მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია დონალდ ტრამპის $499-იანი ოქროს სმარტფონი?

T1

აშშ-ის პრეზიდენტმა, რომელიც არატრადიციული გადაწყვეტილებებითაა გამორჩეული, მორიგი საინტერესო ნაბიჯი გადადგა და საკუთარი სმარტფონის წარმოება დაიწყო. T1 — ასე ეწოდება $499-ით შეფასებულ Android-ით აღჭურვილ ოქროსფერ სმარტფონს, რომელიც, ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში იქნება წარმოებული.

ტელეფონის საყიდლად მომხმარებელმა $100-იანი დეპოზიტი უნდა გადაიხადოს. თავად სმარტფონის ტექნიკური მონაცემები კი, შემდეგნაირად გამოიყურება:

დისპლეი: 6.8-ინჩიანი Punch-Hole AMOLED
შიდა მეხსიერება: 256 GB
კამერა: ძირითადი — 50 MP, წინა — 16 MP
ბატარეა: 5000 mAh-იანი; 20W-იანი სწრაფი დამუხტვა
OS: Android 15

როგორც ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, T1 ამერიკაში იქნება წარმოებული, რაც საკმაოდ თამამი და ამბიციური განცხადებაა, რომელმაც ტექნოლოგიურ ენთუზიასტებში არაერთი კითხვა გააჩინა. საქმე ისაა, რომ სმარტფონები აშშ-ში არ იწარმოება, რადგან ეს სფერო სრულად აუთსორზე არის გატანილი ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი და ვიეტნამი. სათადარიგო ნაწილებით დაწყებული, სამუშაო ძალით დამთავრებული ფაქტობრივად სრულად ამ ქვეყნებში ვხვდებით.

ამგვარად, ტრამპის ტელეფონი, სავარაუდოდ, თითქმის სრულად საზღვარგარეთ, სავარაუდოდ ჩინეთში იქნება წარმოებული, მაგრამ აშშ-ში დასრულდება, რაც კომპანიას მისცემს უფლებას, პროდუქტს Made in USA დააწეროს. ამერიკული CNBC-ის ინფორმაციით, ტრამპის ტელეფონს, სავარაუდოდ, რომელიმე ჩინური კომპანია ააწყობს, რომელსაც დამკვეთი ნახაზებს გაუგზავნის. სხვა მხრივ, აშშ-ში ბევრი ტელეფონის აწყობა ფაქტობრივად ტექნიკურად შეუძლებელია.

ტელეფონთან ერთად, ტრამპის კომპანიამ მობილური ვირტუალური ოპერატორი წარმოადგინა, სახელწოდებით Trump Mobile, რომელიც მომხმარებლებს ამ ეტაპზე ერთადერთ პაკეტს სთავაზობს, რომლის ფასი თვეში $47.45-ის ტოლია. თავად რიცხვები ტყუილად არ არის შერჩეული, რადგან დონალდ ტრამპი აშშ-ის რიგით 45-ე და 47-ე პრეზიდენტია და აღნიშნული სიმბოლიზმი მას დადასტურებულად ძალიან მოსწონს.

როგორც Trump Mobile-ის ვებგვერდზე ვკითხულობთ, ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც სხვა დროს, დონალდ ტრამპი და მისი ოჯახი თავს იზღვევენ და ამბობენ, რომ Trump Mobile-ი, ისევე, როგორც მისი პროდუქტები და სერვისები არ არის შექმნილი, წარმოებული ან გაყიდული The Trump Organization-ის მიერ. ასეთივე შინაარსის მესიჯი ეწერა დონალდ ტრამპის იმ ვებგვერდზე, სადაც პრეზიდენტის ბრენდინგის მქონე ძვირად ღირებული მაჯის საათები იყიდებოდა.

ამგვარად, დონალდ ტრამპს და მის ოჯახს პრეზიდენტის ცნობადობით კაპიტალიზაცია სურს. ამ მიზნით, ამ დრომდე, დონალდ ტრამპმა საკუთარი კრიპტოვალუტა ($TRUMP) და სტეიბლკოინი (USD1) გამოუშვა, მაგრამ მოგვიანებით, ბაზარზე ასევე გამოჩნდა პრეზიდენტის ბრენდინგის მქონე მაჯის საათები, ბოტასები და, რაც ყველაზე უცნაური და საინტერესოა, ბიბლიებიც კი. ყველა ამ პროდუქტს სხვადასხვა კომპანია აწარმოებს, რომლებიც ტრამპის ოჯახისგან ბრენდის გამოყენების ლიცენზიას ყიდულობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები