ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის თავმჯდომარე ნანა ამისულაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ გადახდისუუნარობის რეფორმაზე ისაუბრა. მისი თქმით, რომ არა დონორების დაფინანსება, ასეთ კარგ მექანიზმს ვერ მივიღებდით.
საქმე ის არის, რომ უკვე 3 წელზე მეტია, რაც საქართველოში გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ახალი პროცედურებით მიმდინარეობს. კერძოდ, 2021 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდა ახალი კანონი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“, რომელმაც ძველი კანონი ჩაანაცვლა. ახალი ნორმატიული დოკუმენტი ორიენტირებულია რეაბილიტაციის გზით საწარმოს არსებობის შენარჩუნებაზე, რასაც აბსოლუტური უპირატესობა ენიჭება გაკოტრების რეჟიმთან შედარებით. კანონით განისაზღვრა და შემჭიდროვდა ის ვადებიც, რა ვადაშიც უნდა მოხდეს რეაბილიტაციის გეგმის და პროცედურების წარმოება. როგორც ცნობილია ახალი კანონმდებლობის ფარგლებში რამდენიმე კომპანია გაკოტრების ნაცვლად რეაბილიტაციის რეჟიმში გადავიდა.
ნანა ამისულაშვილის განმარტებით, ეს რეფორმა, არა მარტო ბიზნესისთვის, არამედ საზოგადოებისა და ხელისუფლებისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ბიზნესის კეთილდღეობა საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება.
„ორ მაგალითს გეტყვით, რაც შეიძლება საინტერესო იყოს, როგორც კრედიტორის მხრიდან ისე მოვალის ანუ ბიზნესის პერსპექტივიდან. შარშან ბათუმში არსებული სამშენებლო კომპანიის მიმართ გავხსენით გადახდისუნარიანობის წარმოება, რეაბილიტაციის რეჟიმი, რაც იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სამშენებლო პროექტები სპეციფიკურია და თუ ფინანსურ კრიზისში ვარდება მშენებელი და კრედიტორებთან მოლაპარაკებაზე არ მოდის, კრედიტორებს ანუ ბინათმენაშენეებს სამართლებრივად ერთი მექანიზმი აქვთ: სასამართლოში უჩივლონ, მაგრამ მოთხოვნა შეიძლება იყოს თანხის დაბრუნება, ვერ დაავალდებულებ რომ მაინც აუშენოს.
ასეთ შემთხვევაში რეაბილიტაცია იდეალური გამოსავალია, რადგან კრედიტორები ერთობლივად იღებენ პროექტზე კონტროლს, მათ შეუძლიათ ახალი ინვესტორი მოიწვიონ, თვითონ დააფინანსონ, განავითარონ და თავიანთ მიზანს მიაღწიონ თავიანთი ძალებით. შედეგები ყოველთვის უკეთესია, ვიდრე, როცა ამას არ მიმართავ. ყოველთვის ჯობია რაც მალე დაიწყებ ზრუნვას პრობლემების მოგვარებაზე, ვიდრე უფრო გაუარესდეს სიტუაცია.
2016 წლიდან, რომ არ ყოფილიყო ასეთი ძლიერი მხარდაჭერა, ასეთ მაგარ მექანიზმს ვერ მივიღებდით. ძველი კანონი ასე მოქნილად და მოკლე ვადაში ვერ უზრუნველყოფდა შედეგების დადებას.
აქ იყო „ჯიაიზეტის“ და „იუესაიდის“ დაფინანსება და მიზანი იყო, ეკონომიკისთვის სასარგებლო სისტემა შეგვექმნა, ანუ გადახდისუუნარობის რეფორმა, რომელიც ჯანსაღი ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია. ეს სისტემა ეკონომიკის გამაჯანსაღებელ ფუნქციას ასრულებს, - განაცხადა მან.