამასთან, გაიზარდა უშუალოდ დისპლეის ზომა, რაც Apple-მა გვერდების კიდევ უფრო შეთხელებით მოახერხა. ეკრანს, ასევე, ზემოდან, გადაკრული აქვს კერამიკული ფირი, რაც ისედაც გამძლე ეკრანს კიდევ უფრო იცავს.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განახლებას, რეალურად, კამერაში უნდა ვეძებოთ. მთავარი სენსორი, რომელიც წინა თაობის iPhone-ში 12-მეგაპიქსელიანი იყო, 48-მეგაპიქსელიანით ჩანაცვლდა. სიახლეები არის “პორტრეტის რეჟიმთან” დაკავშირებითაც, მაგრამ ეს ცვლილება პროგრამულ უზრუნველყოფას უფრო უკავშირდება, ვიდრე აპარატულს.

ორიოდ სიტყვა ვთქვათ ზომებზეც. ახალი iPhone-ი, ისევე, როგორც წინა წელს, წარმოდგენილი იქნება ორ მოდელში, ესენია 6.1-ინჩიანი ჩვეულებრივი iPhone 15 და 6.7-ინჩიანი iPhone 15 Plus-ი. აქვე, რადგანაც Plus-ი ვახსენეთ, ვთქვათ, რომ სუბიექტური შეფასებით, საშუალო სტატისტიკური მომხმარებლისთვის iPhone 15 Plus-ი იდეალური სმარტფონად შეიძლება მივიჩნიოთ. მას აქვს ყველაფერი, რაც აქვს ახალ iPhone 15-ს, მაგრამ ამასთან, ის დიდიც არის, რაც დამატებითი კომფორტია.

iPhone-ის საბაზისო მოდელი, რეალურად, იყო ის, რამაც გუშინდელი პრეზენტაციის უდიდესი ნაწილი დაიკავა, რაც გასაგებიცაა. მარტივად რომ გითხრათ, iPhone 14-სა და iPhone 15-ს შორის სხვაობა გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე წინა და ახალი თაობის Pro და Pro Max მოდელებს შორის. თუ შარშან, მთავარი აქცენტი Apple-მა სწორედ პრემიუმ-სეგმენტის მოდელებზე გააკეთა, წელს, კომპანიამ, ფოკუსი იმ ადამიანებზე აიღო, რომელთაც ვერ გადაუწყვეტიათ, iPhone-ი იყიდონ თუ არა. ამას ამტკიცებს ისიც, რომ ახალი iPhone-ი იმდენივე ეღირება, რამდენიც შარშან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საშუალო სტატისტიკური, ანუ ჩვეულებრივი ადამიანისთვის, რომელსაც ზეთანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტების მოლოდინი არ აქვს, დღეს, iPhone 15-ზე კარგი ტელეფონი, ბაზარზე არ არის.

ამ მოსაზრებას ამყარებს iPhone 15-ის ჩიპიც, რომელიც, რეალურად, სწორედ ისაა, რომელიც შარშან, Apple-მა Pro და Pro Max-ში წარმოადგინა. საუბარია A16 ბიონიკურ ჩიპზე, რომელიც საკმაოდ მძლავრია. არ არსებობს დავალება, რომელსაც ეს ჩიპი ჩვეულებრივ მომხმარებელს ვერ შეუსრულებს.

ცვლილებები არის დიზაინის კუთხითაც - განახლდა ფერები და ტელეფონის ზოგადი შესახედაობა. ფასებს რაც შეეხება, ისინი უცვლელია - iPhone 15-ის შემთხვევაში საწყისი ფასი $799-ია, Plus-ის შემთხვევაში კი, ის $899-ს უდრის.

iPhone 15 Pro და iPhone 15 Pro Max - ნაწილობრივ გამართლებული იმედი

წელს, ტექნოლოგიური კომუნა Apple-ისგან პარადიგმულად ახალი სერიის სმარტფონის - iPhone 15 Ultra-ს წარდგენას ელოდა, რაც არ მომხდარა. თუმცა მოხდა ბევრი რამ, რაც არაოფიციალურად ისედაც ვიცოდით: პრემიუმ-სეგმენტის ახალი თაობის iPhone-ებს პრემიული მეტალის - ტიტანის ჩარჩო ექნებათ. ამასთან, განახლდა და ძალიან დაიხვეწა დიზაინი, რომელიც, ამიერიდან, ოთხ ფერში არის ხელმისაწვდომი, ხოლო ტელეფონი, ტიტანის წყალობით, უფრო მსუბუქი გახდა. ნაერთი, რომელიც ახალ iPhone-ში არის გამოყენებული, ტიტან-5-ტიპის ნაერთია, რომელსაც NASA მარსის როვერებში იყენებს - ეს ისე, ცნობისთვის.

თუმცა, მთავარი სიახლე მაინც ჩიპია. ამიერიდან, პრემიუმ-სეგმენტის ახალი თაობის iPhone-ებში სამ-ნანომეტრიანი A17 Pro ჩიპი იქნება მოთავსებული, რომელიც, ამ დროისთვის, ყველაზე მძლავრი მობილური ჩიპია, რომელიც Apple-ს ოდესმე შეუქმნია. ახალ პროცესორს 10%-ით გაუმჯობესებული 6-ბირთვიანი CPU და 20%-ით უფრო მძლავრი 6-ბირთვიანი GPU აქვს. ამასთან, ეს ჩიპი 19 მილიარდ ტრანზისტორს იტევს, რაც სამი მილიარდით მეტია, ვიდრე A16-ის შემთხვევაში. საერთო ჯამში, iPhone 15 Pro-სერიის ახალი ჩიპი ძალიან მძლავრია, მაგრამ მთავარი მაინც მისი სახელია. თუ ეს ჩიპი Pro-ს სახელით გამოდის, სამომავლოდ, აუცილებლად გამოვა Max-ი და Ultra, როგორც ეს კომპიუტერებში მოხდა და სავარაუდოდ, iPhone Ultra-საც Apple-ი სწორედ მაშინ გამოუშვებს.

ის, რაც წლევანდელ პრეზენტაციაზე აშკარა სიახლე იყო - Apple-ის მიერ ვიდეოთამაშების ინდუსტრიით დაინტერესებაა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი ჩიპით, რომელიც არქიტექტურულად, კომპიუტერული გრაფიკის მაღალი ხარისხითა და გარჩევადობით რენდერისთვისაა შექმნილი, ამერიკულმა გიგანტმა განაცხადი გააკეთა იმ ნიშზე, რომელიც, ამ დრომდე, ათვისებული არ ჰქონდა. ეს ნიში - სატელეფონო ვიდეოთამაშების ინდუსტრიაა, რომელიც ტექნოლოგიური ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია. ვნახოთ, შეძლებს თუ არა Apple-ი იმ მომხმარებლების გადმობირებას, რომლებიც, ტრადიციულად, Apple-ის პროდუქტების მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილნი.

iPhone 15 Pro-ს საწყისი ფასი $999-ია, ხოლო iPhone 15 Pro Max-ის შეძენას $1199 დოლარიდან შეძლებთ. 

Apple Watch Series 9, Apple Watch Ultra და ყურსასმენები - ჩუმი ინოვაცია

ჭკვიან საათების მიმართულებით ორი სიახლე გვაქვს - მე-9 სერიის Apple Watch-ი და მე-2 თაობის Apple Watch Ultra. პირველის შემთხვევაში განახლდა ჩიპი, დისპლეი, პროგრამული დეტალები და დიზაინი. მე-9 სერიის Apple Watch-ში ორბირთვიან S9-ჩიპს ვხვდებით, რომელშიც 5.6 მილიარდი ტრანზისტორია მოთავსებული, რაც 60%-ით მეტია, ვიდრე წინა თაობის ჩიპში. ამასთან, პროცესორში მოთავსებულია ოთხბირთვიანი ნეირონული ძრავაც, რომლითაც დავალებების შესრულება მანქანური დასწავლის, ანუ ხელოვნური ინტელექტის ჩართულობით შესრულება ორჯერ დაჩქარდა. ამიერიდან, ამ საათს ბევრი საინტერესო ფერიც დაემატა, მათ შორის ვარდისფერი და ოქროსფერი.

ინოვაციები არის Apple Watch Ultra-ს მიმართულებითაც, მაგრამ ამ შემთხვევაში, მთავარ ცვლილებებს მოწყობილობის შიგნით უნდა ვეძებოთ, რადგან საათის დიზაინი, რეალურად, იდენტურია. Apple-ის პრემიუმ-სეგმენტის ჭკვიანი საათი აღჭურვილია ახალი, S9 SiP ჩიპით და Always-On Retina დისპლეით, რომლის მაქსიმალური სიკაშკაშა 3000 ნიტს უდრის, ანუ ეს დისპლეი ყველაზე კაშკაშაა, რომელიც ამერიკულ გიგანტს საათებში ოდესმე გამოუყენებია. ერთი, რაც დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ ისაა, რომ Apple Watch Ultra-ს მარკეტინგში, კომპანია კვლავაც გამძლეობას და მის უნივერსალურობას უსვამს ხაზს და ამ მხრივ, სიახლეებსაც ამატებს.

ალუმინის ბუდის მქონე მე-9 სერიის Apple Watch-ის საწყისი ფასი $399-ია, უჟანგავი ფოლადის საათის მინიმალური ფასი კი - $699-ია. Apple Watch Ultra 2-ს შეძენას $1199 დოლარიდან შეძლებთ. 

ყურსასმენების კუთხით, რადიკალური ცვლილება არ არის და საქმე, მხოლოდ პროგრამულ განახლებებთან გვაქვს, თუ, ცხადია, მე-2 თაობის AirPods Pro-ს ბუდეში USB-C-ის დამატებას არ აღვნიშნავთ. 

Apple-ის ახალი მოწყობილობები საქართველოში სექტემბრის მიწურულს ან ოქტომბრის დასაწყისში გამოჩნდება. 

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები